ჰეზბოლა ხელისუფლებაში მოდის

ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი და 5 წლის განმავლობაში მყარი ეკონომიკური ზრდის უზრუნველმყოფელი სამთავრობო კოალიციის დაშლას, მწვავე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი მოჰყვებოდა. მით უფრო, თუ ამ კოალიციას, მეტოქე ალიანსი ჩაანაცვლებდა, რომლის წარმომადგენლებსაც ირანი და სირია ასაზრდოებს, ხოლო ამერიკელები ტერორისტებად მოიხსნიებენ. თუმცა ლიბანში ჰეზბოლას მიერ მხარდაჭერილ პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატის არჩევას სერიოზული კატაკლიზმები არ გამოუწვევია.

1943 წელს, საფრანგეთის მმართველობიდან გათავისუფლების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის ამ პატარა ქვეყნის რთულმა ეთნო-რელიგიურმა შემადგენლობამ თავისებური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, ლიბანის პრეზიდენტი ქრისტიანი მარონიტია, პრემიერ-მინისტრი – მუსლიმი სუნიტი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე – მუსლიმი შიიტი. პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილების ეს მოდელი ნახევარი საუკუნის წინ ლიბანში ჩატარებულ ერთადერთ აღწერას ეფუძნება. მისი მიხედვით, ქრისტიანები მოსახლეობის 60%-ს შეადგენდნენ. მას შემდეგ ლიბიის რელიგიური შემადგენლობა 1975-1990 წლებში ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომისა და რელიგიურ თემებს შორის დაპირისპირების შედეგად მუსლიმთა უპირატესობით შეიცვალა.

აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საად ჰარირი სუნიტი მუსლიმების სრული მხარდაჭერით სარგებლობდა. თუმცა, იანვრის შუა რიცხვებში, მისი მთავრობის დაშლის შესახებ ცნობა მაშინ გავრცელდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს მართავდა. ლიბანის მთავრობის 30 მინისტრიდან 11-მა, რომლებიც შიიტურ პარტია ჰეზბოლას, შიიტურ მოძრაობა ამალსა და ქრისტიანულ თავისუფალ პატრიოტულ მოძრაობას წარმოადგენენ, უფლებამოსილება მოიხსნეს. ლიბანის უპარტიო პრეზიდენტის მომხრე ერთ-ერთმა მინისტრმაც იგივე გააკეთა. ლიბანის კონსტიტუციით, მინისტრთა კაბინეტის წევრთა ერთ მესამედზე მეტის გადადგომა, ავტომატურად, მთავრობის დათხოვნას მოასწავებდა. ჰარირის სამთავრობო კოალიციის დაშლამ სუნიტებით დასახლებულ რეგიონებში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, თუმცა, პროტესტი მალევე ჩაცხრა.

მთავრობის დაშლის მიზეზი გაეროს მანდატით მოქმედი სამხედრო ტრიბუნალის მოსალოდნელი გადაწყვეტილება გახდა. ტრიბუნალი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირისა და ქვეყნის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მკვლელობებს იძიებს, უახლოეს მომავალში საბოლოო განაჩენს გამოიტანს. წინასწარი ინფორმაციით, 2005-2008 წლებში ლიბიაში მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში, სასამართლო სწორედ ჰეზბოლას სამხედრო ლიდერებს დაადანაშაულებს. ჰეზბოლამ საად ჰარირს, მამის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინასწარ უარყოფა მოსთხოვა. გარდა ამისა, ლიბანელი შიიტები ამერიკა-ისრაელის შეთქმულებაზეც ალაპარაკდნენ, რომლის მიზანიც, ლიბანის პოლიტიკური რუკიდან ჰეზბოლას მოსპობაა. 

გასულ კვირას ლიბანის პარლამენტმა ახალი პრემიერი აირჩია. ნაჯიბ მიკატი  მილიარდერი ბიზნესმენია, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო. იგი აღმსარებლობით სუნიტია, თუმცა ერთმორწმუნეები მას ღალატსა და სირიელებთან კავშირში ადანაშაულებენ. ნაჯიბ მიკატის უმთავრესი მიზანი ახალი მთავრობის ფორმირება იქნება. ამ თვალსაზრისით პოლიტიკური ლანდშაფტი ლიბანში რთულია.

ქვეყანაში ორი მთავარი პოლიტიკური გაერთიანება დომინირებს – 8 მარტისა და 14 მარტის ალიანსები. ალიანსების დასახელებები 2005 წელს მომხდარ კედრის რევოლუციას უკავშირდება. ამ მშვიდობიან რევოლუციას საბაბად მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირისა და სხვა პოლიტიკური ფიგურების მკვლელობები დაედო. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ლიბანის საშინაო პოლიტიკაზე სირიული გავლენის დასრულება და სირიის არმიის ქვეყნიდან გასვლა იყო. პოლიტიკურ გაერთიანებას 14 მარტის ალიანსი სწორედ კედრის რევოლუციის თარიღის პატივსაცემად დაერქვა. მის შემადგენლობაში ძირითადად პროდასავლური სუნიტების გაერთიანება – მომავლის მოძრაობა და ქრისტიანები შედიან. გაერთიანების ერთპიროვნული ლიდერი კი გარდაცვლილი პრემიერის ვაჟი და თავადაც ყოფილი პრემიერ-მინიტრი საად ჰარირია.  

8 მარტის ალიანსში ჰეზბოლა, შიიტური ამალის მოძრაობა და გენერალ მიშელ აუნის ხელმძღვანელობით მოქმედი ქრისტიან მარონიტთა გაერთიანება  – თავისუფალ პატრიოტთა მოძრაობა შედიან. ალიანსი კედრის რევოლუციის ფარგლებში სირიის არმიის ქვეყანაში დარჩენის მოწოდებებით გამოდიოდა. შიიტებისა და ქრისტიანებისგან დაკომპლექტებული პროსირიული გაერთიანება მადლობას უხდიდა სირიულ არმიას ისრაელის საოკუპაციო ძალების გაძევებისთვის და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ნაჯიბ მიკატი, სწორედ 8 მარტის ალიანსის მხარდაჭერით დაინიშნა პრემიერ-მინისტის პოსტზე.

ლიბანში დამოუკიდებელ პოლიტიკურ გაერთიანებად პროგრესული სოციალისტური პარტია მოიაზრებოდა. ეს ძირითადად დრუზებით დაკომპლექტებული პოლიტიკური მოძრაობაა. თუმცა, დრუზების ლიდერმა ვალიდ ჯამბლატამ პრემიერის კანდიდატურის წარდგენისას ჰეზბოლას და მთლიანად 8 მარტის ალიანსს დაუჭირა მხარი.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ნაჯიბ მიკატიმ ქვეყანაში მოღვაწე ეთნო-რელიგიურ დაჯგუფებებსა და მათ ლიდერებს მოლაპარაკებებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

მთავარ გამოწვევად ლიბანისთვის ახლა აშშ-სთან ურთიერთობები გახდება. ჰარირის პრემიერობის პერიოდში ამერიკა სრულ მხარდაჭერას უცხადებდა ლიბანის მთავრობას და სერიოზულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ დახმარებასაც უწევდა. დღევანდელ პრემიერ-მინისტრს ზურგს ჰეზბოლა უმაგრებს. აშშ-სთვის ლიბანთან მომავალი ურთიერთობების გადახედვისთვის ეს საკმარისი საფუძველია. ჰეზბოლა აშშ-ის ადმინისტრაციას იმ 47 ორგანიზაციის ნუსხაში ჰყავს შეყვანილი, რომელსაც საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხედ განიხილავს.

კომენტარები