პაკისტანში თინეიჯერი გოგონა ნათესავებმა ”ოჯახის ღირსების შელახვის” გამო მოკლეს

პაკისტანში 17 წლის გოგონა ოჯახის წევრებმა ელექტროშოკის გამოყენებით მოკლეს იმის გამო, რომ უფროსების თანხმობის გარეშე აპირებდა გათხოვებას. უცხოური მედიის ცნობით, საიმა ბიბის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება სოფლის საბჭოს კრებაზე გადაწყდა, რომელშიც მისი ოჯახის წევრები და ნათესავებიც მონაწილეობდნენ. პოლიციის ინფორმაციით, სოფლის საბჭომ მას ”ოჯახის შერცხვენაში” დასდო ბრალი.

პაკისტანის პრემიერ მინისტრმა, იუსუფ რეზა გილანიმ სამართალდამცავ ორგანოებს საქმის ”დეტალური გამოძიება” დაავალა. მან ფაქტს ”ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის სამწუხარო შემთხვევა უწოდა.” პოლიციის ცნობით, უკვე დაკავებულია საიმა ბიბის მამა და ბიძა.

პაკისტანის სოფლებში მკვლელობები ”ღირსების დასაცავად” საკმაოდ ხშირად ხდება. ძველი ტრადიციის მიხედვით, ოჯახის წევრი მამაკაცების ნებართვის გარეშე დაქორწინება ან ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის დამყარება ოჯახისა და ტომისთვის ”სერიოზულ შეურაცხყოფად” ითვლება. პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის ანგარიშში მითითებულია, რომ 2009 წელს ”ღირსების დასაცავად” პაკისტანში დაახლოებით 560 ქალი მოკლეს. 

კომენტარები