ვაშაძემ და ალიევმა ”სამხრეთ კორიდორზე” და რეგიონში უსაფრთხოებაზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძისა და  აზერბაიჯანის პრეზიდენტის,  ილჰამ ალიევის შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრა ბაქოში, ვაშაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გუშინ გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრაზე  ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს აზერბაიჯანში ვიზიტის  შედეგებზე ისაუბრეს. ”ამ კონტექსტში განვიხილეთ  მომავალი პროექტები, რომლებიც საქართველოს და აზერბაიჯანის ერთობლივ ეკონომიკურ ძალისხმევას გააერთიანებს,“ განაცხადა  შეხვედრის დასრულების შემდეგ  ვაშაძემ. 13 იანვარს, ბაქოში ბაროზუმ და ალიევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანმა აიღო ვალდებულება ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის გვერდის ავლით ბუნებრივი აირის ”მნიშვნელოვანი” მარაგი მიაწოდოს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამედიაროვს და ტრანსპორტის მინისტრს, ზია მამედოვსაც შეხვდა.  საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ორივე შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა ორმხრივ ეკონომიკურ პროექტებზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებზე.

აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური უწყების პირველი პირის განცხადებით კი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მხრივ ბევრი იდეა არსებობს. "ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ჩვენ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ვისაუბრეთ, რომელიც ექსპლუატაციაში 2013 წლამდე უნდა შევიდეს. ყურადღება გავამახვილეთ ასევე ენერგეტიკულ ურთიერთობებზე და უნდა ითქვას, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი ამ თვალსაზრისით საკმაოდ კარგად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის განვითარებისთვის ჩვენ ბევრი იდეა გვაქვს", - განაცხადა ელმარ მამედიაროვმა.

კომენტარები