ბრძოლა მშვიდობისთვის

“დადგება დღე, როდესაც კონტინენტის ყველა ერი, თქვენი განსაკუთრებულობის და საუცხოო ინდივიდუალიზმის დაკარგვის გარეშე, უზენაეს ერთობას დააფუძნებთ და ევროპული საძმოს წევრები გახდებით. 

დადგება დღე, როცა ბრძოლის ველი თავისუფალ ბაზარს და იდეებისადმი გახსნილ აზროვნებას დაეთმობა. 
 
დადგება დღე, როცა ტყვიებს და ნაღმებს საარჩევნო ხმები, საყოველთაო არჩევნები და სუვერენული სენატი შეცვლის. სენატი იგივე იქნება  ევროპისთვის, რაც ინგლისისთვის პარლამენტი, გერმანიისთვის რაიხსტაგი და საფრანგეთისთვის საკანონმდებლო ასამბლეაა”, – ეს, იმ დროისთვის დაუჯერებელი, დღეს კი, დიდწილად ახდენილი წინასწარმეტყველება ვიქტორ ჰიუგომ მშვიდობის საერთაშორისო კონგრესის დელეგატებს გაუზიარა პარიზში, 1849 წელს.  
 
ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებლის ოპტიმისტური სიტყვები ევროპელმა პოლიტიკოსებმა ამჯერად ვარდების რომანტიზებული რევოლუციის ლიდერისგან მოისმინეს. საქართველოს პრეზიდენტი, რევოლუციის 7 წლისთავზე, 2010 წლის 23 ნოემბერს, საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. 
 
მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, პოლონელი პოლიტიკოსისა და ყოფილი დისიდენტის, იეჟი ბუზეკის მოწვევით ჩავიდა. საქართველოს პირველ პირს ევროპის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა უკვე მეორედ ერგო. პირველად მან ევროპარლამენტს 4 წლით ადრე, 2006 წლის 4 ნოემბერს მიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი საქართველოს პრეზიდენტს, დალაი ლამასთან ერთად ერთგვარ გამონაკლისად აქცევს – ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შანსი ორჯერ, არაწევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის, ტიბეტის დევნილი სულიერი ლიდერისა და ოკუპირებული საქართველოს პრეზიდენტის გარდა, არავის მისცემია.
 
“მოვედი რათა დაგარწმუნოთ, რომ მშვიდობა – სამართლიანი და მტკიცე მშვიდობა – მიღწევადია ჩემს რეგიონში, და რომ ამ საქმეში ევროპის მხარდაჭერა გვჭირდება”, – მიმართა სააკაშვილმა ევროპელ დეპუტატებს და იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა, “საზეიმო ფიცი” დადო: “დღეს ვიჩენთ ცალმხრივ ინიციატივას და ვაცხადებთ, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად და რომ დეოკუპაციისკენ და გაერთიანებისკენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ივლის”.
მოსკოვმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა “პოლიტიკურ მეტიჩრობად” შერაცხა. რუსეთის საგარეო უწყების აზრით, სააკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალის გამოყენების უფლებას, მხოლოდ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში იტოვებს, “ორმაგ შთაბეჭდილებას” ახდენს. როგორც ჩანს, შთაბეჭდილების “გაერთმაგება” მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც სააკაშვილი არამცთუ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არ გამოიყენებს ძალას, არამედ ზოგადად საერთაშორისო სამართლით აღიარებულ – თავდაცვის უფლებაზე იტყვის უარს.
 
რუსეთის უკმაყოფილების მიზეზი ძნელი გამოსაცნობი არაა – ჩრდილოელი მეზობელი წლებია ითხოვს, გაფორმდეს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოსა და მარიონეტულ რეჟიმებს შორის. საქართველოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აგვისტოს ომამდე, მოსკოვის, სოჭისა და დაგომისის ხელშეკრულებებით ჰქონდა აღებული, მაგრამ ამ ხელშეკრულებათა პაკეტში აფხაზეთში დევნილების დაბრუნების პირობაც იყო ჩადებული, რაც რუსეთს არ აწყობდა. შესაბამისად, აგვისტოს ომამდე, რუსეთი ამ ორი საკითხის განცალკევებას ისახავდა მიზნად, იმ იმედით, რომ ახალი შეთანხმების გაფორმების შედეგად, დევნილების დაბრუნების ვალდებულება შესუსტდებოდა. სააკაშვილის ხელისუფლება კი დევნილების საკითხის გარდა, უარის თქმის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ კონფლიქტის მხარე რუსეთი იყო, და არა აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი და ამ მიმართულებით ცდილობდა იქამდე არსებული ფორმატის შეცვლას. 
 
2008 წლის აგვისტოში რუსეთის მოქმედებების შედეგად ამ ხელშეკრულებებიდან არაფერი დარჩა. მაგრამ, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება ახლაც მოქმედებს სარკოზის შუამავლობით გაფორმებული, 12 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე. ოღონდ აქ კონფლიქტის მხარეებად რუსეთი და საქართველოა წარმოდგენილი. რუსეთის მთავარი პრობლემა, ამ ხელშეკრულების მიმართ არის არა მხოლოდ ის, რომ ჯარების გაყვანის ვალდებულება ეკისრება, რომელსაც ის არ ასრულებს, არამედ ისიც, რომ თავად ფიგურირებს კონფლიქტის მხარედ. საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ეთანხმება აშშ-ის საგარეო უწყებაც: “მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრეზიდენტ მედვედევს შორის, პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, უკვე აკისრებს მხარეებს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ”, განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი რაუნდის შემდეგ.
 
რუსეთის დამოკიდებულება კონფლიქტის მხარედ წარმოდგენის მიმართ, კარგად გამოჩნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 ნოემბრის განცხადებაში, რომელიც სააკაშვილის ინიციატივას მოჰყვა პასუხად – “ბატონი სააკაშვილი კვლავაც ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას რუსეთსა და საქართველოს შორის რაიმე კონფლიქტის არსებობაში, მაშინ როცა საუბარი უნდა წარიმართოს მრავალწლიან კონფლიქტზე თბილისს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს შორის”. 
 
მრავალი მცდელობის მიუხედავად, მოსკოვი ამ საკითხთან დაკავშირებით მოკავშირეს ვერ პოულობს. ამის მაგალითი ჟენევის მოლაპარაკებებია, სადაც მხარეებად პლენარულ სხდომაზე რუსეთი და საქართველოა წარმოდგენილი. მარიონეტული რეჟიმები, როგორც კონფლიქტის მხარეები, ჟენევის ფორმატში არ არსებობენ.  სწორედ ამიტომ, რუსეთი ბოიკოტს უცხადებს პლენარულ სხდომას და მოლაპარაკებები მხოლოდ სამუშაო ჯგუფების ფორმატში მიმდინარეობს. ამ შეხვედრებს მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები პერსონალური სტატუსით ესწრებიან. ისევე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დევნილი ლეგიტიმური მთავრობების წარმომადგენლები. 
 
ის, რომ რუსეთი კონფლიქტის მხარეა და სხვა არაფერი, დმიტრი მედვედევს სულ ახლახან მისმა მთავარმა ევროპელმა პარტნიორებმა, ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმაც შეახსენეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტს შეხვდნენ დოვილში – ამის შესახებ, საფრანგეთის დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებულმა წყარომ ტაბულას სტრასბურგში აცნობა.
 
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას იმ დღესვე გამოეხმაურა ოფიციალური პარიზი: “საფრანგეთი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე საჯაროდ აღებულ ვალდებულებას არ გამოიყენოს ძალა საქართველოს რეგიონებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასაბრუნებლად… ეს უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია კავკასიაში მშვიდობის გასამყარებლად... საფრანგეთი სარგებლობს ამ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ”. ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიშელ ალიო მარიმ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდა, ნდობით მოეკიდონ საქართველოს ცალმხრივ დეკლარაციას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაუშვან. 
 
სააკაშვილის პირობას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ქეთრინ ეშტონიც  მიესალმა და “კონსტრუქციული ნაბიჯი” უწოდა. 
“პრეზიდენტის დეკლარაცია არის ის, რისი მოსმენაც სურთ ევროპელებს, – განუცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გია ნოდიამ ტაბულას, – ასეთი განცხადება, საქართველოს პოზიციებს სერიოზულად აძლიერებს. ეს იყო საუკეთესო რამ, რაც სააკაშვილს შეეძლო გაეკეთებინა იმ ფონზე, როდესაც დასავლეთში აგვისტოს ომის შემდეგ, მაინც დარჩათ წარმოდგენა, რომ რუსეთი ცუდია, მაგრამ სააკაშვილიც აგრესიულია”. ნოდია მიიჩნევს, რომ ეს განცხადება საქართველოს გაერთიანების მხრივ შედეგს არ მოიტანს, მაგრამ საქართველოსა და დასავლეთს შორის პოზიტიურ ფონს შექმნის. 
 
საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივაზე რუსეთის რეაქცია, ამ უკანასკნელს, ამერიკასთან და ევროპასთან დამთბარი ურთიერთობების მიუხედავად, ამ კონკრეტულ საკითხზე მზარდ საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ამაზე მეტყველებს ევროპელი დიპლომატების გამოხმაურება სააკაშვილის გამოსვლაზე. გარდა ამისა, ამერიკელების კვალდაკვალ, ტერმინი ოკუპაცია არცთუ იოლად, მაგრამ უკვე ევროპელთა ლექსიკონშიც მკვიდრდება, რაც რუსეთს სამხრეთელ მეზობელთან კონფლიქტის საქართველოს შიდა ეთნიკურ შუღლად გასაღების საშუალებას უსპობს.
 
“კონსტრუქციული უნილატერალიზმი”, ასე უწოდა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა თავის სტატიაში, რომელიც გასულ აგვისტოს ინტერნეტ გამოცემა civil.ge-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. “მაშინ როდესაც კონფლიქტის მხარეები ვერც ფორმალურ და ვერც არაფორმალურ შეთანხმებას ვერ აღწევენ, ცალმხრივი დათმობა შესაძლოა ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ გზად იქცეს. შედეგად, მხარე, რომელიც გაბედულად მიდის დათმობაზე, არამცთუ ზარალდება, არამედ სარგებელსაც ნახულობს”, – ამბობს ჰაბერი. 
 
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას სწორედ ჰანსიორგ ჰაბერს დაეყრდნო. “ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობა უზენაესი ინტერესია და დარწმუნებულნი ვართ, რომ მას ალტერნატივა არ გააჩნია, – მიმართა მან ევროპელ დეპუტატებს, – მშვიდობისთვის საფრთხის შექმნით, ჩვენ რისკის ქვეშ ვაყენებთ ყველაფერს, რასაც აქამდე მივაღწიეთ და მომავალში გვინდა მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ, აქ მოვედი, რათა “კონსტრუქციული უნილატერალიზმის” პოლიტიკის შემდეგი ნაბიჯის შესახებ განვაცხადო”. 
 
საეჭვოა სააკაშვილის ცალმხრივმა დეკლარაციამ სტატუს-კვოს ადგილიდან დაძვრა შეძლოს, მაგრამ ამ ნაბიჯის ერთგვარი შედეგი უკვე სახეზეა, საქართველოს ხელისუფლებამ ბურთი რუსეთის მოედანზე გადააგდო. 2010 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, რუსეთს, საქართველოს მიმართ, ძალის გამოუყენებლობის თემით ვაჭრობა გაუჭირდება. 
 
პრეზიდენტის ლისაბონსა და სტრასბურგში გატარებულმა “ყველაზე აქტიურმა” კვირამ თვალსაჩინო გახადა, რომ მიუხედავად რუსეთთან დამთბარი ურთიერთობისა, საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან, ფორმალურად მაინც, არ იხსნება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მხარდამჭერი რეზოლუციები და განცხადებები დეოკუპაციის საკითხს მყისიერად ვერ გადაჭრის, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, მოკლე ვადაში დანარჩენი საქართველოს უსაფრთხოებას გაამყარებს. საშუალო ვადაში ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა დეოკუპაციამდე მიგვიყვანოს.
 
 
 
გამოუქვეყნებელი კომენტარები

 
 
ალექსანდრე რონდელი  

 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ერთერთი შემადგენელი არის პროპაგანდისტული ომი. რუსეთის მიზანია, საქართველო ჭირვეულ და აგრესიულ მეზობლად წარმოაჩინოს, რომელთან დალაპარაკებაც შეუძლებელია. ამ პროპაგანდისტულ ომში წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება. მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს ძალას და, ამავე დროს, ფაქტობრივად, ხელი გაუწოდა რუსეთს. საქართველო, რომელიც ახალგაზრდა ქვეყანაა, თანდათან სწავლობს ამ ომში ბრძოლას.

ევროპული პარლამენტის წინაშე ამ განცხადების გაკეთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ევროპული აზრის ფორმირებისათვის. აქ წარმოდგენილნი არიან პარლამენტარები ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც ამავდროულად საკუთარი ქვეყნების განსხვავებულ ძალებს წარმოადგნენ.

ევროპაში საქართველოს შეტყობინება სწორად იქნა აღქმული. ეს ყველამ შეაფასა, როგორც ძლიერი, მართებული და დროული სვლა. ეს ქმნის კარგ განწყობას საქართველოს მიმართ.

იყო საქართველოს იზოლაციაში მოქცევის მცდელობა  და არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან. ბევრ ქვეყანას არ სურდა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ომის დაწყებაში საქართველოს წვლილის ხაზგასმა აუცილებელი იყო რუსეთთან ურთიერთობების შესანარჩუნებლად. თანდათანობით საქართველოს პრინციპულმა და მტკიცე პოზიციამ თავისი გაიტანა. ამასთან, საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურმა პროცესმა აჩვენა, რომ საქართველო არ არის არშემდგარი გაუგებრობა და იგი ანგარიშგასაწევი ქვეყანაა.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, ის უცვლელი რჩება. ის ითხოვს ხელშეკრულების გაფორმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რაზეც საქართველო ვერ წავა, ვინაიდან მათი აღიარებისკენ ნაბიჯის გადადგმა იქნება. ეს ევროპაშიც კარგად ესმით. თუმცა, ჩვენ მზად ვართ მოვაწეროთ ხელი მსგავს ხელშეკრულებას რუსეთთან, რასაც თავად ეწინააღმდეგებიან.


აკაკი მინაშვილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადება იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც თავიდანვე ვაწარმოებდით - ჩვენთვის კონფლიქტის მოსაგვარებლად მთავარი ბერკეტი მშვიდობაა. რუსეთის აგრესიამდეც ჩვენ რამდენიმე სამშვიდობო ინიციატივა წარმოვადგინეთ და ახლაც ცალმხრივად ვაცხადებთ, რომ ძალას არ გამოვიყენებთ. ჩვენ ვავითარებთ სახელმწიფოსა და რეგიონს, რათა ოკუპირებული ტერიტორიები თავად მოვიდნენ ჩვენთან.

ამასთან, ცხადია, ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ თავდაცვის უფლება აგრესიის შემთხვევაში. ფართო აგრესიის პირობებში სახელმწიფოს უფლება და მოვალეობაცაა საკუთარი მოსახლეობის დაცვა.

საქართველოს ეს განაცხადი, დასავლეთის ზეწოლისა და ოკუპაციაზე მუდმივი ხაზგასმის ფონზე, რუსეთს კუთხეში აყენებს. უბიძგებს მას, რომ იყოს კონსტრუქციული. რუსეთს ევროპასთან თანამშრომლობა სჭირდება. მას ასევე აშშ-თან თანამშრომლობაც სურს. რუსეთს უნდა გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ საუბრისათვის, რათა მიღწეული იქნას სტაბილურობა და განვითარება. ეს უნდა მოხდეს დეოკუპაციის პირობებში.

რუსეთის მხრიდან ამას უკვე მოყვა არაკოორდინირებული რეაქცია. ეს ნათელს ხდის, რომ რუსეთი კუთხეშია მოქცეული. მას არ აქვს ნორმალური საპასუხო წინადადება.

ჩვენმა პარტნიორებმა კი გზავნილი კარგად აღიქვეს. ვიხილეთ კეტრინ ეშტონის განცხადებაც. დარწმუნებული ვარ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებენ ზეწოლას ამ მიმართულებით. მათი პოლიტიკა ბოლო პერიოდში უფრო თანმიმდევრული გახდა  - ყველა შეხვედრაზე, დოკუმენტში, თუ ტრიბუნაზე ფიქსირდება, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს საკითხზე ვერ თანხმდებიან. რუსეთს დასავლეთთან სრულფასოვანი დიალოგი თუ სურს, მან ცივილიზებული წესებით უნდა დაიწყოს ქმედება.

ეს განცხადება ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთდა.  ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ჩვენ მივიწევთ ევროპისკენ და სწორედ ამიტომ გაკეთდა ეს განცხადება ევროპარლამეტში. ამასთან, ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ევროპის მეტი ჩართულობა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებასა და სამშვიდობო ინიციატივებში. დღეს ჩვენი მიზანია ევროკავშირის საპოლიციო ძალა იყოს სამშვიდობო ძალა ამ ტერიტორიებზე. ცხადია, ჩვენი ადრესატი მხოლოდ ევროპარლამენტი არაა. წერილები დაიგზავნა გაეროშიც, ეუთოშიც. ეს იყო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის.

კომენტარები