მტერთან ლოგინში

გასულმა კვირამ საფრანგეთში დაძაბულ საინფორმაციო რეჟიმში ჩაიარა – მთავრობა გამოიცვალა. ეს მოვლენა პრესამ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების მორიგ ნაბიჯად შეაფასა და სეირის ყურებას შეუდგა.

ახალი მთავრობის შემადგენლობა იმის დასტურია, რომ სარკოზის “გახსნილობა” მემარცხენეთა მიმართ დასრულდა. სამი წლის თავზე ცხადი გახდა, რომ ის, რაც თავიდან ბევრს შეგნებულ ნაბიჯად მიაჩნდა – მემარჯვენე პრეზიდენტის კონსტრუქციულობა და მჭიდრო თანამშრომლობა გამოჩენილ მემარცხენე ლიდერებთან – წარუმატებლად დამთავრდა. პერსონალიებსა და პოლიტიკურ ხედვებს შორის მკვეთრმა განსხვავებამ, დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლებელი გახადა. 
 
საფრანგეთის პრეზიდენტს მცირე დრო რჩება იმისთვის, რომ უპრეცედენტოდ დაბალი რეიტინგი – ბოლო კვლევების მიხედვით 30% – გაზარდოს და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს საბრძოლო ფორმაში შეხვდეს. ანალიტიკოსები გასულ ზაფხულს ბოშათა ბანაკების პომპეზურ მოშლას და საპენსიო რეფორმას, რომელიც 27 ოქტომბერს პარლამენტმა ხმაურიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად დაამტკიცა და რომლის მიხედვითაც საპენსიო ასაკის ზღვარი საფრანგეთში 60-დან 62 წლამდე გაიზარდა – საარჩევნო სამზადისს უკავშირებენ. მთავრობის გამოცვლაც ამ ჯაჭვის ნაწილია. შედეგად, სარკოზი მემარჯვენე ამომრჩევლის გულის მოგებას ვარაუდობს.  
 
სპეკულაციები მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით გასულ გაზაფხულს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სარკოზის პარტია – გაერთიანებული სახალხო მოძრაობა – თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდა. თუმცა, ივნისში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობას მანამდე არ შეეხებოდა, სანამ ყბადაღებულ საპენსიო რეფორმას არ ჩაამთავრებდა. 
 
2007 წელს რეფორმატორული დღის წესრიგით მოსულმა სარკოზიმ, სამი წლის განმავლობაში ამომრჩეველს ბევრი ვერაფერი შესთავაზა – უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი – დაბალი, საუნივერსიტეტო რეფორმა – დაუსრულებელი, საჯარო ხარჯები – შესამცირებელი, ხოლო საპენსიო სისტემა – გაკოტრების ზღვარზე. მემარჯვენე ამომრჩეველი რეფორმების ტემპს აკრიტიკებს, ხოლო მემარცხენეებს უკმაყოფილებისთვის ისიც ყოფნით, მთავრობა რომ ბედავს და ლიბერალურ რეფორმასა და საჯარო ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს. 
 
მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, მოულოდნელობის გარეშე არ ჩაუვლია. პრემიერ-მინისტრმა ფიიონმა პოსტი შეინარჩუნა, თუმცა ყველა საპირისპიროს ელოდა. 
 
ხუთი შვილის მამა, ფრანსუა ფიიონი გოლისტია. მან ნიკოლა სარკოზის ერთგულება 2005 წელს შეჰფიცა – მას შემდეგ, რაც ჟაკ შირაკის მთავრობიდან, უფრო ზუსტად კი განათლების მინისტრის პოსტიდან დაითხოვეს. მანვე უხელმძღვანელა სარკოზის წარმატებულ წინასაარჩევნო კამპანიას, რამაც 2007 წელს პრემიერ-მინისტრობამდე მიიყვანა. 
 
თუმცა, მოგვიანებით, პრეზიდენტსა და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა – ჰიპერაქტიული პრეზიდენტის პირობებში, ფიიონს პოლიტიკურ წრეებში “ბ-ნი არავინ” შეარქვეს. მისდამი დამოკიდებულებას სარკოზი არ მალავდა. როგორც ბრიტანული Guardian-ი წერს, საფრანგეთის პრეზიდენტს არაერთხელ “აუხსნია” გარშემომყოფთათვის, რომ პრემიერ-მინისტრი მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომელია და სხვა მხრივ, მასთან საერთო არაფერი აქვს. 
 
ფიიონმა კი სულ ცოტა ხნის წინ, საჯაროდ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი “მისი მენტორი არ არის”. 
 
განსხვავებით პრეზიდენტისაგან, პრემიერ-მინისტრს ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. ავტორბოლითა და ფერარით გატაცების მიუხედავად, მას საფრანგეთში წყნარ, შეიძლება ითქვას მოსაწყენ კაცად იცნობენ. თუმცა, ასეთი ხასიათი სარკოზის ექსჰიბიციონიზმით და ჰიპერაქტიურობით შეწუხებული ფრანგების თვალში ფიიონს სოლიდურობას და სერიოზულობას მატებს. როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლებისას დეპუტატების ოვაციები არ წყდება ხოლმე, რაც სარკოზის იშვიათად ღირსებია. 2007 წელს, სწორედ მან ამცნო ქვეყნის მოსახლეობას, რომ “საფრანგეთი ბანკროტია” და მას მხოლოდ რეფორმა და საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა გადაარჩენს. 
 
ფიიონი მოსწონთ როგორც პარლამენტში, სადაც უმრავლესობას პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პარტია წარმოადგენს, ისე პარლამენტს გარეთ – ის ხალხშიც პოპულარულია. ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თუ სარკოზი მოწინააღმდეგე სოციალისტური ბანაკის ლიდერთან მარცხდება, ფიიონი იგებს. 
 
მტკივნეული რეფორმა, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრს აზარალებს ხოლმე და მისი თანამდებობიდან დათხოვნით პრეზიდენტს კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლა შეუძლია. პარადოქსია, მაგრამ საპენსიო რეფორმითა და სხვა სოციალური თემებით გამოწვეული უკმაყოფილება, ფრანსუა ფიიონს თითქოს არ შეხებია. მისი რეიტინგი, საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების მიხედვით, 48%-ია. ფიიონის დათხოვნის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი 2012 წელს პრეზიდენტობის კანდიდატად მოგვევლინოს და სარკოზის ხელმეორედ არჩევის შანსი წაართვას. 
 
ფიიონის პოსტზე დატოვება სარკოზის სისუსტის გამოვლინებად შეფასდა. როგორც პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (Sciences Po) ანალიტიკოსმა, როლანდ კაიროლმა  აღნიშნა: “სამთავრობო ცვლილებები იმიტომ გატარდა, რომ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის შეცვლა სურდა, რათა ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე განახლებული ძალებით გადასულიყო… ყველაფერი კი იმავე ადამიანის დანიშვნით დასრულდა... ეს პრეზიდენტის სისუსტეზე მიუთითებს”.  ბევრმა ისიც თქვა, რომ სარკოზი ვითარებამ აიძულა მეგობრები ახლოს, ხოლო მტერი – კიდევ უფრო ახლოს ჰყოლოდა.  
 
მოკლედ, ასეა თუ ისე, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტეს უთანხმოებების გვერდზე გადადება და სარკოზის მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის ბოლო 18 თვის დაგეგმვას შეუდგნენ. როგორც ფრანსუა ფიიონმა აღნიშნა, ეს პერიოდი ამომრჩევლის ეკონომიკური შიშების შემცირებას, უსაფრთხოების გაუმჯობესებას და უმუშევრობის დაძლევას დაეთმობა. 
 
სამაგიეროდ, მთავრობა დატოვა ეკოლოგიის მინისტრმა ჟან-ლუი ბორლომ, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრობას უწინასწარმეტყველებდნენ და არ აუხდა. დაუდევარი ჩაცმულობის, გაუპარსავობის და ალკოჰოლისადმი თბილი დამოკიდებულების გამო “ფრანგული პოლიტიკის სერჟ გენსბურგად” წოდებულმა, იმედგაცრუებულმა ბორლომ ფიიონის მთავრობაში დარჩენა არ ისურვა. თუმცა, ეს გასაკვირი სულაც არ არის – მათ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც ხშირად კორექტულობის ფარგლებსაც სცდებოდა – ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ცნობით, ფრანსუა
ფიიონმა გასულ სექტემბერში, პასუხად “დაახვიე” მიიღო, მას შემდეგ, რაც ჟან-ლუი ბორლოს, ბეარიცის შეხვედრიდან დასაბრუნებლად პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავით მგზავრობა შესთავაზა. 
 
ფიიონის მსგავსად, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დარჩა სარკოზის ძველი მეგობარი და თანამოაზრე – ბრის ორტეფუ; თანამდებობა შეინარჩუნა
ფინანსთა მინისტრმა კრისტინ ლაგარდმა; იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ასევე გოლისტმა მიშელ აიო-მარიმ კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა, სოციალისტ ბერნარ კუშნერის ნაცვლად. 
 
ყოფილი უფლებადამცველის შესაძლო გადადგომაზე პრესა უკვე დიდი ხანია საუბრობს. კუშნერმა სარკოზის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ჯერ კიდევ აგვისტოში, ბოშებთან დაკავშირებული სკანდალის დროს მიმართა იმ მოტივით, რომ პრეზიდენტის მრჩევლები, მას “ამცირებდნენ”. ხელით ნაწერი  გადადგომის მოთხოვნა ფრანგულმა გამოცემამ – Nouvel Observateur-მა გამოაქვეყნა. 
 
თუმცა, წერილის გარეშეც საქვეყნოდ ცნობილი იყო, რომ საფრანგეთის საგარეო პოლიტიკას არა კე დ’ორსეზე მდებარე სამინისტრო, არამედ ელიზეს სასახლიდან, პრეზიდენტის მრჩევლები წარმართავდნენ. ფრანგული პრესა იმასაც ამტკიცებდა, რომ კუშნერი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას გაზეთებიდან იღებდა. ასე შეიტყო საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ მისმა ქვეყანამ 2009 წლის აპრილში ჩინეთთან ფორმალურ შერიგებას მოაწერა ხელი და ტიბეტის დამოუკიდებლობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. 
 
ბერნარ კუშნერის წასვლით, საფრანგეთის მთავრობაში, თავიდან დანიშნული 7 მემარცხენედან ერთიღა დარჩა – ერიკ ბესონი, ყოფილი იმიგრაციისა და ეროვნული იდენტობის საკითხთა მინისტრი, რომელიც დააქვეითეს და ნაკლებად პრესტიჟულ, მრეწველობის მინისტრის პოსტზე გადაიყვანეს.
 
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისაგან განსხვავებით, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება დანიშვნამდეც კარგად იცნობდა, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ, საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ცოტას სმენია. მიშელ აიო-მარის ქალებისთვის ფრანგული პოლიტიკური სივრცის გზამკვლევს უწოდებენ. მემარჯვენე ქალბატონი პირველია, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ძალის –  გოლისტების რესპუბლიკური კავშირის ლიდერის არჩევნები მოიგო და 1999 წელს პარტიის პრეზიდენტი გახდა. ამას გარდა, მიშელ აიო-მარი საფრანგეთის ისტორიაში პირველი მდედრობითი სქესის თავდაცვის (2002), ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრია (2007). ჟურნალმა Forbes-მა, ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების 2007 წლის ნუსხაში, მე-11 ადგილას მოათავსა. 
 
მიშელ აიო-მარი საფრანგეთის ძალოვან უწყებას მაშინ უძღვებოდა, როდესაც შირაკსა და ჯორჯ ბუშს შორის ურთიერთობა ერაყის ომის გამო მეტისმეტად გაფუჭდა. მას არ დაუმალავს, რომ ერაყში ომის წინააღმდეგი იყო: “ომის დაწყება ადვილია, განსაკუთრებით ამერიკის შესაძლებლობების მქონე ქვეყნისთვის… მშვიდობის დამყარება – გაცილებით რთული”. მოგვიანებით კი, როგორც იუსტიციის მინისტრი, აქტიურად უჭერდა მხარს ჩადრის აკრძალვას და კანონის მიღება ფრანგული ღირებულებების გამარჯვებად მონათლა. 
 
ვნახოთ, როგორ გავლენას მოახდენს გოლისტი ქალბატონი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაზე, რომელსაც ბოლო დროს ექსპერტები არათანმიმდევრულს უწოდებდნენ და მიზეზად სარკოზისა და კუშნერს შორის “ჩატეხილი ხიდი” მოჰყავდათ. 
 
ახალ მთავრობას მემარჯვენეთა საარჩევნო კამპანიისთვის შეკრული გუნდი უწოდა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ერვე მორანმა – “საფრანგეთს პლურალიზმი სჭირდება, დემოკრატიას – ბალანსი. 2010 წლის აპრილიდან მოყოლებული, სახელმწიფოს მეთაური აღარ იზიარებს ამ მოსაზრებას, ასე რომ, ჩემი ადგილი საფრანგეთის მთავრობაში აღარ არის”, – თქვა მან. 
 
ერვე მორანის ნაცვლად თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალან ჟუპე დაინიშნა. ჟუპე, რომელიც 1995-1997 წლებში შირაკის მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო, ნასამართლევია და 18 თვე ციხეში გაატარა საჯარო სახსრებით ბოროტად სარგებლობის გამო. მას საჯარო სამსახურიც აეკრძალა ათი წლით, მაგრამ გასაჩივრების შემდეგ, ვადა ერთ წლამდე შეუმცირეს. 
 
“საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სისხლის სამართლის დამნაშავეა” – ამგვარი სათაურებით შეეგება ჟუპეს დანიშვნას ბრიტანული პრესა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ თვის დასაწყისში საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სამხედრო რესურსი, როგორც საზღვაო, ისე ატომური, გააერთიანეს, რაც ავტომატურად ნიშნავს ბრიტანეთის მთავრობისა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო ურთიერთობას, ბრიტანული მედიის ემოციური რეაქცია ბუნებრივად მოგვეჩვენება. 
 
სარკოზიმ კაბინეტი დაატოვებინა შრომის მინისტრს – ერიკ ვორსს, რომელიც საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი ფლაგმანი გახლდათ. ეს უკანასკნელი, ქვეყნის მეთაურთან ერთად, კოსმეტიკური კომპანია L’Oreal-ის მდიდარ მფლობელთან დაკავშირებული სკანდალის მთავარი მოქმედი პირია და ბრალი ედება სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის არაკანონიერი გზით თანხების მოზიდვაში. 
 
საფრანგეთის მთავრობა არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ ეთნიკური კუთხითაც ერთფეროვანი გახდა. მისი რიგები დატოვა ურბანული განვითარების ჩრდილო აფრიკული წარმომავლობის მინისტრმა – ფადელა ამარამ, რომელიც ფრანგული ბანლიოებისთვის (გარეუბნები) “მარშალის გეგმის” შექმნას ისახავდა მიზნად და რამა იადემ – სენეგალში დაბადებულმა სპორტის მინისტრმა.
 
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის 75%-ზე მეტი სამთავრობო ცვლილებებს არ მიიჩნევს სარკოზის მიმართ ნდობის აღდგენის წინაპირობად. ოპოზიციამ მინისტრთა კაბინეტის ამბავს “აურზაური არაფრის გამო” უწოდა. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად მოახერხებს საფრანგეთის პრეზიდენტი მთავრობის ამ შემადგენლობით თავის სასარგებლოდ მემარჯვენე ამომრჩევლის მობილიზებას. 
 

კომენტარები