პირველად იყო კიგანი...

2011 წლის 10 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფა ტრადიციულად დაასახელებს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს და მას ოქროს ბურთით დააჯილდოვებს.

თუ ევროპულ პრესას ვენდობით, გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეს ინიესტაა, უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი.
მაგრამ ვეჭვობთ, რომ ინიესტას, თუნდაც ასეთი კოზირით, ოქროს ბურთის აღმართვა ძალიან გაუჭირდება – ჩვენი აზრით, ის უკვე დაჩრდილა თანაკლუბელმა ლეო მესიმ.
 
ბარსელონას შემხედვარე, ფიქრობ, რომ კატალონიური კლუბი ერთი მსახიობის თეატრია – არგენტინელი გენიოსი ყოველ საღამოს შეუდარებელია!
ფიფამ 2009 წელს სწორედ ის დაასახელა საუკეთესოდ და მესიც ყველგან ამტკიცებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია არ შემცდარა: ესპანეთის ჩემპიონატია, ლიგა თუ სანაკრებო თამაში, არგენტინელი შეუჩერებელია!
 
ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მან პანათინაიკოსი დაამწუხრა და ერთბაშად ორი რეკორდიც დაამყარა: ბარსელონას ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ზედიზედ 10 მატჩში რომ შეძლო გოლის გატანა და ამავდროულად, ყველაზე ახალგაზრდა – 23 წლის – 150-ე გოლი რომ მიითვალა!
 
და რადგან რეკორდები ვახსენეთ, წელს მესის მიერ დაპყრობილ მწვერვალებზეც ვთქვათ:
17 იანვარს, სევილიასთან 4:0 მოგებულ მატჩში ბარსელონას მაისურით მე-100 გოლი გაიტანა და ყველაზე ახალგაზრდა გახდა, ამ ნიშნულს რომ უწია!
24 მარტს, ოსასუნას წინააღმდეგ მეორასედ ითამაშა კლუბში – 23 წლის ბიჭის კიდევ ერთი რეკორდი!
 
6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაში არსენალს 4 გოლი გაუტანა და ბრაზილიელი რივალდოს რეკორდი გააუმჯობესა – ჩემპიონთა თასზე კატალონიელთა მთავარი ბომბარდირი გახდა!
 
2009-2010 წლების სეზონი ლა ლიგაში გატანილი 34 გოლით დაასრულა და რონალდოს რეკორდი გაიმეორა!
 
მერე სამხრეთ აფრიკა იყო, სადაც მესი სხვებმა დაჩრდილეს, მაგრამ დაიწყო თუ არა 2010-2011 წლების სეზონი, არგენტინელმაც გაილაღა და დღემდე არ გაჩერებულა:
 
ვილიარეალთან 3:1 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა, მეორე გოლი კი მისთვის წლეულს საიუბილეო, 50-ე გამოდგა ბარსელონას მაისურით!
 
ერთი კვირის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ალმერიას 8:0 გადაუარა, ლეომ კი სეზონში მეორე ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამ მატჩში შეგდებული მეორე ბურთით ის კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ლა ლიგაში 100 გოლს რომ უწია!
 
ალმერიას საბერძნეთში პანათინაიკოსთან 3:0 მოგება და ლეოს ერთი ზუსტი დარტყმა მოჰყვა...
საოცარია: ამ სეზონში მესიმ კატალონიელთა შორის 18-ჯერ ითამაშა და 23 გოლი გაიტანა!
 
ახლა, როცა ამ სიტყვებს ვწერთ, ჩვენ არ ვიცით როგორ დასრულდა მორიგი ელ კლასიკო – ბარსელონა-რეალი.
 
ვერც იმას გეტყვით, ვინ მოიგებს 2011 წლის 10 იანვარს ფიფას ოქროს ბურთს.
 
თუმცა, ის კი ვიცით, რომ ლეო მესის შეუძლია ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდეს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდო, თუმცა წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მაინც მოიპოვა.
 
პირველი ინგლისელი კევინ კიგანი იყო 1978 წელს.
 
მაშინ კიგანის ინგლისი არგენტინაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ ვერ მოხვდა... 

კომენტარები