ბიბლიოთეკარი

მიხაილ ელიზაროვი, რუსული ბუკერის 2008 წლის ლაურეატი, დაიბადა 1973 წელს, ივანო-ფრანკოვსკში (უკრაინა). 2001-03 წლებში ცხოვრობდა და სწავლობდა რეჟისურას ჰანოვერში. 2003-07 წლებში საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში, სადაც გამოიცა მისი სადებიუტო წიგნი „ფრჩხილები” გერმანულად. „შოკისმომგვრელი მოთხრობა”, რომელიც ფსიქიატრიული ინტერნატის ორ აღსაზრდელზე მოგვითხრობს, გაზეთმა Berliner Zeitung ასე შეაფასა: “გოგოლის, რუსული რეალობის და შავი მაგიის ალქიმიური ნაზავი”. ამას მოყვება ელიზაროვის წიგნების უკვე მოსკოვური გამოცემები (უკრაინა ბევრ თანამედროვე კარგ ავტორს ნაკლებად წყალობს. ასე რომ, ყოფილი ხარკოველი ელიზაროვი დღეს მოსკოვში ცხოვრობს). “პასტერნაკი”, “ბიბლიოთეკარი”, “კუბები”, “ჰოსპიტალი”, “მულტფილმები” და ა.შ. ელიზაროვის ყოველი ახალი წიგნი ცხოველი განსჯის საგანი ხდება. მას ხან აძაგებენ, ხან ცაში აყავთ. რომანი “პასტერნაკი” (ნაწარმოებში ნობელის პრემიის ლაურეატი და ინტელიგენციის კუმირი – ბორის პასტერნაკი, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა გულისამრევი მიაზმებით, საზიზღარ მონსტრად და დემონადაა წარმოდგენილი) 2003 წლის საუკეთესო დებიუტად დასახელდა, ზოგმა კრიტიკოსმა მას “მართლმადიდებლური ფილოსოფიური ბოევიკი” უწოდა.

თუმცა მსგავსი შეფასებები ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო. ჩანდა, რომ მწერალი ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო, თითქოს დიდ დისტანციაზე სარბენად სუნთქვა არ ყოფნიდა. ნამდვილ მწერლად ელიზაროვი მის მთავარ რომან “ბიბლიოთეკარში” შედგა. მისი გენია აქ სრულად გამოჩნდა. რომანს 2008 წელს რუსული ბუკერი მიენიჭა. “ბიბლიოთეკარი” არც მძაფრსიუჟეტიანი თრილერია, არც ბოევიკი, არც ფანტასტიკა, არც კონსპიროლოგიური რომანი, არამედ ყველაფერი ერთადაა. წიგნის მთავარი გმირი იგებს, რომ მივიწყებული საბჭოთა მწერლის – ვინმე დმიტრი გრომოვის წიგნებს მაგიური თვისებები აქვთ, და მკითხველთა სხვადასხვა ჯგუფები მათ მოსაპოვებლად ერთმანეთს გააფთრებით ებრძვიან. ებრძვიან ყველაფრით – დანებით, ცელებით, ნაჯახებით, ჩაქუჩებით, ჯაჭვებით, ქვებით, კბილებით, ბულდოზერის კოვზებითაც კი...

ვინ ხარ? საიდან ხარ? სად სწავლობდი?

ვარ მწერალი. დავიბადე საბჭოთა კავშირში. ვერაფერი ვისწავლე.

ვის და რას უყვება მიხაილ ელიზაროვი?

მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ფანტაზიებს ვყვები მათთვის, ვისაც უნდა მათი მოსმენა.

შენ „ელიტური” მწერალი ხარ თუ ფართო წრისთვის წერ?

პირველ ყოვლისა, მე ვწერ ჩემთვის – ეს ჩემი თვითდისციპლინაა, უკვე ამის შემდეგ – ნებისმიერი დიამეტრის წრისთვის.

 ყველა წესიერი შემოქმედი ერთხელ მაინც დაფიქრებულა ეშმაკისთვის სულის მიყიდვაზე. რამდენად შეაფასებდი შენს სულს?

იმად, რისი შემოთავაზებაც შეუძლია ეშმაკს მწერლისთვის, არ ღირს სულის გაყიდვა. საერთოდაც, არაფერია ქვეყნად, რის გამოც სულის გაყიდვა ღირს.
შენი ტექსტების კითხვისას ვფიქრობ ხოლმე, რომ შენ არ გტოვებენ ბავშვობისდროინდელი ფანტომები.
ალბათ, უფრო ყმაწვილობისდროინდელი ფანტომები. ბავშვობაში უფრო ანგელოზისებური არსებები ტრიალებდნენ ჩემს გარშემო.

 რა იყო შენთვის „რუსული ბუკერი”. რამით შეგცვალა?

უფრო დამამშვიდა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საშუალება მომცა, მშვიდად მივხედო ჩემს საქმეს და არა ამბიციებს. მინდოდა, პრემიიდან აღებული ფულით რომელიმე ბავშვთა სახლს დავხმარებოდი უკრაინაში. მაგრამ პრემია საკმაოდ მცირე აღმოჩნდა – ოცდაათ პროცენტზე მეტი საგადასახადომ ჩამომაჭრა. ისე კი, როგორც ვაპირებდი, დანარჩენი ქველმოქმედებაზე დავხარჯე.

 
შენ ხშირად გადარებენ მამლეევს და სოროკინს. ეს შენთვის კომპლიმენტია, თუ არ გსიამოვნებს, როცა ვინმეს გადარებენ?

არის ასეთი რუსული გამოთქმა, „თუნდაც ქვაბი მიწოდე, ოღონდ ცეცხლში ნუ შემდგამ”. ნებისმიერ შემთხვევაში, მწერლების შედარებები მე ნაკლებპროდუქტიულ რამედ მიმაჩნია.

 ორივე ამ ავტორთან შენ თბილი ურთიერთობა გაქვს. ვინ არიან ისინი შენთვის – უფროსი მეგობრები, კოლეგები, თუ?

თბილი ურთიერთობები თბილი საგნებივითაა. როცა გცივა, თავზე ქუდს იხურავ, რომ არ გაიყინო.
როგორ აფასებ პელევინს და სოროკინს? პეპერშტეინი ამბობს, რომ ისინი დიდი ხანია უკვე ერთ მწერლად იქცნენ, გვარად სარალევინი (ნაბოკოვისეული ტოლსტოევსკის თავისებური ვერსია).
სარალევინი სემანტიკურად ყალბია. ცხადია, რომ სარა ლევინი – ეს ებრაელი პოეტი ქალია, ბინძური ლესბოსელი და ჟურნალ „სნობის” მკითხველი. პელევინი და სოროკინი კი უბრალოდ ორი თვითმყოფადი ავტორია.

 რა არის შენი შთაგონების წყარო?

ნებისმიერი კარგად გაკეთებული საქმე – მწერლის იქნება ის თუ რეჟისორის.
შენს ოჯახში კითხულობდნენ პასტერნაკს?
რასაკვირველია. ამიტომ ჩემებს რომან „პასტერნაკზე” არაერთგვაროვანი რეაქცია ქონდათ. თუმცა ბოლოს მაინც ნათესაურმა გრძნობებმა გაიმარჯვა.

 რამდენად არიან შენი პერსონაჟები ავტობიოგრაფიულები?

რამდენადაც ჩემი ყველა პერსონაჟის მე ვარ მშობელი, შესაბამისად, მათთან ნათესაური კავშირი მაქვს. მაგრამ, როგორც იტყვიან, მამა პასუხს არ აგებს საკუთარი შვილების საქციელზე.

 კითხულობდი ბავშვობაში ფანტასტიკას?

სამეცნიერო ფანტასტიკაზე უფრო ფენტეზის კითხვა მიყვარდა. თუმცა ეს ბავშვობაში კი არა, ყმაწვილობისას იყო – სწორედ მაშინ გამოჩნდა ფენტეზის პირველი თარგმანები.

 ნატვრის თვალი რომ გქონდეს, როგორ გამოიყენებდი?

ვფიქრობ, იმ იდეით ატაცებული, რომ ყველა ბედნიერი გამეხადა, უნებურად პლანეტარული მასშტაბის ტირანიას მოვაწყობდი.

 როგორ აღწერდი განსხვავებას რუსულ და უკრაინულ ენებს, როგორც გამომხატველობით ხერხებს შორის?

სხვაობა ტესიტურის სიმაღლესა (იქ სადაც რუსი ბოხი ხმით იტყვის, უკრაინელი ფალცეტით გამოიყვანს) და ინტონაციაშია (ამის გადმოცემა სრულიად შეუძლებელია).

 შენი აზრით, როგორი პოლიტიკური წყობა იქნებოდა რუსეთისთვის იდეალური? როგორი – უკრაინისთვის?

ანარქიული კომუნიზმი. ვფიქრობ, ეს ოპტიმალური ვარიანტია ჩვენთვის.

 ბოლო წლებში ყველაზე მეტს ლაპარაკობენ ხარკოველ მიხაილ ელიზაროვზე და კიეველ „ადოლფიჩ” ნესტერენკოზე. შენი აზრით, რატომ ხართ თქვენ ორნი რუსეთში უფრო ცნობილები, ვიდრე უკრაინაში?

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უკრაინა ნაციონალური თვითშეგნებით იყო შეწუხებული. ამიტომაც ქვეყანა ზრდიდა და თავს დაფოფინებდა ავტორებს, რომლებიც წერდნენ უკრანული შრიფტით. თუმცა, უკრაინულ და რუსულ კულტურულ სივრცეებს მე არ გავმიჯნავდი. ყველაფრის მიუხედავად, ეს სივრცეც ერთია და ჩვენც ჯერ კიდევ ერთნი ვართ. წიგნის მკითხველი უკრაინელებიც, ასე თუ ისე, რუსულ ლიტერატურულ კონტექსტში მოიაზრებიან. 
ბევრმა „ბიბლიოთეკარში” საბჭოთა კავშირზე ნოსტალგია დაინახა. ჩემი აზრით, ეს ასე არაა. თუ ვცდები?
მე ვფიქრობ, რომანში არის არა ნოსტალგია, არამედ იმ დასიზმრებული ცხოვრების გამანადგურებელი სიბრალული. საბჭოთა კავშირი ბედნიერების ილუზიას მაინც გჩუქნიდა. დღევანდელი რუსეთი კი ილუზიებზეც ხელმოჭერილია.
 

კომენტარები