როსნეფტსა და BP-ის შორის გარიგება ლონდონის სასამართლომ შეაჩერა

 ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსულ კომპანია როსნეფტსა და ბრითიშ პეტროლიუმს შორის აქციების გაცვლის და არქტიკის საბადოებზე ერთობლივი სამუშაოების შესახებ შემდგარი გარიგება დროებით შეაჩერა. მოთხოვნა სასამართლოში  ТНК-BP-ის რუსმა აქციონერებმა შეიტანეს. ТНК-BP მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანულ-რუსული ნავთობმომპოვებელი კერძო სააქციო კომპანიაა. რუსეთში  ის, გაზპრომისა და როსნეფტის შემდეგ, ნავთობის და გაზის საბადოების ფლობისა და გადამუშავების მხრივ მესამე ადგილზეა.  კომპანია 2003 წელს რუსულ კონცერნ AAR-ს და ბრიტანულ BP-ს შორის შემდგარი გარიგების საფუძველზე დაფუძნდა. აქციები  ბრიტანულ და რუსულ  კომპანიებს შორის  თანაბრად გადანაწილდა. 

ტელეკომპანია ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში   კონცერნ  AAR-ის დირექტორმა, სტენ პოლოვეცმა განაცხადა, რომ ლონდონის სასამართლომ რუსი აქციონერების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და 25 თებერვლამდე გარიგების ფარგლებში როსნეფტსა და BP-ს  ყველანაირი საქმიანობა აუკრძალა.   ТНК-BP-ის  რუსი აქციონერები მოითხოვენ, რომ BP-ს აქციონერთა შეთანხმების თანახმად, ყველა ოპერაცია  რუსეთში ТНК-BP-ის მეშვეობით განხორციელდეს.

რუსეთის პრემიერის პრეს-სამსახურის უფროსის, დიმიტრი პესკოვის  განცხადებით, ვიდრე ლონდონის სასამართლოს  გადაწყვეტილების ყველა იურიდიული შედეგი არ გახდება ცნობლი,   დავის მიმდინარეობის შესახებ მოლაპარკებები ბრიტანეთისა და რუსეთის მთავრობების დონეზე არ გაიმართება.  

BP და როსნეფტი რუსეთის არქტიკის შელფის ერთობლივ გადამუშავებაზე გარიგდნენ. გარიგების ფარგლებში, როსნეფტმა BP-ს ხუთი პროცენტი, ხოლო BP -მ როსნეფტის  9,5 პროცენტი მიიღო. როგორც კი აქციების გაცვლაზე გარიგება შედგა, ТНК-BP-ს რუსმა აქციონერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს.  მოგვიანებით BP-ს პრეზიდენტმა  რუსეთში, ჯერემი ხაკმა განაცხადა, რომ ყველა უთანხმოება მოგვარებულია და  კონსორციუმმა    АAR-მა გარიგებას მხარი დაუჭირა. მიუხედვად ამ განცხადებისა,  27 იანვარს ТНК-BP-ს რუსმა აქციონერებმა ლონდონის სასამართლოს მიმართეს მოთხოვნით, შეეჩერებინა BP -სა და როსნეფტის გარიგება.

გარდა ამისა, 31 იანვარს  კონსორციუმ AAR-ის გადაწყვეტილებით, ТНК-ВР-ის აქციონერების 2010 წლის მე-4 კვარტლის  დივიდენდების გადახდა დაიბლოკა. თანხა 1.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ გზით AAR-ი შეეცადა BP-ზე ზემოქმდების მოხდენას. რუსეთის ვიცე პრემიერმა, იგორ  სეჩინმა  დავოსში დადო პირობა, რომ მოსკოვში დაბრუნებისთნავე შეხვდებოდა  ТНК-ВР-ს აქციონერებს და  ყველა უთანხმოებას მოაგვარებდა. სეჩინი ამავე დროს როსნეფტის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელიც არის. ანალიტიკოსები თქმით, ТНК-BP შეეცდება რონეფტსა და BP -ს გარიგებიდან მაქსიმალური შედეგები მიიღოს. არ არის გამორიცხული კომპანია ამ გარიგების წილშიც შევიდეს  ან როსნეფტის აქციებიც მიიღოს. მით უმეტეს, რომ ამ კომპანიამ არაერთხელ გამოხატა სახელმწიფო კომპანიის აქციების შეძენით დაინტერესება.

კომენტარები