ისრაელი — მეტი გამჭირვალეობა თუ მაკარტიზმი?

ისრაელმა ახალი წელი ახალი პოლიტიკური დაპირისპირებით დაიწყო. იანვრის დასაწყისში ქნესეთმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროს შემოწმების შესახებ კანონი მიიღო. ისრაელის მემარჯვენე პარტიები აცხადებენ, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში დაფინანსებას არაბული ქვეყნებიდან იღებენ და ისინი ისრაელის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. მემარცხენე ჯგუფები კი ამ ინიციატივას „მაკარტიზმს” ადარებენ.

2001 წლის დურბანის ოდიოზური კონფერენციიდან მოყოლებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ისრაელის წინააღმდეგ კოორდინირებული სტრატეგიით მოქმედებს  –  საერთაშორისო არენაზე ამ ქვეყნის იზოლაცია და დემონიზაცია. ისრაელის და პალესტინის გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩაბმულები ამ სტრატეგიის განხორციელებაში, მაგრამ მათი პრეტენზიები და მიზნები დღემდე კრიტიკის მიღმა რჩება. სამაგიეროდ პოლარიზებას და სერიოზულ საერთაშორისო აღშფოთებას იწვევს ქნესეთის ახალი ინიციატივა. ანტიდემოკრატიულობის იარლიყი უკვე მიეწება საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას. სამწუხარო კი ისაა, რომ იდეოლოგიური სპექტრის ორივე ბოლოს მდგარი ძალები იგნორირებას უკეთებენ საკითხის სირთულესა და მის მნიშვნელობას.

კომისიის შექმნა მმართველი კოალიციის ინიციატივა იყო. ინიციატორების აზრით, ასეთი კომისია მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს: არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მიზანი ხომ ადამიანთა უფლებებზე და შესაბამისად, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვაა. საზოგადოება კი ღირსია ორგანიზაციების დამფინანსებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს. აქტუალურობა ამ კანონის მიღებამ მას შემდეგ შეიძინა, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები არა ადამიანის უფლებათა დაცვისკენ, არამედ ისრაელის ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. კანონის მომხრეები აცხადებენ, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა ბ’ცელემი, ადამიანის უფლებათა ასოციაცია ისრაელში და საჯარო კომისია წამების წინააღმდეგ, დაფინანსებას არაბული წყაროებიდან იღებენ. დამფინანსებლების მთავარი მიზანი კი ისრაელის ინტერესების შელახვაა. 

„ამ ორგანიზაციებს სულაც არ ადარდებთ ადამიანთა უფლებები. მათ არასდროს უმუშავიათ ქალთა უფლებებზე არაბულ საზოგადოებებში, არც საუდის არაბეთში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ გამოუქვეყნებიათ რამე. ამ ორგანიზაციების მთავარი მიზანი ისრაელის თავდაცვითი ძალებისთვის ტერორიზმთან ბრძოლაში ხელის შეშლაა”, –  ნათქვამია პარტიის – ჩვენი სახლი ისრაელი – მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხშირად ისრაელის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის ბოიკოტსიწვევს. მაგალითად, გოლდსტაინის კომისიამ ბ’ცელემისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებების საფუძველზე ისრაელს ორი წლის წინ ღაზის სექტორში ომის დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი.

ადამიანის უფლებათა დამცველები ისრაელში აცხადებენ, რომ ქნესეთის მიერ მიღებული კანონი მათი ორგანიზაციების მიმართ საზოგადოებაში ზიზღსა და უნდობლობას შექმნის. მათივე განცხადებით, ისრაელის ინტერესებს საფრთხეს უქმნის არა მათი დაფინანსების წყაროების არცოდნა, არამედ ისრაელის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების ხშირი დარღვევა. 

ისრაელის კანონის შესახებ კომენტარი ამერიკის ებრაელთა კომიტეტმაც გააკეთა: „კონკრეტული ჯგუფების მიზანში შერჩევითი ამოღება ისრაელის პოლიტიკურ და ლეგალურ ტრადიციებს ეწინააღმდეგება. ეს სასიკეთო ვერ იქნება ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი დემოკრატიისათვის. თუ არსებობს ეჭვი, რომ უცხო მთავრობები, შესაძლოა მტერიც, ისრაელში სამოქალაქო და პოლიტიკურ ორგანიზაციებს აფინანსებს, ამგვარი დაფინანსების წყაროების საჯაროდ ქცევაზე დებატები მთელ პოლიტიკურ სპექტრში უნდა მიმდინარეობდეს”.

ისრაელის ანალოგიური კანონმდებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გააჩნია. ის უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის სახელით არის ცნობილი. კანონი იმ პირებისა და ორგანიზაციების, მათი დაფინანსების წყაროების განსაჯაროებას მოითხოვს, რომლებიც უცხო მთავრობის პრინციპების და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობენ პოლიტიკურ ან კვაზიპოლიტიკურ საქმიანობაში. თუმცა, ისრაელის კანონისგან განსხვავებით, აშშ-ის კანონმდებლობა ინდივიდებსა და ორგანიზაციებს თავად აძლევს საშუალებას მოახდინონ ასეთი სახის ინფორმაციის საჯაროდ დეკლარირება.

2005 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ აქტი ევროკომისიამაც მიიღო. აქტს ევროპის გამჭვირვალობის ინიციატივა ეწოდება და მისი მიზანი ევროკავშირის რესურსების ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის საჯაროობაა. თუმცა, ევროპა, რომელიც ხშირად სხვებს უთითებს დემოკრატიის დეფიციტზე, დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ ძირითად წესებს სამწუხაროდ თავადვე არღვევს. მაგალითად, წარმოუდგენელია ინფორმაციის მოპოვება იმ პროცესის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება ევროკავშირის მიერ იეშ დინი (ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პალესტინელების უფლებებს იცავს), ადალაჰი (ისრაელში არაბული უმცირესობის სამართლებრივი დახმარების ცენტრი) და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. არადა, სწორედ ეს ორგანიზაციები ცდილობენ სისრულეში მოიყვანონ დურბანის სტრატეგია ისრაელის იზოლაციის კუთხით. 

უფრო მეტიც, ახლახან NGO Monitor-მა და The Jerusalem Post-მა გამოავლინეს, რომ ჰოლანდიის ხელისუფლება მხარს უჭერდა და აფინანსებდა ისრაელის საწინააღმდეგო ელექტრონულ ინტიფადას. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი გააოცა იმის აღმოჩენამ, რომ მისივე მთავრობა ებრაელებსა და არაბებს შორის კონფლიქტის გაღვივებას უწყობდა ხელს. სამწუხაროდ, ასეთი მაგალითები ჰოლანდიასა და მთელს ევროპაში მრავლად გვხვდება.

კომენტარები