საქსტატი: ფასების ზრდა საერთაშორისო ფაქტორებმა გამოიწვია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა  სამსახურმა 2011 წლის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის იანვარში 2010 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ  საქართველოში 12.3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში საქართველოში ფასები 4.,2%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი ფასების ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე -11.7%, ხილზე - 8%, შაქარსა და საკონდიტრო ნაწარმზე - 6.2%. ბოლო 12 თვის განმავლობაში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დიზელის საწვავზე - 20.5 პროცენტი და ბენზინზე - 13.7 პროცენტი. ასევე ფასების მკვეთრი ზრდა აღინიშნა საგარეუბნო ავტობუსით (8.2%) და თვითმფრინავით მგზავრობაზე (8.3%).

ინფლაციის მთავარ მიზეზად სტატისტიკის სამსახური საგარეო ფაქტორებს, კერძოდ, მსოფლიოში სურსათზე ფასების უპრეცედენტო ზრდას ასახელებს. ”მსოფლიოში არასდროს ყოფილა სურსათზე ასეთი მაღალი ფასები, რაც 2010 წლის განმავლობაში მომხდარი ბუნებრივი სტიქიების და მთელი რიგი ქვეყნების მიერ სასურსათო პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვითაა გამოწვეული. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მოქმედებს ისეთ პატარა განვითარებად ეკონომიკებზე როგორიც საქართველოა, სადაც მოსახლეობის მოხმარებაში სურსათს დიდი ხვედრითი წილი უჭირავს. მთელი ჩვენი სამომხმარებლო კალათის 40%-ზე მეტი სასურსათო საქონელზე მოდის", - აცხადებენ საქსტატში.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, სასურსათო საქონლის ინდექსი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მსოფლიო მასშტაბით. ევროკავშირის ქვეყნებში 2011 წლის იანვარში ინფლაციის მაჩვენებლის ბოლო 2 წლის რეკორდი დაფიქსირდა. ამასთან, ნიუ-იორკის ბირჟაზე შაქრის ფასმა ბოლო 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია.

"საქმე გვაქვს ჩვენს რეალობაში მსოფლიო ფასების ადეკვატურ ასახვასთან, რადგან საქართველოში ფასები გაზრდილია იგივე სასაქონლო ჯგუფზე, რომელიც მსოფლიოში სხვაგანაც გაძვირდა. ჩვენი ინფლაცია იმითაა გამოწვეული, რომ სამომხმარებლო კალათა ორიენტირებულია ძირითადად სასურსათო საქონელზე, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში კალათის შემადგენლობა განსხვავებულია და 10%-ზე ნაკლებს შეადგენს," ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყებულ დოკუმენტში.

კომენტარები