The Times: საუდის არაბეთის მეფემ ობამა გააფრთხილა ”არ შეურაცხყოს” მუბარაქი

საუდის არაბეთი აშშ-ს დაემუქრა, რომ ეგვიპტეში ხელისუფლების სწრაფი ცვლის დაძალების შემთხვევაში, ერ-რიადი ეგვიპტის პრეზიდენტს, ჰოსნი მუბარაქს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი The Times იუწყება. ბრიტანული გაზეთის ცნობით, საუდის არაბეთის მეფე აბდულამ აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას 29 იანვარს დაურეკა და გააფრთხილა ”არ შურაცხყოს მუბარაქი.”

მეფე აბდულამ გააფრთხილა ობამა, რომ თუ აშშ ეგვიპტეს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს, საუდის არაბეთი თავად დააფინანსებს ამ ქვეყანას. ”მუბარაქი და მეფე აბდულა არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ ახლო მეგობრებიც არიან და მეფეს არ სურს მისი მეგობარი გაძევებული და შეურაცხყოფილი ნახოს,” აცნობა The Times-ს ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა საუდის არაბეთიდან.

წყაროს ინფორმაციით, ობამასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საუდის არაბეთის მეფემ ჰოსნი მუბარაქის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში მეფე აბდულამ ეგვიპტის უსაფრთხოების საკითხებში ”გამოხატვის თავისუფლების სახელით” ჩარევისთვის ”გარე ძალები” დაადანაშაულა. მისი თქმით ეს ძალები გამოხატვის თავისუფლების ცნებას ”დესტრუქციული სიძულვილის დანერგვის” მიზნით იყენებენ.

ეგვიპტეში ატნისამთავრობო საპროტესტო აქციები 25 იანვარს დაიწყო და დღემდე გრძლდება. დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია - 82 წლის პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადადგომა. ჰოსნი მუბარაქმა ოპონენტებთან დიალოგის დაწყების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა გადადგომაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის პოსტიდან მისი წასვლა ეგვიპტეში ქაოსს გამოიწვევს. Human Rights Watch-ის მონაცემებით, ეგვიპტეში საპროტესტო აქციების დროს შეტაკებებს 297 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები