სააკაშვილი: მეჩეთების თემით სპეკულირება საქართველოს სახელმწიფოებრიობას ანგრევს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გამართულ მედიაპროექტში  ”პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს”,   თურქეთსა და საქართველოს შორის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს  გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ თურქეთი ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ იმ მეჩეთის აღდგენას ითხოვს, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს.  მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლობას აქვს განსაკუთრებული როლი, თუმცა საქართველოს მუსულმანური მოსახლეობა ქვეყნის განსაკუთრებული ნაწილია.

“ ვინც ამბობს, რომ მეჩეთი არ უნდა აშენდეს, ცდება. ჩვენ ამით პირდპირ ვეუბნებით ხულოელ და მარნეულელ მუსულმანებს, რომ არაა საქართველოში მათი ადგილი. მეჩეთების თემით სიტუაციის ამტუტება და  სპეკულირება რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დაუშვებელია,“ აღნიშნა პრეზიდენტმა „საქართველოში დღეს  მოქმედებს 200–ზე მეტი მეჩეთი, მოქმედი სასულიერო პირებით და მრევლით. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო, იაფფასიან დემაგოგიას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.  საქართველო ეკუთვნის ყველას.  ეს არ არის რელიგიური საკითხი. ეს პოლიტიკური და კულტურული მეკვიდრეობის საკითხია,“ დასძინა მან.

 იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ოთხი ტაძრის -  ოშკის, ოთხთას, ხანძთისა და იშხანის  აღდგენის შესახებ  თურქეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები ორი წლის წინ დაიწყო   და საპატრიარქოს პოზიციის გამო შეფერხდა. 2010 წელს მოლაპარაკებები განახლდა.  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ  10 იანვარს გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები საბოლოო სტადიაში იმყოფება და, სავარაუდოდ, მალე დასრულდება.

 ამ განცხადებას ძალიან მალე მოჰყვა საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, რომელშიც საპატრიარქომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართვა მოითხოვა. ამასთანავე, საქართველოს საპატრიარქო საკუთარ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ”ქართული მხარისთვის ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტი ლაზებით დასახლებულ ზღვისპირა ზოლში დანგრევის პირას მყოფი არდაშენის ტაძრის აღდგენა, ასევე ხახულის ტაძრიდან მეჩეთის გადატანა და მნახველთათვის მისი გახსნაა”. საპატრიარქოს ამ განცხადებას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. მიხეილ სააკაშვილმა ამ თემაზე საჯარო კომენტარი დღეს პირველად გააკეთა.


კომენტარები