თურქულმა კომპანიამ Kolin Construction-მა ჰიდროელექტროენერგიის პროექტში 150 მილიონდოლარიანი ინვესტიცია ჩადო. საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
ხელშეკრულების თანახმად, Kolin-მა სამეგრელოში, მდინარე ტეხურაზე 4 ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კასკადი უნდა ააგოს. მას, სულ მცირე, 105.7 მეგავატი სიმძლავრე უნდა ჰქონდეს. კასკადის მშენებლობა 4 წელიწადში დასრულდება.
ამ ხელშეკრულებით, ინვესტორები პირობას დებენ, რომ მომდევნო 10 წლის მანძილზე, ზამთარში, სამი თვის განმავლობაში, მთლიანი სიმძლავრე მხოლოდ შიდა ბაზარს მოხმარდება. წლის დანარჩენ დროს, ინვესტორს შეუძლია ელექტროენერგია საზღვარგარეთ გაყიდოს.
კიდევ ერთი თურქული კომპანია Nuroli Construction and Trading-ი, სამხრეთ კორეულ კომპანია SK Engineering and Construction-თან ერთად, ჩართულია პროექტში, რომელიც მდინარე რიონზე 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. სამივე მათგანის ჯამური სიმძლავრე 450 კილოვოლტი იქნება. პროექტის მთავარი ინვესტორი სამხრეთ კორეის სახელმწიფო კომპანია KEPCO-ა. KEPCO-ს ინვესტიცია 1 მილიარდი დოლარია.
კიდევ ორი თურქული კომპანია Limak Holding (Limak Enerji) და Anadolu Industrial Holding Group მომდევნო ტენდერების მოლოდინშია.
თურქების ინტერესი გასაგებია. 2010 წლის მარტში ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივის ფონდმა (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) 315 კმ სიგრძის შავი ზღვის რეგიონული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დააფინანსეს. გადამცემი ხაზის მშენებლობაზე 2011 წლის ბიუჯეტში დამფინანსებლები 1 მილიონ ლარს გამოყოფენ. პროექტი 2012 წელს უნდა დასრულდეს. ხაზის სიმძლავრე 500 კილოვოლტი იქნება. ეს ხაზი საქართველოსა და თურქეთის ქსელებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მზად კიდევ 90-მდე საინვესტიციო პროექტი აქვს. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ამბობს, რომ ჰიდროენერგო პროექტებით ამერიკული და კანადური კომპანიებიც ინტერესდებიან. საქართველოს მთავრობა ამ სფეროში მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს.





