ეუთო ბელორუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ეუთოს მისია ბელორუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ  აღიარებს. მისიის ხელმძღვანელმა, ტონი ლლოიდმა არჩევნები მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ხმის დათვლის პროცესი ”არაგამჭვირვალედ” მიმდინარეობდა. ”ბელორუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს,” აღნიშნა ლლოიდმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას. მან განაცხადა, რომ ეუთო ოპოზიციასა და პოლიციას შორის მინსკში მომხდარ შეტაკებებზე გამოძიებას დაიწყებს.

ბელორუსის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში ხმათა 80 პროცენტით ქვეყნის ამჟამინდელმა მეთაურმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ის უკვე მეოთხედ იყრიდა კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე. დღეს ლუკაშენკომ მინსკში მომხდარი არეულობები დაგმო და პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატები კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. ”ეს დემოკრატია კი არა, ბანდიტიზმია. ჩვენი სამართალდამცველები მხოლოდ კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ,” განაცხადა ლუკაშენკომ ”ყველა, ვინც ქუჩის არეულობებში მონაწილეობდა, დაპატიმრებული იქნება,” დასძინა მან. 

ბელორუსის დედაქალაქში მიმდინარე არეულობის დროს 600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ორის გარდა პრეზიდენტობის ყველა ალტერნატიული კანდიდატი დაკავებულია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იუწყება. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულზეც. აშშ-მ ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან  ოპოზიციის მომხრეებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების წინააღმდეგ ”ძალის გადაჭარბებული გამოყენების გამო” შეშფოთება გამოთქვა. ევროკავშირმა კი ოფიციალურ მინსკს ყველა დაპატიმრებული ოპოზიციონერის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები