რუმინეთის პარლამენტში მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა

რუმინეთის ერთ-ერთი ტელევიზიის თანამშრომელმა პარლამენტის შენობაში თვითმკვლელობა სცადა.  ის ათი მეტრის სიმაღლეზე მდებარე აივნიდან მაშინ გადმოხტა, როცა პარლამენტის ტრიბუნასთან ქვეყნის პრემიერ მინისტრი, ემილ ბოკი სიტყვით გამოდიოდა. აივნიდან გადმოხტომის წინ მან დაიძახა: ”ამას შენს გამო ვაკეთებ, ბოკ!” ამგვარი საქციელით მან რუმინეთის მთავრობის მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა.

მამაკაცი, რომლის სახელი და გვარი არ ვრცელდება,  ფეხის მოტეხილობით, ტვინის შერყევით და შინაგანი ორგანოების დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცხოური მედია იუწყება, რომ გონს მოსვლისთანავე მან ანტისამთავრობო ლოზუნგების ძახილი დაიწყო.

ევრონიუსის ცნობით, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ ჩაიშალა მიმდინარე წლის განმავლობაში ოპოზიციის უკვე მეოთხე მცდელობა დაითხოვოს ბოკის კაბინეტი. დღეს რუმინეთის პარლამენტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ მთავრობის ნდობის ვოტუმის კენჭისყრა იყო. თუმცა მომხდარი ფაქტის შემდეგ, დაშავებულის მიმართ სოლიდარობის ნიშნად დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

კომენტარები