სააკაშვილის ამერიკული ვიზიტი

რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალურ ცერემონიაზე დასასწრებად აშშ-ში მყოფი პრეზიდენტი სააკაშვილი, ღონისძიების დასრულების შემდეგ ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენს შეხვდა. 

პრეზიდენტმა კონსულტაციები ვაშინგტონშიც გამართა. მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს ჯონ ბეინორს შეხვდა. „ჩვენ გავმართეთ კონსტრუქციული დიალოგი იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, საქართველომ ურყევად შეინარჩუნოს თავისუფლება და დემოკრატია. იმ ქვეყანამ, რომელმაც მოკავშირეების წყალობით „აბსოლუტური ტირანიის” უღელი მოიშორა”, აღნიშნა ბეინორმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე პრეზიდენტმა კონგრესმენებთანაც გამართა დიალოგი, ხოლო სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ კორპორაციისაგან საქართველო დახმარების მეორე პაკეტს მიიღებს. 

მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის American Enterprise-ის სტუმარიც იყო. 15-წუთიან გამოსვლაში სააკაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, კორუფციის შემცირებასა და რუსეთზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ასევე მიმოიხილა საქართველოში ჩატარებული პოლიციის რეფორმა და ყურადღება გაამახვილა ათასწლეულის გამოწვევის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე. 

კომენტარები