თბილისის სამშვიდობო ინიციატივა პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს წერილობით გააცნო

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივა მსოფლიო ლიდერებს წერილობით გააცნო. ამის შესახებ სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ევროპარლამენტში  გამოცხადებული ცალმხრივი სამშვიდობო ინიციატივისა და გეგმების შესახებ წერილობით გაეროსა და ნატოს გენერალურ მდივნებს, ეუთოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, ასევე აშშ-ს  პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართა. მანჯგალაძის თქმით, ცალმხრივი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ სააკაშვილმა გასულ კვირას ასტანაში გამართულ ეუთოს სამიტზეც ისაუბრა. ”სამიტზე კიდევ ერთხელ ცხადად გამოვლინდა რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიცია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ასტანის დეკლარაციამ შეძლო დაეფიქსირებინა ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი,” აღნიშნა მან.

23 ნოემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებზე თბილისის კონტროლის აღსადგენად. ”შვიდობა ჩვენი უზენაესი ინტერესია და დარწმუნებული ვარ, რომ მას ალტერნატივა არ გააჩნია,” განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა თბილისსა და სოხუმს, ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 

კომენტარები