ბალტიური ვეფხვი

პირველი საშობაო ნაძვის ხე ესტონეთის დედაქალაქში 1441 წელს დადგეს. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ესტონელ ბავშვებს საბჭოთა ნაძვის ხესთანაც მოუწიათ სიმღერა და ნაცისტურთანაც. თუმცა წელს ესტონეთში ახალი წლის დადგომა განსაკუთრებით უხაროდათ. ქვეყანა პირველი იანვრიდან ევროზონის წევრი გახდა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ესტონეთმა ნათლად აჩვენა, რომ დამანგრეველი საბჭოთა ეკონომიკის შემდეგაც კი, შესაძლებელია, დასავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს გაუთანაბრდე.

ახალი წლის ღამეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი სპეციალურად დაყენებულ ბანკომატთან მივიდა და ევროზონაში შესვლის აღსანიშნად ევროკუპიურები გამოიტანა. ევრომდე ესტონეთი საკუთარი დამოუკიდებლობის სიმბოლოდ ქცეული ვალუტით, კრონით სარგებლობდა. ესტონური კრონი პირველად 1918 წელს რუსეთის იმპერიიდან გათავისუფლების შემდეგ შემოიღეს. საბჭოთა ანექსიის დროს ის გააუქმეს, თუმცა 1990-იან წლებში სახელმწიფომ დამოუკიდებლობასთან ერთად თავისი ვალუტაც დაიბრუნა.

დღეს ზოგისთვის გასაკვირიც არის, თუ რატომ სურს ესტონეთს ევროზონაში შესვლა მაშინ, როცა ევროპის ერთიან ვალუტას გარკვეული პრობლემები აქვს. საბერძნეთი, ირლანდია, პორტუგალია და ესპანეთი ამის ნათელი მაგალითებია. ევროზონის წევრების გადარჩენა გერმანიის ვალდებულებად გადაიქცა. წევრებმა მუდმივი დახმარების ფონდის შექმნაც კი გადაწყვიტეს, რომლის ბიუჯეტიც 600 მილიარდი ევრო იქნება. გასაჭირში მყოფ ქვეყნებს ამ ფულის ნებისმიერ დროს გამოყენება შეეძლებათ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ არც ევროზონის ქვეყნებს სწამთ ევროს სტაბილურობის და სავარაუდო გასაჭირს წინასწარმეტყველებენ.

თუმცა 1.3 მილიონმოსახლიანი ბალტიური სახელმწიფოსთვის ევროზონაში შესვლა ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოების და, შესაბამისად, უსაფრთხოების სიმბოლოც არის. 2004 წელს ევროკავშირში და NATO-ში შესვლის შემდეგ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია რუსეთის ჰიპოთეტური ორბიტიდან ევროპისაკენ (კრემლს ეს ნაბიჯი უყურადღებოდ არ დარჩენია და ესტონეთის ევროს მონეტაზე რუსეთის ნაწილის გამოსახვაში დაადანაშაულა ევროზონის ახალგაზრდა წევრი).

ესტონეთის ევროზონაში შესვლა სხვა ქვეყნებს გარკვეულ გაკვეთილს სთავაზობს. პირველი ის არის, რომ პატარა, ღარიბ, პოსტსაბჭოთა ქვეყანასაც კი, რომელიც დემოგრაფიული კრიზისის პირასაა, შეუძლია გადარჩეს და მეტიც, აყვავების გზას დაადგეს. მეორე – ხარჯების მკვეთრი შემცირება ეკონომიკური კრიზისის პირობებში სიტუაციის შეცვლის ერთადერთი გზაა. 2009 წელს ესტონეთის ეკონომიკა 14%-ით შემცირდა. 2011 წელს კი 4.4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ყველაზე ახალ, პატარა და ღარიბ წევრს ყველაზე მცირე საჯარო ვალი, მშპ-ს 8% ექნება. ევროზონის დანარჩენი 16 ქვეყნის საჯარო ვალის მშპ-სთან დამოკიდებულება 2008 წლის 69.8%-დან 79.2%-მდე გაიზარდა.

თუმცა ესტონეთში ყველაფერი არც ისე ვარდისფერ ფერებშია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს: ინფლაცია იზრდება, უმუშევრობა 2011 წლის დასაწყისისთვის თითქმის 17.5%-იან ნიშნულს აღწევს, ანალიტიკოსები „ტვინების გადინებაზე’’ ღელავენ. თუმცა ამ ყველაფერს ეკონომიკური წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია.

სამუელ ჰანტინგტონის მიხედვით, ესტონეთი ცივილიზაციათა შეჯახების საზღვარზეა. ამის გამო ქვეყანა ისტორიკოსებისთვის ყოველთვის საინტერესო იყო, მაგრამ ხალხისთვის ცხოვრება არცთუ ისე ადვილი გახლდათ. ნაცისტური გერმანიის და ორი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ესტონეთი 1990-იან წლებს განადგურებული შეხვდა.

1939 წლამდე ესტონეთის და ფინეთის საცხოვრებელი სტანდარტები და ერთ მოქალაქეზე შემოსავალი თითქმის თანაბარი იყო. საბჭოთა კავშირთან ბრძოლაში ფინეთმა მოსახლეობის დიდი ნაწილი და ტერიტორია დაკარგა, თუმცა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ესტონეთს კი მოსახლეობის 20%-თან ერთად დამოუკიდებლობაც წაართვეს. ორ საპირისპირო სისტემაში მცხოვრებ ქვეყნებს შორის განსხვავება ძალიან მალე გაიზარდა: 1987 წლისათვის ფინეთის ერთ მოსახლეზე შემოსავალი $14, 370 იყო, ესტონეთში კი მხოლოდ $2000.

1991 წელს ესტონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყანას განადგურებული ეკონომიკა ერგო. 1992 წელს ინდუსტრიული წარმოება 30%-ით შემცირდა, უფრო მეტად, ვიდრე დიდი დეპრესიის დროს. მოსახლეობის შემოსავალი 45%-ით შემცირდა, ინფლაცია 1000%-ს გაუტოლდა, საწვავის ფასი კი 10,000%-ით გაიზარდა. ესტონეთის ვაჭრობის 92% რუსეთზე მოდიოდა (მაშინ როცა საბჭოთა ოკუპაციამდე ეს მაჩვენებელი 3% იყო). ასეთ პირობებში მთავრობაში კოალიცია ისამაალიიტი (მამულის კავშირი) მოვიდა. ახალგაზრდა მთავრობამ გააანალიზა, რომ მცირე ნაბიჯები ეკონომიკის დასახმარებლად საკმარისი არ იქნებოდა. 32 წლის პრემიერ-მინისტრმა მარტ ლაარმა პოლონეთის ეკონომიკური რეფორმების მამამთავრის, ლეშეკ ბალცეროვიჩის რჩევა გაითვალისწინა: მწარე წამლის ერთიანად დალევა უფრო მარტივია, ვიდრე მცირე დოზებით.

ესტონეთის ეკონომიკური რეფორმები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილებას ჰგავდა. საწყისი ეკონომიკური რეფორმა მონეტარული იყო. პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთმა პირველმა შემოიღო საკუთარი ვალუტა, თუმცა ეს პროცესი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. რეფორმა სამ მიზანს ემსახურებოდა: ინფლაციის შეჩერება, ვალუტის ფასის სტაბილურობა მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე და ფულის რაოდენობის განსაზღვრა. ესტონური კრონი გერმანულ მარკას მიემაგრა და ამით მეტი სტაბილურობა და ნდობა დაიმსახურა.

რეფორმა წარმატებული გამოდგა, თუმცა მონეტარულ რეფორმაზე უფრო მნიშვნელოვანი დაბალანსებული ბიუჯეტია. მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ესტონეთის პარლამენტს მხოლოდ დაბალანსებული ბიუჯეტი წარედგინება. ამასთანავე, მთავრობა ფულის დაბეჭდვაში შეიზღუდა. ესტონეთმა უარი თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებულ დახმარებებზეც. ბიუჯეტის დაბალანსების მიზნით ხარჯვის შემცირება გადაწყდა.

რეფორმებს, რა თქმა უნდა, დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. მთავრობის მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციურ ძალებს არ სურდათ საბიუჯეტო საკითხებზე დებატებში ჩართვა და ხარჯვის შემცირების წინააღმდეგ გამოდიოდნენ როგორც პარლამენტში, ისე ქუჩაში. მთავრობაში მყოფ პარტიას ძალიან უჭირდა მნიშვნელოვანი კანონების მიღება, თუმცა მაინც ახერხებდა (ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იხსენებს, რომ მათი პარტიის ერთ-ერთი წევრი მშობიარობის შემდეგ პირდაპირ პარლამენტში წაიყვანეს, რათა კანონის მიღებისთვის მიეცა ხმა).

ხარჯვის შემცირებასთან ერთად, მთავრობამ მოახერხა ყველა შესაძლო ობიექტის პრივატიზაცია, შეაჩერა საბჭოთა „დინოზავრი ქარხნების” სუბსიდირება. რეფორმებმა შედეგები უკვე 1993 წელს გამოიღო. ინფლაცია 1000%-დან 89%-მდე, 1995 წელს კი 29%-მდე შემცირდა.

შემდეგი ნაბიჯი ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შექმნა იყო. მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა თანაბარ პირობებში ჩააყენა როგორც ადგილობრივი ბიზნესები, ისე უცხოელი ინვესტორები. ბიზნესის წარმოება გამარტივდა, შემცირდა სავაჭრო ტარიფები და არასატარიფო ბარიერები, ექსპორტზე ყველა შეზღუდვა  მოიხსნა. ამ რეფორმებსაც წინააღმდეგობა შეხვდა: ოპოზიციური ძალები ეკონომიკის სტრატეგიული ნაწილებისა და ადგილობრივი მეწარმეების დაცვას მოითხოვდნენ. მთავრობის სიმამაცემ ესტონეთს ეკონომიკური წარმატება მოუტანა.

კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯი უცხოურ დახმარებაზე უარის თქმა იყო. ესტონეთმა არ მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის დახმარებები. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებდა: არ მოგვცეთ დახმარება, ვივაჭროთ უფრო მეტი!

აღნიშნულ რეფორმებს 1994 წელს ყველასთვის ერთნაირი, 26%-იანი გადასახადის შემოღება მოჰყვა. 2005 წლის იანვარში შემოსავლის გადასახადი 24%-მდე შემცირდა, 2006-ში – 23%-მდე, 2008 წელს კი საბოლოოდ 21% გახდა. ამგვარი ნაბიჯები მნიშვნელოვნად ამცირებდა გადასახადებს, ამარტივებდა საგადასახადო სისტემის მართვას. შედეგად, ესტონეთში მეწარმეთა რაოდენობა 2 ათასიდან (1992) 70 ათასამდე (1994) გაიზარდა. ქვეყნის გამოცდილება ყველასთვის ერთნაირი გადასახადის დაწესებაში გაითვალისწინეს სხვა ქვეყნებმა: ლიტვამ და ლატვიამ, 2001 წელს რუსეთმა, მოგვიანებით საქართველომ და უკრაინამ, 2004 წელს კი  სლოვაკეთმა და 2005 წელს რუმინეთმა.

რეფორმების შედეგად ესტონეთი პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა, რომელმაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში (Heritage Foundation; The Wall Street Journal) თავისუფალის სტატუსი მიიღო. ყოველწლიურად ესტონეთის ეკონომიკა საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა, 2005 წელს ის 11%-ით, 2006 წლის პირველ ნახევარში კი 12%-ით გაიზარდა. გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით, ესტონეთი არც ისე განვითარებული ქვეყნიდან, განვითარებულად იქცა. ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ ესტონეთი 24-ე ადგილზეა და განვითარების სწრაფი ტემპის გამო, ბალტიური ვეფხვის სახელით მოიხსენიება.

კომენტარები