ოცნება საოცნებო ლიგაზე

ყველაფერი 1954 წლის დეკემბერში, ინგლისურ გაზეთ დეილი მეილში გამოქვეყნებული წერილით დაიწყო: ვულვერჰემპტონ უონდერერზმა ამხანაგურ მატჩებში ბუდაპეშტის ჰონვედს 3:2 სძლია, მოსკოვის სპარტაკი 4:0 გაანადგურა, ჟურნალისტმა კი ინგლისური კლუბი მსოფლიოს ჩემპიონად მონათლა.

ბრიტანელთა წერილმა ლა მანშის სრუტის აღმოსავლეთით, პარიზში, ფობურჟ-მონმარტრის 10 ნომერში, გაზეთ ეკიპის რედაქციაში შეკრებილი თანამშრომლები გააღიზიანა, 15 დეკემბერს კი 65 წლის გაბრიელ ანომ გამოაქვეყნა საპასუხო წერილი, სადაც ინგლისელებს თავშეკავებისკენ მოუწოდა: „არ არის საჭირო მხოლოდ ორი მატჩის შედეგებით კლუბის მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადება. ნუთუ არავის აინტერესებს, როგორ ითამაშებს ვულვერჰემპტონი ბუდაპეშტში ან მოსკოვში? არც სხვა ძლიერი კლუბების დავიწყება ივარგებს – თუნდაც მილანის ან რეალის...”

გაბრიელ ანო, 20-იან წლებში საფრანგეთის ნაკრების მცველი, 40-იან წლებში კი მთავარი მწვრთნელი, ხსენებულ წერილში საფეხბურთო საზოგადოებას საკლუბო ტურნირის იდეას სთავაზობდა, სადაც ევროპის ქვეყნების ჩემპიონები ითამაშებდნენ და კონტინენტის უძლიერეს კლუბს გაარკვევდნენ.

ანოს იდეა სხვა ჟურნალისტებმაც გაიზიარეს, რედაქციამ კი მომდევნო წელს არაერთი წერილი მიუძღვნა სათასო ტურნირს. ფრანგების პროექტს მხარდამჭერები  ნელ-ნელა სხვა ქვეყნებშიც გამოუჩნდნენ, 1955 წლის მარტში კი ანო და მისი თანამოაზრე ჟაკ ფერანი ავსტრიის დედაქალაქში ჩავიდნენ – ვენამ რამდენიმე თვით ადრე დაარსებულ უეფას პირველ კონგრესს უმასპინძლა. ჟურნალისტებმა მაღალჩინოსნების გული ვერ მოიგეს, მაგრამ ბრძოლა არ შეწყვიტეს – ჯერ პარიზში უმასპინძლეს ესპანეთის, ბელგიის, უნგრეთის და შოტლანდიის უძლიერესი კლუბების წარმომადგენლებს, შემდეგ რამდენჯერმე კვლავ შეაწუხეს უეფა და 1955 წლის 21 ივნისს, პარიზში, ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტისგან ნანატრი სიტყვებიც მოისმინეს: უეფამ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშების ორგანიზება გადაწყვიტა!

გაბრიელ ანოს პირველი წერილიდან ათ თვეში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება დაიწყო: 1955 წლის 4 სექტემბერს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში სპორტინგმა იუგოსლავიის უძლიერეს კლუბ ბელგრადის პარტიზანს უმასპინძლა. ანო იმ თამაშს სპეციალური კორესპონდენტის სტატუსით დაესწრო...

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, 1992 წელს კი უეფამ ტურნირის ფორმატი პირველად შეცვალა: 1992-93 წლების სეზონიდან ჯგუფური ეტაპი გაჩნდა. თუმცა, მთავარი მაინც ის იყო, რომ ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ძალიან დიდი ფული ჩაიდო – კლუბებისთვის ეს ტურნირი ათმაგად მიმზიდველი გახდა.

დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ 1992 წელს უეფა სწორად მოიქცა, როცა ჩემპიონთა თასის გათამაშების ლიგით ჩანაცვლება გადაწყვიტა. მართალია, მერე და მერე ტურნირი არა მხოლოდ ჩემპიონთა შეჯიბრებად იქცა (1999-2000 წლების სეზონში ფინალში ესპანეთის რეალი და ვალენსია გავიდნენ, არადა, 1999 წელს ლა ლიგა ბარსელონამ მოიგო), მაგრამ საერთო ჯამში, ევროპული და ზოგადად, საკლუბო ფეხბურთის განვითარებას ძალიან შეუწყო ხელი.

საწყის წლებში ჩემპიონთა ლიგა ძლიერი საფეხბურთო ლიგების – იტალია, ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია – ტურნირად აღიქმებოდა (იშვიათი გამონაკლისის გარდა, დასკვნით ეტაპზე სწორედ ამ ქვეყნების კლუბები ასპარეზობდნენ), თუმცა 2007 წელს, უეფას სათავეში მიშელ პლატინის მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა უეფას საპრეზიდენტო არჩევნებში შვედ ლენარტ იუჰანსონს სწორედ ეგრეთ წოდებული მეორეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყნების ხმებით აჯობა, რადგან მათ ბობოლების შევიწროებას და კუთვნილი ადგილის დაბრუნებას დაჰპირდა. მალე პლატინიმ სიტყვა საქმედ აქცია: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წესები შეიცვალა, შედეგად კი ჩვენ უფრო დემოკრატიული სურათი მივიღეთ – ინგლისის, იტალიის, ესპანეთის და გერმანიის 4-4 კლუბის ნაცვლად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში თითქმის ყველა წელგამართული საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელს ვხედავთ, მიმდინარე სეზონში კი რამდენიმე მათგანმა გრანდების დაჯაბნა და მერვედფინალში გასვლაც შეძლო: დანიის კოპენჰაგენი მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩა, დონეცკის შახტარმა კი სულაც ლონდონის არსენალს აჯობა!

ეს მხოლოდ ერთზე მიუთითებს – ნელ-ნელა დაბრუნდება დრო, როცა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასისთვის ბარსელონას, მილანის, მანჩესტერ იუნაიტედის, ბაიერნის და რეალის მხარდამხარ თანაბრად იბრძოლებენ ბელგრადის ცრვენა ზვეზდა, კიევის დინამო, ბრიუსელის ანდერლეხტი, გლაზგოს სელტიკი ან ნოტინგემ ფორესტი. სწორედ ისე, როგორც ჩემპიონთა ლიგის ჩამოყალიბებამდე იყო.

აი, თბილისის დინამო და ზოგადად, საქართველოს ჩემპიონი როდის გამოჩნდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. სამწუხაროდ, ფაქტი ფაქტად რჩება: უეფას წევრი 14 ქვეყნის მხარდამხარ (ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ირლანდია, უელსი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა, ბოსნია, ალბანეთი, მაკედონია, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი), საქართველოს უძლიერესი კლუბისთვის ლიგის ჯგუფური ეტაპი კვლავაც აუხდენელ ოცნებად რჩება.

სამაგიეროდ, მათთვის, რომლებმაც თუნდაც ერთხელ გაუსინჯეს გემო ამ ტურნირს, ლიგის დავიწყება ძალიან რთულია. რატომ? თავად განსაჯეთ:

ჩემპიონთა ლიგის 2009-10 წლების სეზონის დასრულების შემდეგ უეფამ ჯგუფურ ეტაპზე გასულ კლუბებს 746 მილიონ 400 ათასი ევრო გადაუნაწილა! ყველაზე მეტი, ცხადია, ტრიუმფატორ მილანის ინტერს ერგო – 48 მილიონ 759 ათასი ევრო. ფინალში დამარცხებულმა მიუნხენის ბაიერნმა შედარებით ნაკლები – 44 მილიონ 862 ათასი მიიღო, თუმცა ეს მეორე შედეგი არ იყო: გერმანელებზე მეტი მანჩესტერ იუნაიტედმა გამოიმუშავა – სერ ალექს ფერგიუსონის კლუბი ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა, მაგრამ საერთო ჯამში 45 მილიონ 811 ათასი ევროთი შეავსო საბანკო ანგარიში.

ამ სამ გრანდთან შედარებით შარშანდელი ლიგის მონაწილე 32 გუნდიდან ყველაზე ხელმოცარულის, ჰაიფას მაქაბის შემოსავალი – 8 მილიონ 530 ათასი ევრო – ეგებ, სახსენებლადაც არ ღირს, მაგრამ თქმა არ უნდა, რომ ამ თანხამ კლუბს ძალიან არგო. და საერთოდ, დღეს დამატებითი შემოსავალი მხოლოდ თუ წაადგება საქმეს – ამ შემთხვევაში ფეხბურთს, თორემ არავის დააზარალებს.

კომერციულ-მარკეტინგული თვალსაზრისით, ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოს საუკეთესო ტურნირია – ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლი უნაკლო მარკეტინგის და სრულყოფილი სტრუქტურის წყალობით წლიდან წლამდე მილიარდ ევრომდე გამოიმუშავებს და თანხის დიდ ნაწილს ისევ და ისევ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბებს და თავის წევრ საფეხბურთო ასოციაციებს ახმარს.

შედეგიც სახეზეა – ჩემპიონთა ლიგა პოპულარობით და სიძლიერით ფიფას მსოფლიო ჩემპიონატს არ ჩამოუვარდება, ყოველ  სეზონში რამდენიმე მილიარდი ტელემაყურებელი ჰყავს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ტურნირში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ.

სწორედ ამიტომაა, რომ ევროგრანდებისთვის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა დიდ ფინანსურ ზარალთან ასოცირდება, სუსტი კლუბებისთვის კი ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა (მეტზე რომ არაფერი ვთქვათ) ასრულებულ ოცნებას ჰგავს.

უეფას ოფიციალური გამოცემის – UEFA Direct – ინფორმაციით,  2010-11 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრილი კლუბები თანხას შემდეგნაირად გამოიმუშავებენ:

მხოლოდ ჯგუფში მოხვედრისთვის 32 გუნდიდან თითოეული 3,9 მილიონ ევროს მიიღებს. ჯგუფში ჩატარებული თითოეული მატჩისთვის – შედეგს მნიშვნელობა არ აქვს – 550 ათასი ევროა გათვალისწინებული. ჯგუფურ ტურნირში მოგების სანაცვლოდ კლუბების საბანკო ანგარიში 800 ათასი ევროთი შეივსება, ფრეს შემთხვევაში კი გუნდები 400 ათასს მიიღებენ.

ყველა კლუბი, რომელიც მერვედფინალში გავა, 3 მილიონ ევროს მიიღებს, მეოთხედფინალში ასპარეზობისთვის 3,3 მილიონს, ხოლო ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კიდევ 4,2 მილიონ ევროს.

რაც შეეხება ფინალს, ჩემპიონთა თასის მომგებისთვის 9 მილიონი ევროა გათვალისწინებული, ფინალისტი კი შარშანდელთან შედარებით 400 ათასით მეტს – 5,6 მილიონს მიიღებს.

ეს უეფას ბონუსები. სატელევიზიო შემოსავლები კი ცალკე საკითხია.

ამ შემთხვევაში თანხა შემდეგნაირად ნაწილდება: მაგალითად, ინგლისის კლუბები უფრო მეტს მიიღებენ, ვიდრე სლოვაკეთის, რადგან ინგლისში ამ ქვეყნის გუნდების მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის მეტი მატჩი გადაიცა და უეფასაც ინგლისიდან მეტი მოგება ჰქონდა. პრემიის ოდენობა წინა სეზონის მიხედვითაც განისაზღვრება: როგორ იასპარეზა კონკრეტულმა კლუბმა ლიგაში და რა შედეგი ჰქონდა წინა სეზონში თავის ჩემპიონატში.

წარმოდგენა რომ შეგექმნათ, თუ რა თანხა შეიძლება შეადგინოს სატელევიზიო შემოსავალმა, მხოლოდ ფაქტებს გაგაცნობთ: 2009-10 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთაგან, ყველაზე მეტი მანჩესტერ იუნაიტედმა მიიღო – 28 მილიონ 811 ათასი, თასის მფლობელ ინტერს კი 19 მილიონ 559 ათასი ხვდა წილად. ყველაზე ნაკლები ისევ და ისევ ჰაიფას მაქაბის ერგო – მილიონ 430 ათასი ევრო.

ამას გარდა, უეფა ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ყველა კლუბს აძლევს პრემიას, თუმცა ჯგუფური ტურნირის მონაწილეთაგან განსხვავებით, შესარჩევში ხელმოცარულთ, ცხადია, საგრძნობლად ნაკლები ერგებათ.

საქართველოს ჩემპიონმა ლიგის თუნდაც ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი ბოლოს 2008-09 წლების სეზონში დაძლია – თბილისის დინამომ ორი მატჩის ჯამში 3:1 აჯობა ფარერის კუნძულების რუნავიკს. მას შემდეგ პირველი ბარიერი ჩვენთვის დაუძლეველია – შარშან ვიტ ჯორჯიას სლოვენიის მარიბორმა მოუგო, წლეულს კი ოლიმპი ყაზახეთის აკტობემ დაამარცხა...

არადა, რა დიდებული იქნებოდა სამივე ქართული გუნდისთვის ლიგაში დებიუტი და მხოლოდ ამის სანაცვლოდ მიღებული 7,2 მილიონი ევრო!

თუმცა, ოცნება კვლავ ოცნებად რომ არ დარჩეს, საამისოდ ერთი რამაა საჭირო: მეტი მონდომება.

მინდორზეც და... ცხოვრებაშიც.

კომენტარები