დაუნთაუნ...

დაუნთაუნ მის:გალაკტიონის 7, თბილისი, 0105 უბანი: სოლოლაკი ტელ: 92 30 88 სამზარეულო: ევროპული, ამერიკული საათები: ყოველდღე, 9-12 ბარათები: მიიღებაი ფასი: 35 ლ.(საუზმე ორ ადამიანზე ცხელი სასმელით და სერვისის ჩათვლით) პარკინგი: ლერმონტოვის, მაჩაბლის ან დადიანის ქუჩაზე ვები: www.down-town.ge ჯამში 32 ლარი თბილისში დიდხანს იდგა დრო, როდესაც რამდენიმე სასტუმროს რესტორნის გარდა, საუზმეს ოქროს ფასადაც ვერ შეჭამდი. დილის ხაშის და ხარჩოს მაძიებლებზე არ მაქვს საუბარი, არც „ოსტრი, მწვადი, კაკაო”-ს მუშტარზე. ასეთი დაწესებულებები დღესაც არსებობს და ვისაც ასეთი საუზმე ხიბლავს, ღმერთმა შეარგოს. უფრო ზომიერი დილის მოყვარულთათვის, დიდხანს ყველაზე კარგი ვარიანტი რუსთაველზე მდებარე ნიკალა იყო, სადაც ქალაქური დილისთვის საკმაოდ გვიან, ათი საათისთვის უკვე შეიძლებოდა დილის ქონიანი ხორცის ღვეზელებით ან, უკეთეს შემთხვევაში, ხაჭოს „პერაშკებით” დაწყება, და თუ ეს არ დაგანაყრებდა, იმ დროისთვის უკვე ცხელი კატლეტი, პიურე და „კიევურიც” გამოდიოდა. 

უსაუზმობის ხანას პირველი სერიოზული დარტყმა ორიოდე წლის წინ გახსნილმა ფრანგულმა საცხობმა ანტრემ მიაყენა. ანტრემ კარები დილის 8 საათზე გახსნა და კლიენტს ცხელ-ცხელი ფრანგული კრუასანები (სამწუხაროდ უკვე გაფუჭებული), მრავალგვარი ცომეულ-ნუგბარეული, გემრიელი ყავა და კვერცხიანი საუზმის არჩევანიც შესთავაზა. თუმცა ჯერ კიდევ შორს იყო სასაუზმე რესტორანი, სადაც სადა და გემრიელ საუზმეს ასევე მარტივად და გემრიელად შეირგებდი.   
 
ორიოდე კვირის წინ სოლოლაკში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ამერიკული დაინერის (სასადილოს) ტიპის რესტორანი გაიხსნა. იდეა  დროული და მისასალმებელია, თუმცა, სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ  ვერც დაუნთაუნმა მოახერხა ამ ერთი შეხედვით მარტივი პრობლემის გადაწყვეტა: ქალაქი კვლავ იაფფასიანი და გემრიელი სასაუზმე რესტორნის მოლოდინშია. 
 
„ყავის რესტორანი დაუნთაუნი” – პოპულარული ამერიკული ყავახანის სტარბაქსის მსგავსი ლოგოთი. თურქულ-არაბული ავეჯით, შუშაში მოქცეული ყავის მარცვლებით გაწყობილი მაგიდებით და, რაც მთავარია, დაინერისთვის აუცილებელი ატრიბუტით – რამდენიმე ღია კუპეთი ხედით ტაბიძის ქუჩაზე. ალბათ ნაკლებად მიმზიდველია რესტორნის სიღრმეში, ანტრესოლში ჯდომა, სივრცის დაყოფის ასეთი გადაწყვეტილება არქიტექტორმა სავარაუდოდ მაგიდების რაოდენობის გაზრდის მიზნით მიიღო. ნათელია, რომ პატრონების სურვილია ყავასთან ასოცირება, ეს მოყავისფრო-კრემისფერ  დეკორშიც კარგად ჩანს, მოწოდებაშიც: „საუკეთესო ყავა საუკეთესო გარემოში”, და იმაშიც, რომ მენიუში ყავას და ყავის სასმელებს მთელი ორი გვერდი ეთმობა. 
 
მილქშეიქები და წვენების კოკტეილებიც ბლომად არის. განსაკუთრებით ნიშანდობლივია დაინერისთვის ჯერარნახული მართლმადიდებლური დეტალი – სამარხვო მენიუ (რატომ არა ვეგეტარიანული?).  წვნიანის სექციაში ექვსი დასახელების სუპია ჩამოთვლილი, „აკროშკით” (5.90ლ) დაწყებული, „სალიანკით” (10.90ლ) დამთავრებული. ამათ მოჰყვება სენდვიჩების, სალათების, იტალიური და ევროპული კერძების ვრცელი ჩამონათვალი. გასინჯეთ საკუთარი „შიშისა და რისკის ფასად”. 
 
საუზმე კვერცხის მრავალფეროვანი არჩევანით იწყება. კერძების ფოტოები თითქოს მადისაღმძვრელადაც გამოიყურება, თუმცა გაუგებარია რატომ წვავენ კვერცხს ზეთში და რატომ მოაქვთ „გლაზური” (7.90) მაიონეზწასმულ ტოსტზე, ან რატომ აქვს ბეკონის ომლეტს (8.90ლ) ძეხვის ჩიჟი-პიჟის გემო. იქნებ ყველას შვრიის ფაფა (4.90ლ) ჯობს, რაც უფრო რთული გასაფუჭებელია? გავიმეორებ:  წამოწყება – ქალაქის ცენტრში არცთუ ისე ზურგმაგარი საშუალო წრისთვის ხელმისაწვდომი სასაუზმე-სასადილო არსებობდეს, თუნდაც ყავის რესტორანი ერქვას, ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა შესრულება და სამზარეულო უვარგისი. ისიც საკითხავია თუ რატომ სჭარბობს მომსახურე პერსონალის რაოდენობა კლიენტურას? ალბათ ახლო მომავალში ანტრესოლის სრულად დატვირთვას ელოდებიან და ამან განაპირობა ყაზარმული მზადყოფნა. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო დამლაგებლის პროფესიის და ზოგადად სისუფთავის მიმართ, თუმცა გაგანია სამუშაო საათებში დამლაგებლის სველი იატაკის ჯოხით გამოჩენა რუტინული წმენდის ჩასატარებლად – გაუმართლებელია ასეთი შემოსვლა მაშინ, როდესაც მაგიდებიდან ჭურჭელი ცვივა.

კომენტარები