პირველი საგადასახადო ომბუდსმენის ვინაობა კვირის ბოლოს დასახელდება

 პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური საგადასახადო ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს დღეს საღამოს ოთხ ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრაზე განიხილავს. ამის შესახებ ”ტაბულას” პრემიერის პრეს სპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა განუცხადა.  მისი თქმით,  საგადასახადო ომბუდსმენის ვინაობას გილაური კვირის ბოლომდე დაასახელებს. მჭედლიშვილმა ამ პოსტზე წარდგენილი სავარაუდო კანდიდატების ვინაობა არ დაასახელა.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, კი შესაძლო კანდიდატებს შორის არიან პრემიერ მინისტრის მრჩეველი ბიზნეს ინტერესების დაცვის საკითხებში გიორგი პერტაია, სავაჭრო–სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ჯემალ ინაიშვილი და რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია.

საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. ბიზნესმენების უფლებათა დამცველს, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს. საგადასახადო ომბუდსმენი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, რადგან ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

კომენტარები