პირამიდა მუბარაქის გარეშე

როდესაც რამზეს მეორე ოთხმოცი წლის გახდა, მან თავისი „გაახალგაზრდავება” ოქროსდაფიანი ობელისკის აღმართვით აღნიშნა. ფარაონის უკვდავების ნიშნად მზის ამოსვლისას ოქროს დაფა სხივებს ირეკლავდა. ასე აკეთებდა ფარაონი ყოველ წელს, სანამ 90 წლის ასაკში არ გარდაიცვალა. ეგვიპტის დღევანდელი „ფარაონი” ჰოსნი მუბარაქი საკუთარი ობელისკის დადგმას ალბათ ვეღარ მოესწრება. კაიროში ტაჰრირის მოედანზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა მისი გადადგომაა.

ტუნისის რევოლუციამ ეკონომიკურ გაჭირვებასა და პოლიტიკურ რეპრესიებში მცხოვრები ეგვიპტელების ქუჩებში გამოსვლაში კატალიზატორის როლი ითამაშა. საბჭოთა კავშირთან პარტნიორობამ და სოციალისტური მოდელის დანერგვამ ქვეყანა სიღარიბის ზღვარს მიღმა დატოვა. სადათის დაწყებული ეკონომიკის ლიბერალიზაციის გზა მუბარაქმა აღარ გააგრძელა.

სტრატეგიულ სუეცის არხთან მდებარე ყველაზე დიდი არაბული სახელმწიფო ეკონომიკური სიძლიერით არ გამოირჩევა: ცხოვრების დონით ეგვიპტე მე-80 ადგილზეა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 137-ე პოზიციას იკავებს და ტონგას ჩამორჩება, მოსახლეობის სიდიდის მიხედვით კი ის ტოპ-ოცეულშია. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ასაკით 30 წელს ქვემოთაა და დღეში 2 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს.

Freedom House-ის პოლიტიკური თავისუფლების ინდექსში, ეგვიპტე 6 ქულას იმსახურებს, როცა ყველაზე უარესი 7-ია. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მხრივ კი ქვეყანა 96-ე ადგილზეა. სწორედ ამიტომ, ეკონომიკაში ჩრდილოვანი სექტორი დომინირებს – თუ კერძო სექტორში 6.8 და საჯაროში 9.6 მილიონი ადამიანია დასაქმებული, არალეგალურ სექტორს 9.6 მილიონი დასაქმებული ჰყავს.

ეგვიპტელების 92% ქონებას იურიდიული საბუთების გარეშე ფლობს. არალეგალური ბიზნესის ღირებულება დაახლოებით 248 მილიარდი დოლარია, 30-ჯერ მეტი, ვიდრე დარეგისტრირებული ბიზნესების და 55-ჯერ მეტი ნაპოლეონის მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ამ ქვეყანაში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე.

ბიზნესის წარმოება ეგვიპტეში განსაკუთრებით რთული პროცესია, მაგალითად საცხობის გახსნას დაახლოებით 500 დღე სჭირდება, მიწის დარეგისტრირებას სულ მცირე 10 წელი, ხოლო ბიზნესის დასაწყებად ეგვიპტელებს 56 სამთავრობო ორგანოსთან უწევთ ურთიერთობა.

დღევანდელი რეჟიმი იმ პოლიტიკური წყობის გაგრძელებაა, რომელიც 1952 წელს გამალ აბდელ ნასერმა თავის ოფიცრებთან ერთად ბრიტანეთის მარიონეტი მონარქის გადაგდების შემდეგ დაამყარა. ნასერის შემდეგ პრეზიდენტი სადათი გახდა, რომელიც 1981 წელს ისლამისტი ფუნდამენტალისტების მსხვერპლად იქცა. საჰაერო ძალების ყოფილ სარდალ მუბარაქს იმ დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ხოლო მას შემდეგ სახელმწიფოს მეთაურია.

ჰოსნი მუბარაქი თავის ავტორიტარულ რეჟიმს და პოლიტიკურ რეპრესიებს ისლამიზაციის საფრთხით ამართლებს. შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტე ისლამური ფუნდამენტალიზმის სამშობლოა. 1928 წელს დაარსებული მუსლიმური საძმო დღემდე ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალაა. 1954 წლის შემდეგ ეს მოძრაობა არაკანონიერად გამოცხადდა და მან იატაკქვეშეთში გადაინაცვალა.

წარსულში ორგანიზაცია ტერორიზმით იყო დაკავებული, მაგრამ ამჟამად ოფიციალურად ის ძალადობას უარყოფს, თუმცა მისი იდეოლოგია კვლავინდებურად ფუნდამენტალისტური და ტოტალიტარულია. მუსლიმური საძმო კომინტერნს წააგავს, ის საერთაშორისო მასშტაბით მუსლიმურ ორგანიზაციებს აერთიანებს. მისი წევრი ოსამა ბინ ლადენიც იყო, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ეს კავშირი გაწყდა.

ის, რომ მუსლიმური საძმო მუბარაქის ერთადერთ ალტერნატივად ისახება, პოლიტიკური რეპრესიების დამსახურებაა. ყველა ზომიერი პარტია განადგურდა და მხოლოდ რადიკალებმა შეძლეს გადარჩენა.

ეგვიპტის ლოტოსის რევოლუციას ზოგი არა იმდენად აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარ ხავერდოვან და ფერად რევოლუციებს, არამედ 1979 წლის ირანის ისლამურ რევოლუციას ადარებს. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმური საძმო ამ მომენტისთვის არც ისე ძლიერია, ირანის სცენარის განმეორება გამორიცხული მართლაც არაა. ირანშიც შაჰის დამხობის შემდეგ აიათოლები თავიდანვე არ გაბატონებულან. სათავეში ჯერ ზომიერები მოვიდნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ საკმარისად ძლიერნი, რადიკალი ისლამისტების აღზევება რომ შეეჩერებინათ.

მუსლიმური საძმოსაგან განსხვავებით ირანის მთავრობა შიიტურია, თუმცა ისრაელის წინააღმდეგ გაერთიანება მათ ინტერესებშიცაა. პრეზიდენტმა აჰმედინეჟადმა განაცხადა, რომ ტუნისის და ეგვიპტის რევოლუციები ნათელი მაგალითია, რომ ხალხს ისლამისტური რეჟიმი სურს.

ეგვიპტის რევოლუციის შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მთლიანად რეგიონზე. ბოლო სამი ათეული წელია, ეგვიპტე ისრაელის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საფუძველია. პრეზიდენტმა შიმონ პერესმა განაცხადა: „ისრაელელებს ყოველთვის ჰქონდათ და ექნებათ პრეზიდენტ მუბარაქის დიდი პატივისცემა. რა თქმა უნდა, მას ყველაფერი სწორად არ გაუკეთებია, მაგრამ ერთი რამის გამო მისი მადლიერნი ვართ – ის ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისმყოფელია”.

ისრაელს ისიც აშინებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მუსლიმური საძმო ღაზის სექტორში თავის პარტნიორს, ჰამასს იარაღს მიაწოდებს.

ისრაელის პოლიტიკურ ელიტას არ სჯერა დემოკრატიის უნივერსალურობის. მათ მიაჩნიათ, რომ დემოკრატიისათვის მზაობას კულტურა განსაზღვრავს. სწორედ ამ გარემოებით ხსნიან იმ ისტორიულ ფაქტს, რომ პროტესტანტული ქვეყნები ჩრდილო ამერიკასა და ევროპაში უფრო ადრე გახდნენ დემოკრატიულნი, ვიდრე კათოლიკური ან კონფუციანური სახელმწიფოები სამხრეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა თუ აზიაში. ისლამი კულტურული რელატივისტების მიერ დემოკრატიისათვის ყველაზე მოუმზადებელ ცივილიზაციად მიიჩნევა.

ეგვიპტის რევოლუციას ყურადღებით ადევნებენ თვალს. ვაშინგტონი მოვლენების ასეთ განვითარებას არ მოელოდა და მზადაც არ არის. ეგვიპტე ტუნისისგან განსხვავდება: ის ყველაზე დიდი არაბული ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დაცვის საკითხში, ამასთანავე სუეცის არხს საერთაშორისო ვაჭრობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ბევრი ობამას ჯიმი კარტერს ადარებს: კარტერმა ირანი დაკარგა, ობამამ კი ეგვიპტე. ორივე შემთხვევაში დიდი ფინანსური კრიზისისა და ომის შემდეგ, აშშ-ის გლობალური გავლენა მცირდება მემარცხენე პრეზიდენტის მმართველობისას, რომლის კეთილ განზრახვებს უცხოეთში სისუსტედ აღიქვამენ.

თუმცა, კარტერისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანის უფლებებზე საუბრობდა მაშინაც კი, როდესაც ეს მოკავშირეებს ვნებდა, ობამას ერთი მხრივ ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მიმართ გულგრილობისთვის აკრიტიკებენ, ხოლო მეორე მხრივ – ტრადიციულ მოკავშირეებთან გაციებული ურთიერთობების გამო.

ობამას ოპონენტები მის ორმაგ სტანდარტებზეც მიუთითებენ. რადიოწამყვანმა რაშ ლიმბომ აღნიშნა, რომ როდესაც მტრულ ირანში მსგავსი მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობდა, თეთრი სახლი განსაკუთრებული თავშეკავებით გამოირჩეოდა, ხოლო როცა მოკავშირე ეგვიპტეში საფრთხე პროამერიკულ რეჟიმს შეექმნა, ობამა დაუყოვნებლივი პოლიტიკური გარდაქმნების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

აშშ-ს ხშირად აკრიტიკებენ ავტორიტარულ ქვეყნებთან კავშირის გამო. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოთა უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთში მეტ-ნაკლებად ავტორიტარულია, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის თეთრ სახლს ამ რეჟიმებთან თანამშრომლობა უწევს.

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამერიკის პოლიტიკა შეიცვალა და დემოკრატიის გავრცელება უმცროსი ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკური დოქტრინის ქვაკუთხედი გახდა. მისმა კრიტიკოსებმა ადამიანის უფლებების არადასავლურ საზოგადოებებში დამკვიდრება ნეოკოლონიალიზმის გამოვლინებად შერაცხეს.

ობამას ადმინისტრაციამ დემოკრატიის მხარდაჭერას რუსეთის, ჩინეთის, ისლამური სახელმწიფოების ავტორიტარულ ლიდერებთან დაახლოება ამჯობინა. დემოკრატიისადმი სკეპტიკურად განწყობილი ახალი „რეალისტების” ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ რეალიზმის ნაკლებობა აღმოჩნდა. ეგვიპტის პოლიტიკური სინამდვილე მათ სწორად ვერ შეაფასეს და ახლა, სასწრაფო წესით პოლიტიკის კორექტირება უწევთ.

აშშ-ის პრეზიდენტები ადრეც ყოფილან დილემის წინაშე, ემოქმედათ ამერიკის ეროვნული ინტერესებიდან თუ ფასეულობებიდან გამომდინარე – ეთანამშრომლათ მოკავშირე ავტოკრატიულ რეჟიმებთან თუ მხარი დაეჭირათ პროამერიკული დიქტატორის წინააღმდეგ მიმართული დემოკრატიული რევოლუციისათვის.

იმ იშვიათ გამონაკლისთა შორის, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი, ხშირად ასახელებენ რონალდ რეიგანს, რომელმაც ხელი შეუწყო აშშ-ის მოკავშირე ქვეყანა ფილიპინებიდან დიქტატორი მარკოსის გაძევებას და ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას. ბევრწილად სწორედ თეთრი სახლის ამჟამინდელ ბინადარზეა დამოკიდებული, ეგვიპტეში მოვლენები უფრო ირანის თუ ფილიპინების სცენარით განვითარდება.

რევოლუციების ჯაჭვი, რომელიც ტუნისში დაიწყო, მთლიან ახლო აღმოსავლეთს მოედო. გამოსვლებია იორდანიაში, იემენში და საუდის არაბეთშიც. მთელ ახლოაღმოსავლეთში ავტოკრატიული რეჟიმები შიშმა მოიცვა. ამ ქვეყნების ლიდერები უკვე მიდიან გარკვეულ დათმობებზე, რათა თავიდან აიცილონ ეგვიპტის მსგავსი მასობრივი პროტესტი. ისინი მთავრობებს ცვლიან, მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ახლო აღმოსავლეთის ავტორიტარული რეჟიმები დომინოსავით ერთმანეთის მიყოლებით დაეცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ავტორიტარული რეჟიმებია, მათი ცხოვრების დონე ერთმანეთისაგან გასხვავდება.

მუბარაქის წასვლის შემდეგ მოვლენების განვითარების რამდენიმე ვერსია არსებობს. პრეზიდენტის კანდიდატებს შორის რამდენიმე გამოირჩევა. მათ შორის ოპოზიციის სიმბოლური ლიდერი მოჰამედ ალ-ბარადეიც არის. ის საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ხელმძღვანელობდა, თუმცა ეგვიპტეში რეალური პოლიტიკური დასაყრდენი არ გააჩნია. საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამაც. ის 90-იან წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

კიდევ ერთი კანდიდატი რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნული ეგვიპტის სპეცსამსახურების ყოფილი უფროსი ომარ სულეიმანია. ის აშშ-ის დაზვერვასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სამხედრო ძალები ეგვიპტურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მოთამაშეა – მეტწილად ჯარზე არის დამოკიდებული, გააგრძელებს ეგვიპტე სეკულარულ და მშვიდობიან სახელმწიფოდ არსებობას და მოდერნიზაციას, თუ რადიკალი ისლამისტების უზურპაციის მსხვერპლი გახდება. სამხედრო ძალებთან ყველაზე მჭიდრო კავშირი კი კანდიდატებს შორის ომარ სულეიმანს აქვს.

მუბარაქი ეგვიპტის სათავეში დიდხანს ვეღარ დარჩება. ის პირამიდების ასაკის ნამდვილად არ არის, თუმცა მისი ცქერა ხალხს მოსწყინდა. ბუნებრივია, რევოლუციის შედეგები ასე მარტივად არ ჩანს. მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ რევოლუციის შემდეგ იწყება. როგორც ჩინეთის პირველმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, როდესაც საფრანგეთის რევოლუციის წარმატებაზე ჰკითხეს – „ჯერ კიდევ ადრეა ამაზე საუბარი”.

კომენტარები