საპატრიარქო თურქეთში მდებარე ტაძრების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვას მოითხოვს

საქართველოს საპატრიარქომ ტაძრებისა და მეჩეთების აღდგენასთან დაკავშირებით თურქეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართვა მოითხოვა. საპატრიარქოს ვებ გვერდზე 18 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკლესია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომელიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მესაკუთრეა. ”ამგვარად, თურქეთის მხარისთვის წარდგენილი ტაძრების სია და მოლაპარაკებების პირობები, ბუნებრივია, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მის მესაკუთრესთან - საქართველოს საპატრიარქოსთან, რაც არც ადრე და არც ახლა არ განხორციელებულა,” აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს თქმით, ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორებიც არის ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი ... იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო. ”მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან სხვა ტაძრების რესტავრაციის შესახებ უნდა გვეწარმოებინა,” წერია განცხადებაში.

საპატრიარქოს თქმით, თურქეთი საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოა, რომელთანაც ”კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს.” ” სწორედ ამიტომ ისმის კითხვა: მაშინ, როდესაც საქართველოში ახლადგახსნილი უამრავი მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ამის სანაცვლოდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში რატომ არ შეიძლება გაიხსნას თუნდაც 2-3 მონასტერი და რატომ გვთვაზობს თურქული მხარე ამის განხორციელებას მხოლოდ ნაცვალგების საფუძველზე, თანაც 5/4 შეფარდებით?” ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთანავე, საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ქართული მხარისთვის ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტი ლაზებით დასახლებულ ზღვისპირა ზოლში დანგრევის პირას მყოფი არდაშენის ტაძრის აღდგენა, ასევე ხახულის ტაძრიდან მეჩეთის გადატანა და მნახველთათვის მისი გახსნაა. საპატრიარქოსვე თქმით, თავიდანვე უნდა განისაზღვროს, თუ ვის საკუთრებაში იქნება საქართველოში აღდგენილი მეჩეთები, თურქეთში კი - ტაძრები.

იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ოთხი ტაძრის აღდგენის შესახებ  თურქეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები ორი წლის წინ დაიწყო   და საპატრიარქოს პოზიციის გამო შეფერხდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 10 იანვარს გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები საბოლოო სტადიაში იმყოფება და, სავარაუდოდ, მალე დასრულდება.

კომენტარები