პრეზიდენტის წლიური მიმართვა

25 იანვარს ბარაკ ობამამ კონგრესს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარუდგინა. გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო ნოემბრის კონგრესის არჩევნებში დემოკრატების დამარცხების გამო. ობამას უნდა ეჩვენებინა, თუ როგორ აპირებს ორი წლის განმავლობაში რესპუბლიკელებით დაკომპლექტებულ კონგრესთან მუშაობას.  მისი მიმართვა დამარცხებული პარტიის ლიდერის მიერ ჭრილობების მოლოკვას უფრო ჰგავდა. საპასუხოდ რესპუბლიკური პარტიის ამომავალი ვარსკვლავი, საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პოლ რაიანი გამოვიდა.

ბარაკ ობამამ გამოსვლაში ეკონომიკაზე გააკეთა აქცენტი. პრეზიდენტმა ნათელი მომავლის მისაღწევად მთავრობის მიერ ხარჯვის გაგრძელების საჭიროება დაასახელა. ერთი წლის წინ ობამა ამას ეკონომიკურ სტიმულს უწოდებდა, ამჯერად სიტყვა „ინვესტიცია” ამჯობინა. პრეზიდენტი ეცადა ამერიკელები დაერწმუნებინა, რომ სახელმწიფო კერძო სექტორს განვითარებაში ეხმარება. ობამამ ინფრასტრუქტურაში, განათლებასა და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაში ინვესტიციების დადებით მხარეებზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღიარა ხარჯვის შემცირების აუცილებლობა. Resurgent Republic-ის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 61% ფიქრობს, რომ მთავრობა უფრო ნაკლებს უნდა ხარჯავდეს. პრეზიდენტი დეფიციტის აღმოფხვრას ნაკლებ მნიშვნელოვანი არასამხედრო ხარჯების ხუთწლიანი გაყინვით აპირებს. ობამას გეგმა აშშ-ს შემდეგი ათი წლის განმავლობაში 400 მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს.

ობამას ინაუგურაციამდე ვალი 10,6 ტრილიონი დოლარი იყო, ახლა კი 14,2-ია. ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის წილი მშპ-სთან შედარებით 20%-დან 25%-მდე გაიზარდა. ჰარვარდის პროფესორ რობერტ ბაროს მიხედვით, ობამას ეკონომიკური სტიმულის სახელმწიფო პროგრამები 600 მილიარდი დოლარის სიკეთეს შექმნის კერძო სექტორიდან ამოღებული 900 მილიარდი დოლარის ფასად. ეს ერთი ჯიბიდან მეორეში ფულის გადატანა და ბიუროკრატიის არაეფექტიანობის გამო გარკვეული ნაწილის დაკარგვაცაა.

ობამა ჯანდაცვის კანონსაც შეეხო, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტს შემდეგი ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 239 მილიარდი დოლარით გაზრდის. ობამამ კანონში ცვლილების შეტანის შესახებაც ისაუბრა, თუმცა ეს ცვლილებები მინიმალური იქნება. რესპუბლიკელები არ აპირებენ კანონში რამდენიმე სიტყვის ცვლილებით შემოიფარგლონ და ობამას რეფორმის საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დატოვება სურთ. რესპუბლიკელების გამარჯვებით შებოჭილმა ობამამ უკვე უარი თქვა მდიდრებისთვის გადასახადების აწევაზე.

რესპუბლიკელების ხარჯვის შემცირების გეგმა პოლ რაიანმა თავის მოკლე გამოსვლაში ჩამოაყალიბა; მხოლოდ რამდენიმე სექტორის შეკვეცა საკმარისი არ იქნება ბიუჯეტის დაბალანსებისათვის. პრეზიდენტის მიერ ნახსენები ინვესტიციები რეალურად სახელმწიფოს ხარჯების გაზრდას გულისხმობს, რადგან ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. ეს კერძო სექტორის მძიმე დაბეგვრას (რაც მის პროდუქტიულობას მკვეთრად დაწევს) ან ვალის კიდევ უფრო გაზრდას გულისხმობს. 3,5-ტრილიონიანი ბიუჯეტიდან 2 ტრილიონი სავალდებულო ხარჯვაა და ამ თანხის შემცირება შეუძლებელია. რესპუბლიკელები ბიუჯეტის წელიწადში 100 მილიარდით შემცირებას აპირებენ, რაც 10 წლის განმავლობაში 1.5 ტრილიონ დოლარს დაზოგავს.

პრეზიდენტ ობამას გამოსვლის ლაიტმოტივი ფრაზები „დროა მომავალი მოვიგოთ” და „ჩვენ დიდ საქმეებს ვაკეთებთ” გახლდათ, თუმცა არსით მისი მოხსენება მინიმალისტური იყო. პრეზიდენტი  თეთრ სახლში სახელმწიფოს სრული რეფორმაციის თითქმის რევოლუციური იდეით მოვიდა, თუმცა ნოემბრის არჩევნებმა პოლიტიკური რეალობის წინაშე დააყენა.

ბარაკ ობამას მთავარი სლოგანი ხელისუფლებაში მოსვლისას იმედი და ცვლილება იყო. თუმცა ნოემბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხი მის მიერ გატარებული ცვლილებით უკმაყოფილოა. ობამას არც მეორე სლოგანი, იმედი, შემორჩა ამერიკელ ხალხს: კომპანია Gallup-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ზოგადი განწყობა უარყოფითია. მაგალითად, ჯორჯ ბუშის დროს მოსახლეობის კმაყოფილება ფედერალური მთავრობით 50%-დან 41%-მდე დაეცა, ობამას პერიოდში კი 31%-ს გაუტოლდა. ეს კი ობამასთვის შეიძლება მომავალი არჩევნების წინასწარმეტყველებად იქცეს.

 

კომენტარები