ინტერვიუ კონგრესმენ ჯეფ ფორტენბერისთან

“საქართველოში არსებული მდგომარეობა სარატიფიკაციო პროცედურების დამაბრკოლებელ გარემოებად აღარ უნდა მივიჩნიოთ”, – განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გასულ მაისს და კონგრესს 123-ის სახელით ცნობილი, აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაუგზავნა. ამ დოკუმენტს ხელი მხარეებმა 2008 წლის მაისში მოაწერეს. რუსეთ-საქართველოს ომის გამო ბუშის ადმინისტრაციამ მისი ძალაში შესვლა შეაჩერა. პროცედურის მიხედვით, შეთანხმებას, ხელშეკრულებისგან განსხვავებით, რატიფიკაცია არ სჭირდება. შეთანხმება ძალაში შესულად ითვლება, თუ კონგრესმა დოკუმენტი შესვლიდან 90 სასესიო დღის გასვლამდე არ დაბლოკა. 123-ის სახელით ცნობილი შეთანხმება ცოტა ხნის წინ, 2011 წლის 11 იანვარს ამოქმედდა. 

ადმინისტრაციის ინიციატივას კონგრესში ორპარტიული წინააღმდეგობა შეხვდა. წინააღმდეგობის ავტორები რესპუბლიკელი ჯეფ ფორტენბერი და დემოკრატი ედუარდ მარკი იყვნენ, რომლებიც ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარების ყოფნას ასახელებდნენ. 
5 ქალიშვილის მამა ჯეფ ფორტენბერი, 2005 წლიდან ამერიკის კონგრესში ნებრასკის 1-ლი საარჩევნო ოლქის წარმომადგენელია. ის რამდენიმე, მათ შორის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრიც არის. გასულ აპრილს კონგრესმენი ფორტენბერი კოლეგებთან ერთად საქართველოს ესტუმრა. ხანმოკლე ვიზიტის განმავლობაში ოპერა „კარმენის” არასრულად ნახვა და იმ ადამიანებთან შეხვედრა მოასწრო, რომლებიც დღეს ქართულ პოლიტიკას ქმნიან – “შთამბეჭდავია ამდენი ახალგაზრდა პროფესიონალის ხილვა საკვანძო პოზიციებზე, ვფიქრობ, ეს საქართველოს პოტენციალს გაზრდის”, – უთხრა მან ტაბულას დამშვიდობებისას. მანამდე კი, ფორტენბერიმ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე, მის განმსაზღვრელ ფაქტორებზე, კონგრესის გეგმებზე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა. 
 
აისახება თუ არა რესპუბლიკური პარტიის წარმატება კონგრესის შუალედურ არჩევნებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე?
 
კარგი შეკითხვაა. ვფიქრობ ამაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. ამასთან ერთად, მინდა იცოდეთ, რომ წარმომადგენელთა პალატის მთავარი საზრუნავი, მაინც შიდა ეკონომიკური პრობლემები იქნება. ბიუჯეტი დასაბალანსებელია. საგარეო ვალი იზრდება, რაც ეკონომიკურ სტაბილურობას და ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. გასულ არჩევნებს სწორედ ეკონომიკური საკითხები წარმართავდა, რაც კონგრესში რესპუბლიკური უმრავლესობის მოსვლით დასრულდა. წარმომადგენელთა პალატას ორ წელიწადში ერთხელ ვირჩევთ. ეს ინსტიტუტი ყველაზე მეტადაა მორგებული ამომრჩევლის მოთხოვნებს. ამერიკაში ბევრი ადამიანი დაზარალდა. აღმოცენდა ხანგრძლივი სტრუქტურული უმუშევრობა. ვფიქრობ, რომ გადახარჯვა და ვალის განუხრელი ზრდა ეკონომიკას აღმასვლის საშუალებას არ აძლევს. ჩვენი მთავარი ამოცანა ფისკალური პრობლემების მოგვარება იქნება, რაც თავის მხრივ უმუშევრობას შეამცირებს და ქვეყანაში შესაძლებლობების დიაპაზონს გაზრდის. ძალიან რთულია ასეთ რთულ ვითარებაში საერთაშორისო საკითხებზე ფოკუსირება. ვიცი, რომ უცხოელი კორესპონდენტისათვის არცთუ სახარბიელო პასუხია, მაგრამ ეს ასეა.
 ხშირად ავლებენ პარალელს ბილ კლინტონთან, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა საგარეო პოლიტიკაში მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ კონგრესზე კონტროლი დაკარგა და პრეზიდენტს შიდა პოლიტიკაში ხელფეხი შეეკრა…

საკითხს ამ მხრიდანაც შეიძლება შევხედოთ. თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი გასარკვევია. პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს ვეღარ აკონტროლებს, ცხადია, მას დღის წესრიგის შეცვლა მოუწევს, რადგან კონგრესთან პირდაპირი კონტაქტი დასჭირდება. უკვე ვხედავთ კიდეც ამის ნიშნებს ბიუჯეტის შემცირების და ჯანდაცვის რეფორმის კუთხით. მიუბრუნდება თუ არა პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას, იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესი ოპოზიციურია? შესაძლოა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. შიდა ეკონომიკური მდგომარეობა ამჟამად ისეთი რთულია, ვფიქრობ, მაინც ყურადღების ცენტრში დარჩება და სწორედ ეს სურს ამერიკელთა უმრავლესობას. წარმომადგენელთა პალატის ტრადიციული ფუნქცია ეს იყო და ახლა, როდესაც კონგრესს ახალი, განსხვავებული ფილოსოფიური ხედვის შემადგენლობა ჰყავს, შიდა პოლიტიკური თემები კიდევ უფრო გააქტიურდება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბევრი კონგრესმენი, ჩემი ჩათვლით, საერთაშორისო ჩართულობის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს. თანამედროვე ტექნოლოგიები ზრდის ჩვენს შესაძლებლობას – ხელი შევუწყოთ ახალ დემოკრატიებს. სწორედ ამიტომ ვარ კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის წევრი. ამ მიზნით შეიქმნა ეს ჯგუფი – რათა დავეხმაროთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ახლახან დააღწიეს თავი რეპრესიულ კოლექტიურ რეჟიმს – თქვენს შემთხვევაში, ან დიქტატურას, ანდაც ქაოსს და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოძრაობაა. მნიშვნელოვანია, რომ კონგრესში მუდმივად მოხდეს ამის ხაზგასმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგებთ, ვერ დამყარდება კომუნიკაცია, დაიწყება ბრძოლა რესურსებისთვის, თავს წამოყოფს ნაციონალიზმი, ნაცვლად ისეთი მოდელის შექმნისა, რომელიც საერთო მიზანს ემყარება – ძალაუფლება ხალხს. ასე რომ, კარგი ურთიერთობები, კარგი დიპლომატია, დაძაბულობის განმუხტვა, ომის თავიდან აცილება, ეს ის საკითხებია, რასაც მე ჩემი საქმის ნაწილად მივიჩნევ. მაგრამ ამ პერიოდში, ამ საკითხებზე ფოკუსირება კონგრესს გაუჭირდება რთული შიდა პოლიტიკური მდგომარეობის გამო.

 რას ფიქრობთ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაზე, აღწევს ის თავის მიზანს? ადმინისტრაცია გადატვირთვის წარმატებად მიიჩნევს გაეროს მიერ ირანზე დაკისრებულ სანქციებს, START-ის ხელმოწერას, რუსეთის მიერ ირანისთვის S-300-ების მიყიდვაზე უარის თქმას.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა სცადა. ყოველთვის ასეა, ახალ ადმინისტრაციას წინამორბედთან შედარებით გზა უფრო ხსნილი აქვს. რუსეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. საჭიროა, რომ მათი განზრახვების შესახებ ვიცოდეთ და ამ საკითხებს გლობალიზაციის გამოწვევების გათვალისწინებით მივუდგეთ. მიმაჩნია თუ არა წარმატებად თქვენ მიერ მოყვანილი საკითხები? ვნახოთ. START-ის ხელშეკრულებას კაპიტოლიუმის მთაზე ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს. მე ამ დოკუმენტზე კენჭისყრაში არ ვმონაწილეობ. მას სენატი განიხილავს. თუმცა ბევრ ჩვენგანს იზიდავს ბირთვული დაძაბულობის შემცირების პერსპექტივა. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ საჭიროა ამ თემის ისეთ საკითხთან მიბმა, როგორიცაა რაკეტსაწინააღმდეგო ფარის საჭიროება – როგორც აღნიშნეთ, რეალურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ასევე მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი საკუთარი არსენალის მოდერნიზაციას საფრთხე არ დაემუქრება.

შეცდომაა იმის თქმა, რომ გადატვირთვამ თავის მიზანს მიაღწია, ისევე როგორც არ იქნებოდა სწორი მისი მარცხად გამოცხადება. ჩემი აზრით, ის სადღაც შუაშია.

შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ რუსული სამხედროების ქართულ მიწაზე ყოფნა ოკუპაციად შეაფასა. სენატში ინიცირებულია ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს. კონგრესში თუ უნდა ველოდოთ მსგავსი დოკუმენტის განხილვას?

წინა კონგრესმა მსგავსი დოკუმენტი იმიტომ არ მიიღო, რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობს. მათ საქმის გართულება არ სურდათ და გამომდინარე იქიდან, რომ საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის პარტია აკონტროლებდა, საკანონმდებლო ორგანომ ამ შინაარსის რეზოლუცია არ განიხილა. მე ასე ვფიქრობ. მჯერა, რომ ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მოწინავე ადგილს უნდა იკავებდეს. რუსეთის შეჭრა საქართველოში და მის მიერ ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია, კონგრესში უამრავ ადამიანს აწუხებს და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იზრუნოს ამაზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციამ საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას დაუჭირა მხარი, რას უნდა ველოდოთ კონგრესის მხრიდან? ექნება ადმინისტრაციას ამ საკითხში კონგრესის მხარდაჭერა?

ვფიქრობ, პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ირონიულია. ის დიდი ხანია საუბრობს უფრო აგრესიულ, გახსნილ ვაჭრობაზე, მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა. ვიმედოვნებ, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება. ვფიქრობ, რომ თუ შეთანხმება სამართლიანი იქნება, საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას წინ არაფერი უნდა დაუდგეს. გულწრფელად გითხრათ, მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო ახალი ევროპის ლიდერად ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს და პოტენციური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიმართულებით.

ამ ბოლო დროს ბევრს ნერვიულობენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე. ამბობენ, რომ ის კვდება და მაგალითად ავღანეთი მოჰყავთ. ამას დაემატა საფრანგეთ-რუსეთის შეთანხმება მისტრალზე. ისიც, რომ NATO-ს გაფართოება შეჩერებულია…

NATO-მ ძალიან მნიშვნელოვანი, ცენტრალური როლი ითამაშა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და დღეს იმავეს საერთაშორისო მასშტაბით აკეთებს. პირველ რიგში, მსურს თქვენი დახმარებით მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს ავღანეთში გაწეული ძალისხმევის გამო – თქვენ თქვენი წონითი კატეგორიის მიღმა იბრძვით. პატარა ქვეყანა მძიმე ტვირთს ზიდავთ და ჩვენ მადლიერნი ვართ. ვიმედოვნებ, NATO განაგრძობს იმგვარ ორგანიზაციად ყოფნას, რაც მის მნიშვნელობას და წარსულს შეეფერება. ვფიქრობ, ევროპამაც სულში უნდა ჩაიხედოს და შეაფასოს საკუთარი უსაფრთხოების მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო და უფრო ფეთქებადი ხდება

 დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენდა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება რუსეთის საქციელზე?

რთული კითხვაა, თანაც ეს უკვე არ მოხდა. მოდით, მხოლოდ იმას გაგიმეორებთ, რომ ვიმედოვნებ, საქართველო განაგრძობს განვითარებას და ახალი ევროპის ლიდერი გახდება.

 
 

კომენტარები