სამართალდამცველებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს

სამართალდამცველებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს. სამინისტროს მელიორაციის სამმართველოს უფროსს, ზურაბ ქაჯაიას, ამავე სამმართველოს თანამშრომელს პაატა ტუღუშს და მცხეთა მთიანეთის სამელიორაციო სახელმწიფო საწარმოს დირექტორს დავით მუჯირიშვილს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ ბრალი.

კერძოდ, მთავარი პროკურატურის განცხადებით, დაკავებული პირები მეწარმეებს მათთვის ქრთამის გადახდას აიძულებდნენ. ”სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები მეწარმეებს ქრთამს რეგისტრაციის პროცედურების, თანამდებობრივი მფარველობისა და სხვა ქმედების სანაცვლოდ ითხოვდნენ,” განაცხადა პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მთავარი პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ. მისი თქმით, დაკავებულების მიერ აღებულმა თანხამ ჯამში 310 ათასი ლარი შეადგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად სამართალდამცველებმა სამელიორაციო ასოციაციის ხელმძღვანელი პირებიც დააკავეს. ისინი ქრთამის მიცემაში არიან ეჭვმიტანილი და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები