რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს ნეტარად შერაცხავენ

რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს, ნეტარად პირველ მაისს შერაცხავენ. ამის შესახებ ვატიკანის საინფორმაციო ცენტრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც დილას პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ, კარდინალთა და ეპისკოპოსთა სპეციალური კომისიის დასკვნა დაამტკიცა. კომისიამ, რომელიც მუშაობას 2005 წელს შეუდგა, იოანე პავლე მეორის მიერ აღსრულებული სასწაული აღიარა, რაც ბეატიფიკაციის, ანუ ნეტარად შერაცხვისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

საქმე ეხება პარკინსონის მძიმე ფორმით დაავადებული ფრანგი მონაზვნის განკურნებას. დედა სიმონ-პიერმა ღვთის წინაშე მეოხებისთვის გარდაცვლილ პაპს მას შემდეგ მიმართა, რაც ბენედიქტე მეთექვსმეტემ წინამორბედის ბეატიფიკაციის პროცესი დაიწყო და მორწმუნეებს საშუალება მიეცათ ”უფლის მსახური იოანე-პავლესთვის” დახმარება ეთხოვათ. მონაზვნის გამოჯანმრთელებაც სწორედ ამ ლოცვას დაუკავშირდა. სამედიცინო გამოკვლევებმა კი გართულებული პანკირსონის სრული განკურნება დაადასტურა. ვატიკანი სასწაულებს კანონიზაციის კომისიისა და მეცნიერთა აზრის გაუთვალისწინებლად  არ აღიარებს.

ბეატიფიკაციის პროცესის დაწყებისთვის პირის გარდაცვალებიდან მინიმუმ 5 წელი უნდა იყოს გასული. თუმცა პონტიფექსის სპეციალური გადაწყვეტილებით, შესაძლებელია პროცესის დაჩქარებაც. უწმინდესმა ბენედიქტემ სწორედ ეს უფლება გამოიყენა და იოანე პავლე მეორის ცხონების შესახებ მსჯელობა კათოლიკე ეკლესიაში მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. ბეატიფიკაციის პროცესის ნაწილია გარდაცვლილისთვის  ”უფლის მსახურის” წოდების მინიჭება. ხოლო ნეტარად შერაცხვის შემდეგ, წმინდანად კანონიზაციას კიდევ ერთი სასწაული სჭირდება. ნეტარსა და წმინდანს შორის კათოლიკური სწავლების მიხედვით განსხვავება მხოლოდ საეკლესიო პატივმიგების ხარისხშია.

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა ადმინისტრაციის კანცლერი, მამა აკაკი ჭელიძე ”ტაბულასთან” საუბარში ქართველ კათოლიკეთა სიხარულზე საუბრობს: ”დიდი პატივია იცნობდე ნეტარს პირადად, წარსულში იოანე პავლე მეორის საქართველოში ვიზიტი იმედს გვმატებს, რომ ერთხელაც ჩვენც მოვახერხებთ სასუფევლის დამკვიდრებას.” მამა აკაკის განცხადებით ”ის არა მხოლოდ სათნოებების სიმრავლით ცნობილი პაპი, არამედ საბჭოთა კავშირისა და ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი გმირიც იყო.”

კომენტარები