ფლორიდის შტატის სასამართლომ ობამას მიერ ინიცირებული კანონი გააუქმა

1 თებერვალს ფლორიდის შტატის ფედერალურმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი აშშ-ს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შესახებ, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ იყო ინიცირებული  და რომელსაც 2010 წელს წარმომადგენლობითმა პალატამ  მხარი დაუჭირა. აშშ-ს პრეზიდენტის მთელი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ამ რეფორმების აუცილებლობაში მოქალაქეთა დარწმუნებაზე იყო აგებული. ეს კანონი ობამას ადმინისტრაციის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად ითვლებოდა და მისი მიღებისთვის თეთრმა სახლმა ძალიან ბევრი იმუშავა. 

წარმომადგენლობით პლატაში ამ კანონის გატანა ობამას ადმინისტრაციას მაინც გაუჭირდა. საბოლოოდ, როდესაც კანონი მიიღეს,  ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში ობამას  გადაულაპარაკა ”როგორც იქნა ეს წყეული კანონი გავიტანეთ.” აღმოჩნდა, რომ მიკროფონი ამ დროს ჩართული იყო და ეს ფრაზა ყველამ მოისმინა. 2010 წელს წარმომადგენლობითი პალატის მიერ ამ კანონის მიღება ობამას ადმინისტრაციის ტრიუმფად ჩაითვალა.

გადაწყვეტილება კანონის  გაუქმების შესახებ კი ფლორიდის სასამართლომ 26 შტატის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე მიიღო. მოსამართლე როჯერ ვილსონის  გადაწყვეტილებით, ამერიკელების  სამედიცინო დაზღვევის  ყიდვის შესახებ დავალდებულება ჯარიმის მუქარით ადამიანის უფლებებს არღვევს.

ვინაიდან კანონის მთავარი არსი სწორედ ის იყო, რომ თითოეული მოქალაქე ვალდებული იყო შეეძინა სამედიცინო დაზღვევა, ამ მუხლის გაუქმების შემდეგ მოსამართლემ მთელი კანონი გააუქმა.  ვილსონი მეოთხე მოსამართლეა, რომელმაც ჯანდაცვის რეფორმირების კანონი განიხილა. ორმა მოსამართლემ კანონი ძალაში დატოვა.  აღსანიშნავია, რომ ფლორიდის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ავალდებულებს მთავრობას შეაჩეროს რეფორმა. აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფლორიდის შტატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. საქმე განსახილველად უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნება.

კომენტარები