ხანძარი ახლო აღმოსავლეთში

გასული წლის 17 დეკემბერს, ხილის გამყიდველმა, მოჰამედ ბუაზიზიმ, თავი დაიწვა. ამ რადიკალური ფორმით მან ტუნისელი კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეებისგან დამცირება და ცემა გააპროტესტა. ამ ნაპერწკალმა დიდი ხანძარი დაანთო, რომელსაც ტუნისის პრეზიდენტის, ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის, გადადგომა მოჰყვა და რომელიც, ამ სტატიის დაწერისას, როგორც ჩანს, მთელ ახლო აღმოსავლეთს – მავრიტანიიდან იემენამდე – ედება. ხანძრის მასშტაბი და მისი სრული შედეგი, ჯერჯერობით, უცნობია. ასეა თუ ისე, ახლო აღმოსავლეთში ძალზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.

პროტესტის ტალღამ, რომელსაც სოციალური ქსელები ამწვავებენ, ალჟირს, სირიასა და იემენს გადაუარა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები, ჯერჯერობით, იორდანიიდან და ეგვიპტიდან მოდის. ამანში, მეფე აბდულა II-მ, როგორც ჩანს, არჩია, პროტესტის გამწვავებისთვის დაესწრო და პრემიერ-მინისტრად გადამდგარი გენერალი მარუფ ალ-ბახიტი დანიშნა, რომელსაც ახალი მთავრობის ფორმირება ევალება. კანონიერი ისლამური მოქმედების ფრონტი, იორდანიის მუსლიმთა საძმოს პოლიტიკური ფრთა, აცხადებს, რომ მას ჰაშემიტური სამეფოს ლიდერის ჩამოგდება არ სურს.

ამის საპირისპიროდ, დემონსტრანტები კაიროს ტაჰრირის მოედანზე პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის დაუყოვნებელ გადადგომას მოითხოვენ. მუბარაქმა ახალი მთავრობა დანიშნა, ზოგ ოლქში 2010 წლის ნოემბრის არჩევნების ხელახლა ჩატარების წინადადება წამოაყენა და ახალ პრემიერ-მინისტრს, საჰაერო ძალების ყოფილ ხელმძღვანელს, აჰმედ შაფიკს, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა. ცოტა ხნის შემდეგ კი, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას წაქეზებით, განაცხადა, რომ სექტემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება შემდეგ, ეს უკვე ძალზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავია.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ნავთობის ფასი გაძვირდა – 31 იანვარს ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს მიაღწია. იზრდება პურის ფასიც – მისი გაოთხმაგება კაიროში, სავარაუდოდ, შიშმა და სპეკულაციამ და 2008 წლის კრიზისის მოგონებებმა, როდესაც პურის წარმოებაზე კონტროლი არმიამ დაამყარა – გამოიწვია. ორივე მიმდინარე კრიზისის შედეგზე იმოქმედებს.

ზოგ შემთხვევაში, შედეგი, შესაძლოა, დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს. ახალგაზრდა და განათლებული დემონსტრანტები, Al Jazeera-ს რეგიონული მასშტაბის მაუწყებლობასა და ინტერნეტთან ერთად, ახალი ფენომენია. ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ისიც, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ტუნისია, წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 80%-ია, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8 ათას აშშ დოლარს აღწევს და ამ ქვეყანას ბევრი უცხოელი ტურისტი სტუმრობს. მიუხედავად ამისა, ბევრი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ქალაქის მოედნებზე დღევანდელი ეიფორია ხვალინდელი რეალობის წინაშე უძლური აღმოჩნდება: დემონსტრანტებს მხოლოდ არსებული რეჟიმებით იმედგაცრუება, ფესვგადგმული ძალაუფლების სტრუქტურების ურყეობა და მზარდი ფასები აერთიანებს. ჭკვიანური მანევრირებით, რამდენიმე საკითხზე დათმობითა და მცირედი რეპრესიით, ბევრი ძველი ლიდერი მარტივად შეძლებს გადარჩენას.

ანდა, შეიძლება რადიკალური ისლამი იცდიდეს კულისებში. მაგალითად, ეგვიპტეში ჯერ კიდევ არალეგალური მუსლიმთა საძმო უდიდესი ორგანიზებული ძალაა ქვეყანაში. ჯერჯერობით ეს ძალა ჭკვიანურად მოქმედებს, სეკულარულ მოჰამედ ალ-ბარადეისაც კი უჭერს მხარს, ოპოზიციის ერთადერთ ლიდერს, რომელსაც მუბარაქის მთავრობასთან მოლაპარაკება შეუძლია. თუმცა, მუსლიმთა საძმოსთვის ხელსაყრელი მომენტი შეიძლება დადგეს. შემდეგ კი, აპოკალიპტური თეორიის თანახმად, მთელი ახლო აღმოსავლეთი – ისლამური მთავრობით კაიროში, ამერიკის გამოსვლის შემდეგ შიიტური ერაყით, თავდაჯერებული ირანითა და სპარსული ხიბლით მოჯადოებული თურქეთით – შეიძლება რადიკალური ისლამის კასრში აღმოჩნდეს. სიმართლე გითხრათ, ეს ისევე არ არის მოსალოდნელი, როგორც დემოკრატიის სრული გამარჯვება.

ეგვიპტის არმია ჯერჯერობით ყველაზე დახელოვნებული მოთამაშე აღმოჩნდა, ასრულებს რა როგორც დემონსტრანტების, ასევე ქვეყნის სტაბილურობის მცველის დამოუკიდებელ როლს. სავარაუდოდ, პოსტმუბარაქულ გარდამავალ პერიოდში რაღაც ტიპის სამხედრო მმართველობა დამყარდება. რაც არ უნდა მოხდეს კაიროში, სუნიტურ ეგვიპტეს – არაბული სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვან ერს და ერთ დროს მის უალტერნატივო ლიდერს – ნაკლებ სავარაუდოა, ირანის მოლებთან რაიმე საერთო მიზანი აერთიანებდეს. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების ამერიკული მოდელი გადასინჯვას საჭიროებს, ვაშინგტონი არ მიატოვებს ამ გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანეს რეგიონს. და იმდენად, რამდენადაც ამ კრიზისების დროს თურქეთის დიპლომატია დაღვინდება, ანკარის თეირანით გატაცება სავარაუდოდ შარშანდელი თოვლივით დადნება.

ამრიგად, სად მიგვიყვანს შუა აღმოსავლეთის კრიზისები? ქვიშა მოძრაობს, მაგრამ ტექტონიკური ძვრები ხდება თუ არა, ჯერჯერობით უცნობია. ამასობაში, რეგიონმა ელექტრონულ ეპოქაში შეაბიჯა – იდეები, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, უფრო შორს და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე ვრცელდებოდა. ეს არ იქნება ბოლო ამბოხი რეგიონში.

მთავრობები გადადგებიან, დაუთმობენ რა ადგილს ახალ ავტოკრატიებს, რადიკალურ ისლამიზმს, სამხედრო რეჟიმს და დემოკრატიისაკენ სვლასაც კი. შეიცვლება ძალაუფლების ურთიერთობის და უსაფრთხოების სისტემები. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები კაიროში, ვაშინგტონს და იერუსალიმს მოუწევთ იმ მოსაზრებების გადახედვა, რომლებსაც მათი უსაფრთხოების სტრატეგიები 1979 წლის ეგვიპტე-ისრაელის სამშვიდობო პაქტის შემდეგ ემყარება. ამერიკა კვლავ ფოკუსირებული იქნება ახლო აღმოსავლეთზე და ხელახლა გააანალიზებს თავის ვარდისფერ ვარაუდებს ერაყსა და ავღანეთიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. არაბულ სამყაროში ძალაუფლება სპარსეთის ყურის ქვეყნებისკენ გადაინაცვლებს, რაც, სინამდვილეში, უკვე ათწლეულებია ხდება. ახალ რეალობასთან მორგება კი, არა მხოლოდ ვაშინგტონსა და იერუსალიმს, არამედ ლონდონს, პარიზსა და ანკარასაც მოუწევთ.

თურქეთს, როგორც მდიდარ, წარმატებულ, ახალგაზრდა, დემოკრატიულ ქვეყანას ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და კავკასიის გზათგასაყარზე, თავისი ოსტატური დიპლომატიით, მსოფლიო დიპლომატიის არენაზე რომ კატაპულტირება შეუძლია, ეს მომავალი სტატიის თემაა.

კომენტარები