ვენეციის კომისია რუსეთის თავდაცვის კანონს აკრიტიკებს

 10  დეკემბერს ვენეციის კომისიამ რუსეთის თავდაცვით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. კომისიამ კრემლს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით უპირატესი საერთაშორისო სამართალია და არა რომელიმე ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა.

2009 წლის ოქტომბერში რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ ფედერაციის პრეზიდენტს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჯარების გაგზავნის ერთპიროვნული უფლება მისცა, ამასთან, გააფართოვა სამხედრო ინტერვენციის გამამართლებელი შემთხვევების ნუსხაც. ოქტომბრამდე რუსეთის ჯარების საზღვარგარეთ გაგზავნა მხოლოდ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ეგიდით იყო შესაძლებელი. ახალი კანონი კი საშუალებას აძლევს მოსკოვს, სამხედრო ძალა გამოიყენოს სხვა ქვეყანაში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ძალებზე თავდასხმის, სხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ჯარის მიწვევის, სხვა ქვეყანაში ფედერაციის მოქალაქეების დაცვისა და/ან მეკობრეობასთან ბრძოლის შემთხვევებში.

ვენეციის კომისიამ ცალ-ცალკე განიხილა კანონში მოცემული ოთხივე ახალი შემთხვევა და დაასკვნა, რომ სამხედრო ძალის გამოყენების გამართლების მიზნით კრემლის მიერ მიღებულ ამ კანონს ძალა არ აქვს, თუ გაეროს ქარტია ასეთი ოპერაციის ჩატარების უფლებას არ იძლევა.

განსაკუთრებული ყურადღება კომისიამ ახალი კანონის იმ პუნქტს დაუთმო, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს  სამხედრო ინტერვენციის უფლება ენიჭება. ვენეციის კომისია ამ შემთხვევას პრობლემატურს უწოდებს. სახელმწიფოს მოქალაქეების დაცვა მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როგორც წესი, ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობაა. ასევე, სახელმწიფოს, თავისი მოქალაქეების დასახმარებლად, დიპლომატიური ან საკონსულო არხების გამოყენებაც შეუძლია. თუ სახელმწიფო თავიდან ვერ იცილებს გენოციდს, ომის დანაშაულს, ეთნიკურ წმენდასა და  კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაცვა საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობის საგანი ხდება.

საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით სამხედრო ინტერვენციას საერთაშორისო დონეზე მკაფიო იურიდიული საფუძველი არ აქვს. ჯერჯერობით, არც ერთ საერთაშორისო სასამართლოს ან ტრიბუნალს ეს დოქტრინა ინტერვენციის გამამართლებელ გარემოებად არ გამოუყენებია. ძალის გამოყენების აკრძალვის პრინციპიდან ერთადერთ გამონაკლისს ჰუმანიტარული ინტერვენცია წარმოადგენს, რომელიც ძალის გამოყენებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოტივით ამართლებს. რუსეთი აგვისტოს ომის დროს ხშირად საუბრობდა ჰუმანიტარული ინტერვენციის შესახებ და ამით ამართლებდა საქართველოში შემოჭრას. თავი რომ დავანებოთ ამ არგუმენტის აბსურდულობას, ჰუმანიტარული ინტერვენციის უფლება საერთაშორისო საზოგადოების, კონკრეტულად კი გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი მანდატის გარეშე უკანონოდ მიიჩნევა.

ვენეციის კომისია ასევე განმარტავს, რომ რამდენიმე ადამიანზე შეიარაღებული თავდასხმა ვერ იქნება აღქმული სახელმწიფოზე თავდასხმად. ამდენად, „თავდაცვის უფლების” არგუმენტის მოშველიებაც ინტერვენციის გამამართლებელ გარემოებად ვერ გამოდგება.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ საკუთარი მოქალაქეების დაცვა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება გულისხმობდეს მხოლოდ და მხოლოდ სახიფათო ზონიდან მოქალაქეების გარიდებას და არავითარ შემთხვევაში – ამ ტერიტორიაზე ჯარების შეყვანას.

კომენტარები