საუკეთესო სპორტსმენი:
1. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი)
2. მაიკლ ფელპსი (ცურვა)
3. მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1)
21-ე საუკუნეში ფედერერმა დიდი მუზარადის 16(!) ტურნირი მოიგო, სულ კი 22-ჯერ გავიდა ფინალში. შვეიცარიელი ზედიზედ ოთხჯერ დაასახელეს მსოფლიოს წლის საუკეთესო სპორტსმენად, ის ყველაზე დიდხანს, ზედიზედ 237 კვირის განმავლობაში იყო პირველი ჩოგანი და ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელადაა აღიარებული. გენიოსია!
საუკეთესო გუნდი:
1. ფერარი (ფორმულა 1)
2. ლოს ანჯელეს ლეიკერსი(კალათბურთი)
3. ესპანეთის ნაკრები (ფეხბურთი)
ბოლო ათწლეულში ფერარის გუნდმა შვიდჯერ მოიგო ფორმულა 1-ის კონსტრუქტორთა თასი, რაც მართლაც უნიკალური შემთხვევაა. ბევრი ამ წარმატებას ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს მიაწერს და არც უამისობაა, თუმცა იტალიური საჯინიბო გერმანელის წასვლის შემდეგაც არ თმობს პოზიციებს.
საუკეთესო ქართველი სპორტსმენი:
1. ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო)
2. კახა კალაძე (ფეხბურთი)
3. მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
ირაკლი ცირეკიძეს თითქმის ყველა ტიტული აქვს, რაზეც სპორტსმენმა შეიძლება იოცნებოს, მაგრამ ჩვენ ის უფრო ემოციურ დონეზე დაგვამახსოვრდა – 2008 წლის აგვისტოში, ომის დროს, ცირეკიძემ ნახევარფინალში პუტინის ფავორიტი ძიუდოისტი ივან პერშინი დაამარცხა და ისე გაგვახარა, რომ ყველამ ვიტირეთ.
საუკეთესო ქართული გუნდი:
1. რაგბის ნაკრები
2. ძიუდოს ნაკრები
3. კალათბურთის ნაკრები
ქართველი მორაგბეები მესამედ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რაც გამორჩეული შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში. ამ ბიჭებზე ბევრი ლაპარაკი არც ღირს, ჩვენ ყველანი ვამაყობთ მათი პროფესიონალიზმით!
საუკეთესო ფეხბურთელი:
1. ზინედინ ზიდანი
2. ლიონელ მესი
3. რონალდინიო
მან თავი მოიქნია და ფეხბურთიდან ღირსეულად წავიდა. მან ყველაფერი მოიგო, მარტომაც და სხვების დახმარებითაც, მან დიდი ეპოქა შექმნა და პელე-მარადონას წყვილი ტრიოდ აქცია. ზინედინ ზიდანმა საფეხბურთო ესთეტიკა უმაღლეს ხარისხში აიყვანა და ამისთვის ოვაციებს იმსახურებს.
საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელი:
1. ალექს ფერგიუსონი
2. ვისენტე დელ ბოსკე
3. ხოსეპ გვარდიოლა,
4. ჟოზე მოურინიო
ამ ნომინაციაში რიგითობა არ დავიცავით, რადგან ზემოხსენებულმა კვარტეტმა სხვადასხვა სახის გავლენა იქონია ბოლო ათწლეულის ფეხბურთზე. დელ ბოსკე აიკიდოს პრინციპით მუშაობს, მოურინიო არქიტექტორია, გვარდიოლა მხატვარი და ფერგიუსონი ლეგენდა. თანამედროვე ფეხბურთის ფილოსოფია ამ ხალხზე დგას.





