ჰენესი ვენომ GT – ავტომობილი თავზეხელაღებულებისა და ძალიან მდიდრებისთვის

ტექსასური კომპანია ჰენესი ავტომობილების ტიუნინგზეა სპეციალიზებული, თუმცა ხშირად ინდივიდუალურ პროექტებსაც ახორციელებს და სუპერავტომობილების გურმანებს გაოცებულებს ტოვებს. წელს კომპანიამ მორიგი სუპერსათამაშო მოამზადა, რომელიც ლოტუს ელისის ბაზაზე შექმნა და რომელსაც სახელად ვენომ GT უწოდა.

ეს ავტომობილი წარმოუდგენელი ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა და ასე განსაჯეთ, თვით სიჩქარის მეფეს – ბუგატი ვეირონსაც კი ფორას მისცემს. ის ლოტუს ელისის დაგრძელებულსა (0.60 მეტრით) და გაგანიერებულ (0.30 მეტრით) პლატფორმაზე შეიქმნა. ძარის დასამზადებლად, კარბონის კომპოზიტი გამოიყენეს, რისი წყალობითაც ავტომობილის წონა სულ რაღაც 1070 კილოგრამია.
 
არადა, მის ბაზაში შევროლე კორვეტისგან აღებული 6.2-ლიტრიანი, წყვილ ტურბოკომპრესორიანი V8 მონსტრი ჩადგეს, რომელსაც მყიდველს ფორსირების სამი განსხვავებული დონით სთავაზობენ. მათგან ყველაზე სუსტი 725 ცხენის ძალას იძლევა (ამ ვერსიით, ძრავი ატმოსფერულია), საშუალოს სიმძლავრე 1 000 ცხენის ძალაა, ყველაზე ძლიერი კი – 1 200. რა თქმა უნდა, ძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება, შუალედურ რგოლად კი გამოყენებულია კომპანია რიკარდოს წარმოების 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი.
 
ამ ავტომობილს (1 200-ცხენისძალიანი ძრავით) ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.4 წამში შეუძლია, 160 კმ/სთ სიჩქარეს 5.3 წამში ავითარებს, 240 კმ/სთ-ს 8.9 წამში აღწევს, 320 კმ/სთ-ს კი – 15.6 წამში. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ვენომ GT-ს ჭერი 429 კმ/სთ-ია.
 
ჰენესი ვენომ GT რეგულირებადი საკიდარითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, სხვადასხვა სიჩქარეზე მაქსიმალური აეროდინამიკური ეფექტის მისაღწევად, ავტომობილს ასევე რეგულირებადი უკანა ანტიფრთა და უკანა სპოილერები ემსახურება. ასეთი ტემპერამენტის მქონე ავტომობილს მუხრუჭებიც შესაფერისი აქვს. სამუხრუჭე სისტემის მთავარი კომპონენტია იტალიურ კომპანია ბრემბოს წარმოების, ექვს (წინ) და ოთხცილინდრიანი (უკან) სუპორტები, რომლებიც კარბონ-კერამიკული კომპოზიტისგან დამზადებულ სამუხრუჭე დისკოებს ემსახურება. საბურავები კი ფრანგული მიშლენისაა და ისინი კარბონის 19-დუიმიან ბორბლებზეა ჩაცმული.
 
კომპანიის დამაარსებელი და მფლობელი ჯონ ჰენესი ამბობს, რომ თუ რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავის მართვა გსურთ, მაგრამ ამის საშუალება არ გეძლევათ, შეგიძლიათ იგივე გრძნობები მისი ავტომობილის დახმარებით გამოსცადოთ. ამისათვის კი 600-დან 725 ათას დოლარამდე გადახდა მოგიწევთ. ფასი ავტომობილის აღჭურვილობის (ძირითადად ძრავის ფორსირების ხარისხის შესაბამისად) მიხედვით მერყეობს. დაბოლოს, ჰენესი წლიურად მხოლოდ 10 ცალი ვენომ GT-ს წარმოებას აპირებს.

კომენტარები