სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობა?!

იანვრის შუა რიცხვებში, სამხრეთ სუდანში რეფერენდუმი ჩატარდა. კენჭისყრაში მოსახლეობის 60%-ზე მეტი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა დაახლოებით 99-მა პროცენტმა ჩრდილოეთ სუდანისგან გამოყოფას და საკუთარი ქვეყნის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი. ამდენად, აფრიკის უდიდესი ქვეყანა ორად გაყოფას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ეს რეფერენდუმი 2005 წლის სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლითაც სამხრეთ და ჩრდილოეთ სუდანის ორი ათწლიანი სამოქალაქო ომი დამთავრდა.

რეფერენდუმის წინა დღეს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ New York Times-სთან ინტერვიუში აღნიშნა: „ყველა თაობას არ აქვს შესაძლებლობა გადაშალოს წარსულის ფურცელი და ისტორიაში ახალი თავი ჩაწეროს. თუმცაღა დღეს – 50-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელშიც 2 მლნ ადამიანი დაიღუპა და მილიონობით დევნილი გახდა – სამხრეთ სუდანის მოსახლეობას აქვს ამის შესაძლებლობა”.

ყველაფერმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. ერთადერთი ინციდენტი სამხრეთისა და ჩრდილოეთის სასაზღვრო აბეის რაიონში მოხდა, სადაც არაბი მომთაბარეები და სამხრეთელი შავკანიანი ტომები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაიღუპა 20 ადამიანზე მეტი. მიუხედავად რეფერენდუმის შედეგებისა, აბეი, ალბათ, სადავო ტერიტორიად დარჩება. ამ ნავთობით მდიდარ რაიონთან განშორებას არც ჩრდილოეთი და არც სამხრეთი არ მოისურვებს. დაპირისპირების მთავარი ფაქტორი სწორედ ბუნებრივი რესურსია. სუდანის ნავთობის მარაგის 80% სამხრეთში მდებარეობს. სამხრეთ ნაწილის გამოყოფის შედეგად ქვეყანა დაკარგავს ტერიტორიის მესამედს და ნავთობტერიტორიის ორ მესამედს, რაც მილიარდობით დოლართანაა დაკავშირებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მკაცრი გამიჯვნა ვერ მოხდება, რადგან საექსპორტოდ ნავთობი სამხრეთიდან ჩრდილოეთზე გამავალი მილსადენებით მიედინება. 

ჯუბაში საეკლესიო მსახურებაზე, სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა, სალვა კიირმა, ომის ვეტერანებს გამარჯვება მიულოცა და ჩრდილოეთელებისთვის მიტევებისკენ მოუწოდა. ვაშინგტონში, ბარაკ ობამამაც მიულოცა სამხრეთ სუდანს მშვიდობიანი, მოწესრიგებული რეფერენდუმის ჩატარება და მას „შთაგონება” უწოდა. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ მსოფლიო მალე ახალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს იხილავს.

რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები ცნობილი 2011 წლის თებერვლის შუა რიცხვებისათვის გახდება. ალბათობა მეტია, რომ სამხრეთ სუდანი დამოუკიდებლობას  მიიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ რეფერენდუმი უკვე ყველამ სანდოდ და სამართლიანად აღიარა, შესაძლებელია, სამხრეთ სუდანი გაეროს 193-ე წევრი ქვეყანა გახდეს. სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად, სამხრეთ სუდანის დამოუკიდებელ ხელისუფლებას უფლებამოსილება მხოლოდ 2011 წლის 9 ივლისს მიენიჭება.

სამხრეთელები შავკანიანები – ქრისტიანები და ანიმისტები არიან. მათ სწორედ რეფერენდუმის მეშვეობით სურთ არაბულ, მუსლიმურ ჩრდილოეთს მშვიდობიანად გამოეყონ. ზოგიერთი დამკვირვებელი შიშობს, რომ ეს კარგი მაგალითი იქნება ბევრი აფრიკული სახელმწიფოსათვის, სადაც ძლიერი სეპარატისტული მოძრაობები არსებობს.

კოლონიალიზმის წყევლა – ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აფრიკა კვლავაც რჩება შეუმდგარი და დაცემული სახელმწიფოების მატერიკად. საუკუნის წინ კოლონიზატორების მიერ დადგენილი საზღვრები დღესაც მოქმედებს. 

„აფრიკული ერთობის ორგანიზაციამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი: მან საზღვრები ურყევად აღიარა. მაგრამ ახლა ეს ურყევობა გაქრა. თვითგამორკვევის მოძრაობა მიგვიყვანს სუდანის, ეთიოპიის, უგანდის, მთელი აფრიკის გახლეჩასთან, რადგან ყველა აფრიკული სახელმწიფო ჩამოყალიბებულია ჰეტეროგენული ელემენტებისაგან... პანდორას ყუთი ღიაა”, – განაცხადა სუდანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სადიქ-ალ-მაჰდიმ  New York Times-სთან ინტერვიუში.

მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის არ არსებობს მკაფიო საზღვარი. ბრიტანელმა კოლონიზატორებმა ადმინისტრაციული საზღვრები თემობრივი დაპირისპირების გაუთვალისწინებლად „დახატეს”. მაგალითად, დღეს მისსერიას მომთაბარე ტომი უარს ამბობს საკუთარი თავი ჩრდილოეთს ან სამხრეთს მიაკუთვნოს. გაყოფამ მიწათმფლობელებსა და მომთაბარეებს შორის კონფლიქტი შეიძლება უფრო გააღრმაოს. ამას ტომობრივი მრავალფეროვნების შედეგად დაპირისპირებებიც ემატება.

კომენტარები