აშშ ბელორუსში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს

ეუთოს შემდეგ, ბელორუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად სცნო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. აშშ-ს  სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვაშინგტონი მკაცრად გმობს არჩევნების დღეს მომხდარ ძალადობის ფაქტებს და განსაკუთრებით შეშფოთებულია პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის ცემითა და დაკავებით, ასევე ჟურნალისტებზე და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობით. თეთრი სახლის პრესმდივანმა, რობერტ გიბსმა კი ბელორუსის ხელისუფლებას ოფიციალურად მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს 19 და 20 დეკემბერს დაკავებული პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი და აქციის ყველა მონაწილე.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკომ ტელეკომპანია ” ევრონიუსთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ  ”მილიცია იძულებული იყო, ადეკვატური ზომები მიეღო და არეულობების ორგანიზატორები დაეკავებინა ”. მისი თქმით, დაკავებულთა შორის  არის ” არა რვა ან ცხრა პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ ორი თუ სამი".

20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ლუკაშენკომ საქართველოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  ბელორუსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არავინ უნდა განიხილოს, როგორც რუსეთისთვის საზიანო.  მის თქმით, ქართველებმა და ბელორუსებმა  ”რუსეთთან ერთად უნდა  აშენონ ურთიერთობები და  ამით ყველა მოგებული დარჩება.”

წინასწარი მონაცემებით, ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში 79,67 პროცენტით ქვეყნის მოქმედმა მეთაურმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიციამ არჩვნების შედეგები გააპროტესტა და ლუკაშენკო, რომელმაც უკვე მეოთხე ვადით იყარა კენჭი, გაყალბებაში დაადანაშაულა. ოპოზიციის მომხრეებმა მინსკში საპროტესტო აქციები გამართეს და პარლამენტისა და მთავრობის შენობებში შეჭრა სცადეს. პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. სხვადასხვა მონაცემებით, დაპატიმრებულია 600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტობის 7 ოპოზიციონერი კანდიდატი.

ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციების ”სოციოლოგიური სამსახური”(ლიტვა) და ”ეფექტური კომუნიკაციების სააგენტო”  INSIDE -ს(რუსეთი)  მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში  ხმათა 38 პროცენტით ლუკაშენკომ გაიმარჯვა.   ამავე ეგზიტპოლების მიხედვით, ლუკაშენკოს  კონკურენტმა ვლადიმერ ნეკლაევმა ხმების 18 პროცენტი მიიღო. 

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ  ქართული მხარე ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებს მხოლოდ ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ შეაფასებს. 

კომენტარები