RICHIE RICH

ქორთიარდ მერიოტის წინ რაგბის ათამდე გულშემატკივარი შეიკრიბა. იქვე, სასტუმროს კაფეს ფანჯრებთან ფუსფუსებენ, ეწევიან. ქარმა დაუბერა და ბიჭებმა უფრო მაგრად შემოიჭირეს ზურგზე საქართველოს დროშები. ოდნავ გახუნებული, წესრიგში მოსაყვანი, მაგრამ მათთვის მაინც მნიშვნელოვანი აქსესუარი.

რამდენიმე წუთში სასტუმროდან კაცი გამოდის  და გულშემატკივრები მასთან გარბიან. „ყოჩაღ, რიჩი... გაიხარე, ძმაო... მაგარი ტიპი ხარ... როგორ გვიცინის, ნახე? ჩვენიანია” და კიდევ ბევრი და საინტერესო კომენტარით ესალმება ფანების ეს ჯგუფი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, შოტლანდიელ რიჩი დიქსონს.

დიქსონი გაწონასწორებული, თავაზიანი და ძალიან განათლებული ადამიანია. ბევრი საუბარი არ უყვარს, მაგრამ თუ მისთვის საინტერესო თემისკენ გადაუხვევ, ესიამოვნება და ბევრს მოგიყვება. რიჩიმ საქართველოს ნაკრებს მოკლე დროში ორი საინტერესო, მძიმე და ჩვენებისთვის წონადი ტესტი მოაგებინა. თბილისში ჯერ კანადელებს ვაჯობეთ და მერე – ამერიკელებს. უფრო რთული და ბოლოში ორმაგად გემრიელი ამერიკელებთან მოგება გახდა. ჯერ ვიგებდით, შემდეგ ვაგებდით და მერე უფრო მაგრად ვაგებდით. ბოლოში რიჩის გუნდმა მოინდომა და 19:17 მოიგო.

დიქსონი: „საქართველოში რაგბი უყვართ და აფასებენ თქვენი ბიჭების ლტოლვას, თავდადებას, სიალალეს. ჩვენ არ ვართ ახალ ზელანდიაში, სადაც რაგბი რელიგიაა და ნაკრების შეკრებისთვის მწვრთნელები ორასამდე კანდიდატს არჩევენ. ეს საქართველოა და შესაძლებლობებიც უფრო მოკრძალებულია. უბრალოდ, როდესაც მახოს (ურჯუკაშვილი), ვიტოს (კოლელიშვილი) და მთელი ნაკრების მონდომებას ვხედავ, ეს ნაკრები ჩემთვის ახალ ზელანდიაზე, ავსტრალიაზე, ყველაზე დიდია. ამერიკასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი სერიოზულად დაიმტვრა. გატეხილი ცხვირი, ყვრიმალის ძვალი, ამოვარდნილი მხარი, დაჟეჟილი ნეკნები... გასახდელში შევედი და ყველა შემომეხვია. ერთ-ერთი გულში ჩავიკარი, მადლობა-მეთქი და ტკივილისგან ცრემლები წამოუვიდა. იმ მოთამაშეს სახეში მუხლი გაარტყეს, მაგრამ გაძლო და მოედანზე ბოლომდე დარჩა. ბოლომდე გაძლო მაშინაც, როდესაც გულში ჩავიკარი. იმ მომენტში ყველაზე მდიდარი, ბედნიერი ვიყავი. და ვგრძნობ, რომ საქართველოს ნაკრების წევრებიც პატივს მცემენ, მენდობიან”.

დიქსონი საინტერესო ოჯახიდან არის. მამამისი 90 წლის მეცხვარეა. ერთი თვის წინ შვილთაშვილს მოესწრო. მამა ჯანზეა: „პატარას იტოვებს, უვლის, მერე სახლს ალაგებს და საღამოობით გემრიელ საჭმელს გვახვედრებს”. რიჩის და მის მეუღლეს უკვე 40 წელიწადი სიყვარულით გააქვთ ერთმანეთი და დიქსონს სულ მალე მეორე შვილიშვილი ეყოლება. დიქსონის ძმა 2005-ში ერთი წლით შოტლანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო, მანამდე კი თბილისში საქართველო-რუსეთის მატჩზე კომისრობდა.

რიჩის თითქმის არ აქვს თავისუფალი დრო. უყვარს თეატრში სიარული და შეუძლია საათობით ისაუბრობს ლეგენდარულ Citizens Theatre-ს ისტორიაზე. გლაზგოში ამ თეატრში ბევრი ლეგენდარული, ისტორიული პრემიერა იყო. რიჩი ჩურჩულზე გადადის, როდესაც კიდევ ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს. სიტიზენში ყოველი პრემიერის შემდეგ ლეიდი დეიგლის მოჩვენება დადის და იქაურობას ალაგებს. აქვე იყო დრაკულას პრემიერაც, რომლის დროსაც თეატრში ღამურების მთელი ესკადრა შემოფრინდა და ჩვენება კინაღამ ჩაიშალა.

დიქსონი: „შოტლანდია არ არის მხოლოდ არტურ კონან დოილი და უოლტერ სკოტი. შოტლანდია არ არის მხოლოდ რეინჯერსი და სელტიკი. შოტლანდია იმაზე ბევრად ღრმა და საინტერესოა, ვიდრე ბევრს ჰგონია. ულამაზესი ბუნება გვაქვს. იცით, ჩვენ ტყეებში აღარ არის არც დათვი და არც მგელი. გადაშენდნენ... შოტლანდიის ტყეებში ბოლო მურა დათვთან ფოტო მამაჩემს აქვს გადაღებული. შოტლანდიაში ევროპაში ყველაზე მაღალი ხე, Stronardron Douglas Fir დგას, რომლის მოვლასაც ორი კომპანია აფინანსებს. შოტლანდიაში ოქროს არწივია და ამით მთელი ქვეყანა ამაყობს. ოქროს არწივის თითო კვერცხში კოლექციონერები 100 ათას ევროს გადაიხდიან. უბრალოდ, ბრაკონიერებს მთელი შოტლანდია ებრძვის და ფრინველს აღარ ეკარებიან”.

სასტუმროს მივუახლოვდით. რიჩის კიდევ რამდენიმე ქართველი მიუახლოვდა. დიქსონთან საუბარი შედარებით კომპაქტური, მაგრამ ღრმა და საინტერესო იყო. რიჩი თვითონ არის ღრმა და საინტერესო. და სულ იმეორებს, მდიდარი ვარო. ჩემი ოჯახით, თქვენი ნაკრებით და ჩემი სიყვარულითო.

საქართველოს ნაკრებიც მდიდარია. რიჩი დიქსონთან ერთად

კომენტარები