კადაფი კადაფის წინააღმდეგ

40 წელზე მეტია, მუამარ კადაფი ლიბიის ხელისუფლების სათავეში დგას. ამ ხნის განმავლობაში „ბებერი პატრიარქი” მეზობელ ქვეყნებთან ომებს, შეკვეთილი მკვლელობის მცდელობებსა და მრავალწლიან  საერთაშორისო სანქციებს გადაურჩა. კადაფი საერთაშორისო ტერორიზმის მთავარი დამფინანსებელიც იყო და საიდუმლო ბირთვულ პროგრამასაც აწარმოებდა. მაგრამ, იგივე ლიბანი იყო პირველი, რომელმაც ოსამა ბინ ლადენზე დაპატიმრების საერთაშორისო სანქცია გასცა, ხოლო ერაყში ამერიკელების შეჭრის შემდეგ, ბირთვული პროგრამა სამაგალითოდ შეწყვიტა. ამ ფონზე, ქვეყნის ლიდერმა აშკარა დიპლომატიურ წარმატებებს მიაღწია. ეპოქა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი კადაფს „გიჟ ძაღლს” (Mad Dog) უწოდებდა, დასრულდა. ახლა ლიბიას სულ უფრო ხშირად სტუმრობენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ლიდერები; რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც იმყოფებოდა. თებერვლის პირველ რიცხვებში Wikileaks-ის მიერ გავრცელებული დიპლომატიური მიმოწერიდან კი გამოაშკარავდა, რომ დასავლელი დიპლომატები მოხუცი ლიდერის მემკვიდრეზე ღელავენ.

ლიბიის ხელისუფლების მემკვიდრეობა პირდაპირი წესით ვერ გადავა, თუნდაც იმიტომ, რომ ხნიერ კადაფს რაიმე ოფიციალური თანამდებობა არ უკავია. მუამარ კადაფი ჯამაჰირიას (არაბული ტერმინი) – ანუ სახელმწიფო მასების ლიდერია. ფორმალური კონსტიტუციის გარეშე ქვეყანაში ახალ ლიდერზე ძალაუფლების გადაცემის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

ლიბიის ლიდერის მემკვიდრეებს შორის ფავორიტებად კადაფის ორი ვაჟი – საიფ-ალ-ისლამი და მუტასიმი სახელდებიან.

საიფი წლების მანძილზე მამის სახელობის საერთაშორისო ქველმოქმედებისა და განვითარების ორგანიზაციას (GICDO) ხელმძღვანელობდა. იანვრის შუა რიცხვებში ახალგაზრდა კადაფის ჩამოქვეითება ამ ორგანიზაციის ცერემონიული საპატიო თავმჯდომარის პორტზე კადაფების ოჯახში განხეთქილების პირველი ნიშანი გახდა. ამასთან, ფონდმა, რომელიც აქცენტს ადამიანის უფლებების დაცვასა და ლიბერალური რეფორმების გატარებაზე აკეთებდა, მოულოდნელად საქმიანობის სფეროც შეიცვალა. GICDO პოლიტიკას შორდება და უფლებადაცვით საქმიანობას აღარ გააგრძელებს – ნათქვამი იყო ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებით ქვეყანაში კონსერვატორული ძალები მომძლავრდნენ. „მიუხედავად იმისა, საიფმა იძულებით დატოვა თანამდებობა თუ ნებაყოფლობით, აშკარაა, რომ მისი საქმიანობა ძველი გვარდიის – რომლის გარემოცვაშიც მამამისი იმყოფება – გადაულახავ წინააღმდეგობებს აწყდებოდა... ახლა ლიბიელებმა ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისა და პოლიტიკური რეფორმების გატარების საუკეთესო შესაძლებლობა დაკარგეს”, – კარნეგის ფონდთან ინტერვიუში ბრიუს სენტ ჯონმა – პოლიტიკურმა კომენტატორმა და ლიბიის შესახებ 7 წიგნის ავტორმა – განაცხადა.

საიფის წინააღმდეგ კამპანია ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში აგორდა. ლიბიის უსაფრთხოების ძალებმა 20 ჟურნალისტი დააკავეს. ისინი Al Ghad-ის საგამომცემლო სახლში მუშაობდნენ. ეს კომპანია საიფ კადაფის სახელს უკავშირდებოდა – გარკვეულ წრეებში საუბრობდნენ, რომ უმცროსი კადაფი ამ გამომცემლობაში წილს ფლობდა. ჟურნალისტების დაკავების მიზეზი მაშინვე ცნობილი არ გამხდარა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი გამომცემლობის მიერ ლიბიის არმიის შესახებ მომზადებული კრიტიკული სტატიის გამო დააკავეს. პუბლიკაციაში არმიის არაეფექტურობასთან ერთად ზოგიერთი სამხედრო მაღალჩინოსნის კორუმპირებულობაზეც იყო საუბარი. ეს ლიბიური სტანდარტებით გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენდა.

საიფი იძულებული გახდა საჯარო განცხადებები გაეკეთებინა და Al Ghad-ის მედიაჯგუფთან ყოველგვარი კავშირი უარეყო. ჟურნალისტების გათავისუფლება უფროსი კადაფის ბრძანების საფუძველზე მოხერხდა.

მართალია, უმცროსი კადაფი არასოდეს ყოფილა პოლიტიკურ თანამდებობაზე, მაგრამ მან ბოლო წლებში დასავლეთთან ლიბიის კავშირების გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ეს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არაერთგზის გამხდარა კომპრომისების მოწინააღმდეგე ძველი გვარდიის კრიტიკის საგანი.

საიფის მთავარ მეტოქედ მისი ძმა – მუტასიმი სახელდება. მუტასიმ კადაფი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მამის მრჩეველია. იგი დიდი გავლენით სარგებლობს ქვეყნის კონსერვატიულ წრეებში. ბოლო წლებში მუტასიმი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა მამის გვერდით სხვადასხვა დონის საერთაშორისო ვიზიტებზე, მათ შორის იტალიასა და რუსეთში. 2008 წელს მან ნავთობის სახელმწიფო კომპანიას – მისი უმცროსი ძმის ჰასიმის სამხედრო ქვედანაყოფის აღსაჭურვად, 1.2 მილიარდი დოლარი მოსთხოვა. Wikileaks-ის მიერ გავრცელებულ დიპლომატიურ მიმოწერაში დასავლელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ “ისტორიულად კარგი არაა, როცა კონკურენტ ლიბიელებს ხელი მიუწვდებათ შეიარაღებულ რაზმებზე”.

მართალია, კადაფების წარმომადგენლები დაჟინებით უარყოფენ ოჯახში არსებულ განხეთქილებას, მაგრამ მიმდინარე მოვლენები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

კომენტარები