გრიგოლ ვაშაძე: სტრატეგიული არჩევანი – დასავლეთზე ორიენტირებული მრავალვექტორული დიპლომატია

ეუთოს ასტანის სამიტზე კონფლიქტების საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. 56 ქვეყნის წარმომადგენლებმა სამიტის საიუბილეო დეკლარაცია მიიღეს. თუმცა, სამოქმედო გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ.

ძირითად საკითხებზე კონსენსუსის არარსებობა უმთავრესად რუსული მხარის არაკონსტრუქციულმა პოზიციამ განაპირობა. რუსეთის პრეზიდენტმა სამიტი დაგეგმილზე ადრე დატოვა. 
 
სამიტის შემდეგ ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ ისინი არასდროს იტყვიან უარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, არ დათანხმდებიან რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოშობილი „ახალი რეალობების” ლეგიტიმაციასა და საქართველოს პრობლემების იგნორირებას. 
 
დასავლელმა ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში ეუთოს მისიის აღდგენა და 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმების შესრულება მოითხოვეს. 
 
საქართველოს პრეზიდენტმა სამიტზე გამოსვლისას კვლავ გაიმეორა საკუთარი სამშვიდობო ინიციატივა და ეუთოს მოუწოდა ამ კონფლიქტების მოგვარებაზე ფოკუსირებისა და მისი ფუძემდებლური პრინციპების უფრო აქტიური დაცვისაკენ.  
ეუთოს სამიტის შედეგებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ ჟურნალ ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესაუბრა.  
 
 
როგორ შეაფასებდით ეუთოს ასტანის სამიტის მიერ მიღებულ დეკლარაციას? 
 
სამიტზე ერთიანი, ორნაწილიანი დოკუმენტი უნდა მიეღოთ. პირველი – საიუბილეო დეკლარაცია – რომელიც ეუთოს აქტის 35 და პარიზის ქარტიის 20 წლისთავს მიეძღვნებოდა. მეორე ნაწილი კი სამოქმედო გეგმა უნდა ყოფილიყო, რომელშიც ეუთოს წევრი 56 ქვეყანა არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს დასახავდა – როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და ადამიანის უფლებების განზომილებაში. 
სამოქმედო გეგმის განხილვა დაახლოებით დღე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველომ განსახილველად რვა სამუშაო ვარიანტი წარადგინა.  ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა – აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა, ყველა ღონე ვიხმარეთ, რათა სამოქმედო გეგმა მიგვეღო. თუმცა, უპირველეს ყოვლისა საქართველოს საკითხი, ასევე დნესტრისპირეთისა და ყარაბაღის საკითხები, დაბრკოლების მიზეზად იქცა. 
 
რუსეთი შეეწინააღმდეგა სამიტის დოკუმენტებში საქართველოსთან დიალოგისაკენ მოწოდებას. ის არა მხოლოდ მოერიდა დევნილების საკუთარ სახლებში უპირობოდ, ღირსეულად, ნებაყოფლობით და უსაფრთხოდ დაბრუნების უფლების დადასტურებას, არამედ საერთოდ უარი განაცხადა დოკუმენტში საქართველოს ხსენებაზე. 
 
ისეთი დონის შეხვედრა, როგორიც ეუთოს სამიტია, საერთოდ დასკვნითი დოკუმენტის გარეშე ვერ დასრულდებოდა, ამიტომ ყველა ქვეყანამ მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართა რუსეთის ამ არაკონსტრუქციული პოზიციის გადალახვისთვის და საბოლოოდ საიუბილეო დეკლარაცია მივიღეთ. ეს დოკუმენტი იმით შემოიფარგლება, რომ ადასტურებს ეუთოს ფუძემდებლურ პრინციპებს.   
 
საქართველოს შეფასებაა, რომ სამწუხაროდ, ეუთო კრიზისში იმყოფება. ეუთოში ვერ ხერხდება იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ჩვენს კონტინენტზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლადაა აუცილებელი. ვერ ხერხდება რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის უთანხმოების გადალახვა. ამიტომაც, ამ სამიტს და მის შედეგებს პოზიტიურად ვერ შევაფასებთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყახაზეთმა, როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, უდიდესი ძალისხმევა გაიღო. 
 
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულმა დელეგაციამ შეძლო ის, რასაც ასტანაში წასვლამდე ვაცხადებდით – აღარ მიიღებენ დოკუმენტს, სადაც მკაფიოდ არ იქნება ჩამოყალიბებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა ან არ იქნება რუსეთ-საქართველოს დიალოგის განახლების, დევნილების დაბრუნების, 12 აგვისტოს შეთანხმებების შესრულებისა და სხვა არსებითი პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული კონკრეტული ზომები.  
 
 რა საფრთხეს უქმნის საქართველოს რუსეთის გავლენის ზრდა პოსტსაბჭოთა რეგიონსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში?
 
რუსეთი აწარმოებს გააფთრებულ ზეწოლას დამოუკიდებელ ქვეყნებზე, მათ შორის ჩვენს სამეზობლოზე და არამარტო. განსაკუთრებით აქტიურად რუსეთის ფედერაცია ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში მუშაობს. 2008 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო დავალება, რომ იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლობას აღიარებდნენ, უნდა მიეყვანათ დაახლოებით კოსოვოს მაღიარებელი ქვეყნების რაოდენობამდე. ამიტომ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობაზე და იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა, რომლის ტერიტორია 70 ათასი კვადრატული კილომეტრია და მოსახლეობა 4,5 მილიონს შეადგენს, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომელიც 17,5 მილიონი კვადრატული კილომეტრია და მოსახლეობა 150 მილიონს აღწევს, ალბათ, არც ისე ცუდად გვიმუშავია. თანაც რუსეთის ფედერაციას თავისი უზარმაზარი საერთაშორისო ავტორიტეტი შემატა ვენესუელის, ნიკარაგუას და ნაურუს რეჟიმებმა. საყურადღებოა, რომ ნიკარაგუაში იურიდიულად ეს პროცედურა დასრულებული არ არის. 
 
ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იმაზე მუშაობაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი არ დაირღვეს. აუცილებელია ტერმინი “ოკუპაცია” ყველა ქვეყნის მთავრობის ლექსიკონში შევიდეს.
 
 რა კონკრეტული სიახლეებია ჩვენს ურთიერთობებში ამერიკასა და ევროპასთან?
 
ევროკავშირთან ურთიერთობაში ხელშესახები პრაქტიკული წარმატებები გვაქვს. წელს ხელი მოვაწერეთ სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულებას და პარტნიორობას მობილურობისთვის. ასევე, ნოემბერში ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას რეადმისიის, 2 დეკემბერს კი – ჩემი აზრით, ისტორიულ დოკუმენტს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთობლივი საჰაერო სივრცის შესახებ. 
 
მომავალი წლის დასაწყისში ხელს მოვაწერთ დოკუმენტს, რომელსაც „გეოგრაფიულ დასახელებებთან დაკავშირებული სავაჭრო ნიშნების დაცვა” ჰქვია. 
 
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ერთი რაუნდი უკვე ჩატარდა. 9 დეკემბერს გაიმართება მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი. 
 
ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან ერთი თავი მთლიანად დახურულია, რვა თავი  მალე დაიხურება და ყველაფერზე მალე შევთანხმდებით. ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოების ამოცანა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების წინაშე 2008 წელს იდგა, აქტიურად სრულდება. 
 
ხაზი მინდა გავუსვა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა ევროკავშირის მონაწილეობა ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში. ამ მხრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია, ეს არის მისია, რომელიც რეკორდულ ვადებში შეიქმნა და საქართველოში გამოიგზავნა.   
 
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მასთან ყოველდღიური, კონსტრუქციული, ნდობით აღსავსე ურთიერთობა აქვს. მისია ყველა საჭირო მომენტში გამოდიოდა როგორც ძალიან ობიექტური, მიუკერძოებელი  დამკვირვებელი.
 
გარდა ამისა, ევროკავშირი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა და დიდი წვლილი შეაქვს იმაში, რომ ამ ფორმატის შენარჩუნება ხერხდება. მართალია არსებითი შედეგები დღესდღეობით არ გვაქვს, მაგრამ ფორმატს უნდა გავუფრთხილდეთ. 
 
რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობებს, ლისაბონში მიხეილ სააკაშვილი და ბარაკ ობამა შეხვდნენ, როგორც ორი მოკავშირე ქვეყნის ლიდერები და ჩვენი სახელმწიფოების  ურთიერთობის ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს. 
 
ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა აშშ-სთან შეიძლება სულ რამდენიმე სიტყვით გადმოვცე – ეს არის სტრატეგიული კავშირი, არჩევანი, რომელიც ორივე ქვეყანამ გააკეთა. 
 
 ხომ არ შეუშლის ხელს საქართველოსა და ირანის დაახლოება ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან? 
 
საქართველოს ირანთან ნორმალური, კეთილმეზობლური რეგიონალური ურთიერთობა აქვს, თუმცა ეს საკმაოდ მტკივნეულ თემებზე საუბრებს არ გამორიცხავს. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს იყო მოსაზრებების ძალიან გულწრფელი გაცვლა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს, რომ ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონტროლის ქვეშ განხორციელდეს. 
ამ ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტიც და ჩვენც შევეხეთ ადამიანის უფლებათა დაცვის თემას. თუმცა, ეს არ გამორიცხავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჰუმანიტარული საკითხები, ადამიანების კონტაქტი და ტურიზმი. 
საქართველოს გეოგრაფიის პირობებში და ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში მყოფი ქვეყნისათვის აბსოლუტურად გამორიცხულია, არ ჰქონდეს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული არჩევანი დასავლური ორიენტაციაა. 
 
 

კომენტარები