ფრანკო-გერმანული ურთიერთობები გამოცდის წინაშე

ევროპაში საფრანგეთ-გერმანიის დაპირისპირებისა და ამ ქვეყნებს შორის ძალთა ბალანსის ცვლილების შესახებ უკვე ბევრს საუბრობენ. დაპირისპირება, რომელიც სათავეს 2008 წლიდან იღებს,  ფინანსურ კრიზისს უკავშირდება. ამ პერიოდში სარკოზიმ ევროპის წინამძღოლის როლი შეითავსა. ის ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს მოლაპარაკებების გასამართად პარიზში იწვევდა, სადაც კოლეგებს საკუთარ ხედვებს და გეგმებს აცნობდა. მაშინ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობისაგან ანგელა მერკელმა თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გერმანიამ სარკოზის მიერ შემუშავებულ გეგმებზე კიდევ უნდა იფიქროს. ამ დამოკიდებულებამ სარკოზი ძალიან გააღიზიანა და გერმანიასთან პარტნიორული ურთიერთობების შესუსტებაზე საუბარი დაიწყო. შედეგად, დღეს, ობლიგაციების ბაზარზე საფრანგეთი საბერძნეთს გერმანიაზე უფრო ახლობელ პოტენციურ პარტნიორად მიიჩნევს. ფრანგებს მიაჩნიათ, რომ გერმანია საკმაოდ რთული ქვეყანაა, რომელიც კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში ნაკლებად იზიარებს ამ პრობლემის გადაჭრის ვალდებულებას.

რაც შეეხება ძალთა ბალანსის ცვლილებას, ამის უკან ეკონომიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჯერ კიდევ წინა წელს საფრანგეთი გერმანიაზე უკეთ უმკლავდებოდა ეკონომიკურ რეცესიას. ძლიერი, ცენტრალიზებული ხელისუფლების წყალობით, ეკონომიკის  სტიმულირება სწრაფად იყო შესაძლებელი. ამ ყველაფერმა საფრანგეთს ილუზია გაუჩინა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა.

წელს ექსპორტზე დამყარებულმა ეკონომიკამ გერმანიაში მშპ 3,7%-მდე აწია, ეს მაჩვენებელი საფრანგეთისათვის 1.6%-ს უდრის, ევროპის საშუალო – 1,7%-ს. მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას გერმანიამ ზომიერი ხელფასებითა და მუშათა ბაზრის რეფორმირებითაც მიაღწია. მიუხედავად სარკოზის აშკარა რეფორმისტული გულმოდგინებისა, საპენსიო ასაკის ორი წლით მოსამატებლად, საფრანგეთს მთელი ბრძოლების გადატანა მოუწია. ამას გარდა, 2005 წლიდან 2009 წლამდე გერმანიის წილი მსოფლიო ექსპორტში გაიზარდა, საფრანგეთის კი შემცირდა.

საფრანგეთის სამთავრობო ფინანსური სისტემების მდგომარეობა ქვეყანაში ეკონომიკურ ფონს კიდევ უფრო ართულებს. უკვე 27 წელია, რაც საფრანგეთის არც ერთ მთავრობას არ მოუხდენია ბიუჯეტის ბალანსირება. ვარაუდობენ, რომ 2011 წლისთვის, საფრანგეთში, ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი მშპ-ს 6%, ხოლო გერმანიის დაახლოებით 3%-ზე ნაკლები იქნება.

ბევრის აზრით, ურთიერთობების გაუარესება იმანაც გამოიწვია, რომ საფრანგეთი გერმანიას კვლავ პოსტსაომარი ხანის ქვეყნად მიიჩნევს და საკუთარი პოზიციის გატარებას უხეშად ცდილობს. ამას თვითონ ფრანგებიც აღიარებენ. ერთ-ერთი მინისტრის განცხადებით: „გერმანიას ხანდახან დღესაც ისე ვექცევით, თითქოს, მან ჩვენი იდეები უბრალოდ და მარტივად უნდა გაიზიაროს, მაგრამ ეს დრო დასრულდა!” უკვე ცხადია, რომ გერმანიისთვის საფრანგეთი ისეთივე საჭირო და მნიშვნელოვანი აღარ არის, როგორც მაშინ, როცა ევროპული გარიგების მსხვერპლ ქვეყანას ლეგიტიმაციას სწორედ პარიზი აძლევდა. დღეს უკვე ფაქტია, რომ გერმანია მოწინავეა და ფრანგებს უწევთ მტკიცება, რომ „არ არის მართალი, თითქოს გერმანია თავს საკუთარ ინიციატივებს გვახვევს”. ამ სიტყვების ავტორი ევროპის საქმეთა მინისტრი, ლორან ვოკინეზია. მისივე განცხადებით, „ურთიერთობები შეიცვალა, მაგრამ მხოლოდ იმ გაგებით, რომ დიდი ყურადღება პირად ინტერესებს ეთმობა”. „ხალხი ამბობს, რომ ევროპას მერკელი და სარკოზი მართავს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ამ ურთიერთობებში, ქალი უფრო ძლიერია, ვიდრე კაცი”, – ამას უკვე მეორე ფრანგი ოფიციალური პირი აცხადებს.

  უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორ ლიდერს შორის პიროვნული შეუთანხმებლობის მიუხედავად, საფრანგეთი და გერმანია ჯერ კიდევ ცდილობენ განიხილონ და შეაჯერონ საერთო პოზიციები ევროკავშირის სამიტებზე. ორივე მხარეს აძლევს ხელს, ყველაფერი ამ გზით წავიდეს, რადგან მითი თანაბარი პარტნიორობის შესახებ საფრანგეთს იმ სტატუსს ჯერ კიდევ უნარჩუნებს, რომელიც ნაწილობრივ უკვე დაკარგა, გერმანიას კი აშკარა პირველობაში „დადანაშაულებისგან’’ იცავს. ასეთი ნიღბის ნათელი მაგალითი იყო მერკელისა და სარკოზის შეხვედრა დოვილში, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში შედგა. აქ მიაღწიეს შეთანხმებას ევროს საკითხზე. მაშინ ევროკავშირის სხვა წევრები უკმაყოფილოები იყვნენ საფრანგეთ-გერმანიის მჭიდრო კავშირისა და მათი ერთიანი დიქტატურის გამო.

ამას გარდა ფაქტია ისიც, რომ ვაჭრობაში საფრანგეთი გერმანიის უდიდეს პარტნიორად რჩება. საფრანგეთს აქვს გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი და თავდაცვის კარგი შესაძლებლობები, ასევე, კავშირები აფრიკასთან და არაბულ სამყაროსთან. ბრიუსელში მას ჯერ კიდევ ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს. ამდენად, ნებისმიერი დიდი ინიციატივის განსახორციელებლად ანგელა მერკელს სარკოზის მხარდაჭერა ჯერ კიდევ  სჭირდება.

 მიუხედავად ამისა, საფრანგეთის გავლენები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც საკმაო მიზეზია იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროპაში პოზიციების გასამყარებლად ახალი გზების ძიება დაიწყოს. ამ მდგომარეობიდან ერთ-ერთი და აუცილებელი გამოსავალი გერმანიასთან ურთიერთობების დათბობაცაა. ამისთვის ევროპულ პრობლემებთან დაკავშირებით მათი ინტერესების თანხვედრაა საჭირო.

კომენტარები