ლისაბონის გამოწვევა

პორტუგალიამ მე-16 საუკუნეში, ამერიგო ვესპუჩის სამოგზაუროდ გაგზავნის შედეგად, ამერიკას სახელი აჩუქა. 21-ე საუკუნეში კი იმ სამიტს უმასპინძლა, რომელიც მიზნად ატლანტიკური თანამშრომლობის “გამოცოცხლებას” ისახავს. 

ლისაბონში გამართული ღონისძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა.  
 
შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო. თეთრი სახლისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციები იუწყებიან, რომ ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და მზარდ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო დემოკრატიულ ფასეულობებსა და სტრატეგიულ მიზნებს ემყარება. მათ განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაუსვეს ამ სფეროში დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ობამამ კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრეზიდენტს ავღანეთში ქართული ჯარის მიერ გაწეული სამსახურის გამო. ლიდერებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრეს. 
 
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაზე არაფერი გაცხადებულა ისეთი, რაც აქამდე აშშ-ის ან საქართველოს ხელისუფლებას არ უთქვამს, მაგრამ ბარაკ ობამამ ამ ჟესტით აჩვენა, რომ რუსეთთან დამთბარ ურთიერთობას საქართველოს ინტერესები არ გადაყვება. პირიქით, როგორც ამერიკის ხელისუფლება და NATO-ს მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარება, რუსეთთან თანამშრომლობის პირობებში უფრო რეალისტურად გამოიყურება. ინტერნეტგამოცემა eurasia.net-თან ინტერვიუში, German Marshal Fund-ის ტრანსატლანტიკური ცენტრის დირექტორმა, რონალდ ასმუსმა ისიც კი აღნიშნა, რომ, როგორც წესი, NATO-ს გაფართოება რუსეთთან არა დაძაბული, არამედ ნორმალური ურთიერთობის დროს ხდებოდა. 
 
“მე რაც პრეზიდენტის თანამდებობაზე ვიმყოფები, ასეთი ნაყოფიერი კვირა ჯერ არ მქონია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ. მისი განმარტებით, “ყველა მცდელობა, რომ ფარული და ღია რესურსებით საქართველოს გარიყვა მომხდარიყო, საპირისპიროდ შემობრუნდა. 21-ე საუკუნეში ოკუპანტის სახელს დიდხანს ვერავინ ატარებს. პრობლემის გადაჭრისთვის ჩვენ მოთმინება, ერთობა და მუხლჩაუხრელი შრომა გვჭირდება”.

უცნობია, რამდენად უკავშირდება პრეზიდენტის აქტიურ კვირას სამთავრობო ცვლილებები, რომლის შესახებაც ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი: რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს. იაკობაშვილს, სახელმწიფო მინისტრის პოსტზე უშიშროების საბჭოს მდივანი – ეკა ტყეშელაშვილი შეცვლის. ხოლო ტყეშელაშვილის ადგილზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგა ბოკერია გადავა. ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ წაუძღვება ჟენევის მოლაპარაკებებს, მას შემდეგ რაც ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება.
 
ევროპაში ობამა დიდი აზიური ტურნეს შემდეგ ჩავიდა. ამერიკის პრეზიდენტის საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებას წინ მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური მოვლენა უსწრებდა. 2 ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე მისმა პარტიამ ბოლო 72 წლის მანძილზე ყველაზე დიდი მარცხი იწვნია. საგარეო პოლიტიკა საშინაოს ერთგვარი გაგრძელებაა. შიდა ფრონტზე მიმდინარე ბატალიები გამოძახილს საერთაშორისო ურთიერთობებში ჰპოვებს. 
 
ვარაუდობენ, რომ კაპიტოლიუმზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ საშინაო ფრონტზე ხელფეხშეკრული ობამა საერთაშორისო საკითხებს მეტ ყურადღებას დაუთმობს. ასეთი ცვლილების არქეტიპულ მაგალითად მიმომხილველებს ბოლოს წინა დემოკრატი პრეზიდენტი ბილ კლინტონი მოჰყავთ. ობამას მსგავსად, თავის დროზე, მანაც სცადა ჯანდაცვის სოციალიზაცია და ამის შედეგად  კონგრესში უმრავლესობა დაკარგა. 
 
1994 წლის კონგრესის შუალედური არჩევნები კლინტონის მმართველობაში წყალგამყოფი აღმოჩნდა. თუკი მანამდე ის საშინაო მიმართულებით აქტიურობდა და პასიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა, არჩევნების შემდეგ ვითარება შეტრიალდა – ქვეყნის შიგნით თამაშის წესებს რესპუბლიკური კონგრესი განსაზღვრავდა, პრეზიდენტი კი უფრო საერთაშორისო საქმეებზე გადაერთო. კლინტონის განახლებულ საგარეო პოლიტიკას უკავშირდება ამერიკის ჩარევა ბალკანეთის კრიზისში და NATO-ს ცივი ომის შემდგომი გაფართოების პირველი ტალღა. ამან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. 
 
ანალოგიები მართლაც საფუძვლიანია, მაგრამ, როგორც ცნობილია, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. 90-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს ევროპულ თეატრზე კონცენტრირებაში ამერიკას ხელს უშლის აზიაში ერთდროულად 2 ომი და დიდი რეცესია. ბოლო 20 წლის მანძილზე ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სხვა სახელმწიფოთა აღზევების ფონზე შეიცვალა მსოფლიოს გეოეკონომიკაც. კლინტონისგან განსხვავებით, ობამას უფრო აგრესიულ და ნავთობზე მაღალი ფასებით გათამამებულ რუსეთთან აქვს საქმე. ყოველივე ეს ძველი კონტინენტით ამერიკის დაინტერესების მიმართ ეჭვებს აღრმავებს.
 
სწორედ ეს ეჭვები გამოხატა ხოსე მარია აზნარმა, როცა ბარაკ ობამას ამერიკის ისტორიაში ევროპით ყველაზე ნაკლებად დაინტერესებული პრეზიდენტი უწოდა. „ჩვენ შეიძლება ზოგჯერ სასარგებლონი ვიყოთ, მაგრამ პრიორიტეტი არ ვართ. პრიორიტეტი ჩინეთი, მუსლიმური სამყარო და რუსეთთან ურთიერთობაა”, – თქვა ესპანეთის ყოფილმა კონსერვატორმა პრემიერმა.
 
ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას წარმატებად მიიჩნევს. როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ გორდონმა განაცხადა, “გადატვირთვის პოლიტიკამ დივიდენდების მოტანა  დაიწყო… ჩვენ ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ (START) ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი… შევთანხმდით ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხზე, როგორიცაა ავღანეთის მიმართულებით მიმავალი ტვირთის ტრანზიტი რუსეთის ტერიტორიაზე… თანამშრომლობა ავაწყვეთ ირანის მიმართულებითაც, ვგულისხმობ როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, ასევე ირანისთვის S-300 რაკეტების მიყიდვის აკრძალვას. და ეს ყველაფერი ისე მოვახერხეთ, რომ პრინციპებისთვის არ გვიღალატია – კერძოდ, ჩვენთვის ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია…” 
 
წერილში, რომელიც ლისაბონის სამიტის პირველ დღეს International Herald Tribune-ში გამოქვეყნდა, ბარაკ ობამამ NATO-ს მოუწოდა აშშ-ს მიბაძოს და რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას შეუდგეს. მართლაც, ლისაბონში გამართული სამიტი პირველია, სადაც საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი მიიწვიეს. დმიტრი მედვედევმა თავი დაიფასა და, როგორც პრესა იუწყება, ანდერს ფოგ რასმუსენი რამდენიმე კვირა ალოდინა, სანამ მოსაწვევზე პასუხს გასცემდა. 
 
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში რუსეთი სამართლებრივ გარანტიას მოითხოვს, რომ ყოფილ ვარშავის პაქტის ქვეყნებში NATO-ს ჯარები არ განთავსდება. ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თეთრი სახლი ევროპაში სამხედრო ძალების შესახებ. სამხედრო კონტინგენტის სრული რაოდენობით შენარჩუნება აჩვენებს ევროპას, რომ აშშ ევროპის უსაფრთხოებაზე საზრუნავად კვლავაც მზად არის.
 
დღეს ძველ კონტინენტზე  80 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია. NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღების შემდეგ დაგეგმილია ამ სამხედრო ძალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. რუსების მსგავსად, სამხედრო ბიუჯეტის შემცირების მომხრე ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი მოითხოვს დანაყოფების 30 ათასი ჯარისკაცით შემცირებას.
 
ამა წლის მარტში, ევროპაში ამერიკის ჯარების სარდალმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა, კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემდგომი შემცირება რისკის ქვეშ დააყენებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და მოკავშირეთათვის მიცემული გარანტიები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.
 
შეშფოთება არ დამალა პოლონეთის საგარეო მინისტრმა რადეკ სიკორსკიმაც. მან ამერიკული ჯარის არსებული ოდენობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხოლო, იმ გერმანული რეგიონების დელეგაცია, სადაც ამერიკული ბაზებია განლაგებული, სპეციალურად ეწვია ვაშინგტონს, რათა შეერთებული შტატების მთავრობა ჯარის შემცირების და ბაზების დახურვის მიზანშეუწონლობაში  დაერწმუნებინა. 
თავისთავად, ისიც საკამათოა, რამდენად შეუწყობს ხელს უცხოეთში დისლოცირებული სამხედრო ძალების შინ დაბრუნება ხარჯების ეკონომიას. მოკლევადიან პერსპექტივაში ხარჯები პირიქით, გაიზრდება, ვინაიდან შეერთებულ შტატებში ახალი ინფრასტრუქტურა იქნება ასაშენებელი დაბრუნებული ჯარისკაცების განსათავსებლად. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გრძელვადიანი დანაზოგები საუკეთესო შემთხვევაში მიზერული იქნება. 
 
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბაზების განთავსების შესახებ მასპინძელი ქვეყნის თანხმობის მიღება მომავალში უფრო რთული იქნება. თუ კი ეს სახელმწიფოები ჩათვლიან, რომ ამერიკა არაკეთილსაიმედო პარტნიორია – რომელმაც ნებისმიერ მომენტში მიმდინარე კონიუნქტურის ინტერესებიდან გამომდინარე სტრატეგიულ მიზნებზე შეიძლება უარი თქვას – ასე ადვილად ბაზების განთავსებას აღარ დათანხმდებიან. 
 
რაც მთავარია, უპატრონო ეკლესია დიდხანს არ დარჩება მსურველის გარეშე. ამერიკის გასვლით წარმოშობილ უსაფრთხოების ვაკუუმს ვინმე აუცილებლად შეავსებს. აღმოსავლეთ ევროპაში ზუსტად იციან, ვინ შეიძლება გახდეს ეს მოთამაშე.
 
იმის დასტურად, რომ ობამასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძველ კონტინენტთან  გაცივებული ურთიერთობის ფონზე, ევროპელი ლიდერების გულის მოლბობა გახლდათ, International Herald Tribune-ში გამოქვეყნებული წერილიც კმარა: “მე ვამაყობ, რომ ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში ექვსჯერ ვეწვიე ევროპას… შეერთებულ შტატებს არც ერთ სხვა რეგიონთან არ აქვს ისეთი თანხვედრა ღირებულებების, ინტერესების, შესაძლებლობების და მიზნების კუთხით [როგორიც ევროპასთან]… არც ევროპას და არც შეერთებულ შტატებს არ შეუძლიათ თანამედროვე გამოწვევებს ერთმანეთის გარეშე გაუმკლავდნენ”. 
 
ამერიკის პრეზიდენტს ევროპელი ლიდერებისთვის მისი ტრანსატლანტიკური ვიზიტების რაოდენობისა და განსაკუთრებული ურთიერთობის შეხსენება, სავარაუდოდ, იმისთვის დასჭირდა, რომ ძველი კონტინენტის მიმართ მისი გულგრილობის გამო გამოთქმული ბრალდებები გაექარწყლებინა. 
 
ამერიკის ახალ პრეზიდენტსა და ევროპას შორის ბზარის გაჩენის სიმბოლოდ, ბევრმა ობამას მიერ თეთრ სახლში მდგარი ჩერჩილის ბიუსტის ბრიტანეთისთვის დაბრუნება აღიქვა. ევროპელები განაწყენდნენ მაშინაც, როცა ამერიკის პრეზიდენტმა ესპანეთის თავმჯდომარეობის დროს, ევროკავშირისა და ამერიკის სამიტზე ჩასასვლელად ვერ მოიცალა. ობამა არც გერმანიის გაერთიანების 20 წლის იუბილეს დასწრებია, ხოლო პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო ფარის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება პოლონელებს, საბჭოთა ჯარების მიერ პოლონეთის ოკუპაციის წლისთავზე ამცნო. ამერიკის პრეზიდენტი, არც პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის დასაფლავებაზე ჩასულა.
 
ბუშის დროს ამერიკასა და ევროპას შორის ხშირი იყო ღია თუ ფარული კონფლიქტები და კოლიზიები, რის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებად ერაყის ომი და NATO-ს ბუქარესტის სამიტი იქცა. მისი შემცვლელის პრეზიდენტობისას, დაახლოების ნაცვლად, ძველ და ახალ კონტინენტებს შორის დისტანცია კიდევ უფრო გაიზარდა. კონფლიქტების ადგილი გულგრილობამ და იგნორირებამ დაიკავა. 
 
ამერიკის ევროპისადმი ყურადღების შესუსტების ფონზე სულ უფრო და უფრო იზრდება დიდი ევროპული ქვეყნების მისწრაფება მსოფლიო პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ მოთამაშეებად ჩამოყალიბდნენ. მათ სურთ შეერთებული შტატებისაგან დამოუკიდებლად, ხშირად კი მისი ინტერესების იგნორირებით,  რუსეთთან, ისლამურ სამყაროსთან, ლათინურ ამერიკასთან თუ ჩინეთთან საკუთარი სეპარატული ურთიერთობები განსაზღვრონ. დოვილში სარკოზის, მერკელისა და მედვედევის შეხვედრა სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია. 
 
დღეს, ობამას წყალივით ესაჭიროება ევროპის დახმარება ავღანეთში. საქმე ისაა, რომ მას საკუთარი პარტია ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას სთხოვს. იმისთვის რომ ტერორიზმთან ბრძოლაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, ობამას ევროპელების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ამერიკელების ხარჯზე კოალიციური ძალების რაოდენობას კიდევ უფრო ვეღარ გაზრდის. ავღანეთში წარმატება კი პრესტიჟის საკითხია. წარუმატებლობა ალიანსის რეპუტაციაზე უმძიმესი დარტყმა იქნება. 
 
მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამერიკული უსაფრთხოების გარანტიებით განებივრებული ევროპელები სოციალური ხარჯების ნაცვლად, თავდაცვის ბიუჯეტს ამცირებენ. ეს ძველი კონტინენტის ისედაც პატარა წვლილს ავღანეთში კიდევ უფრო ამცირებს. როგორც ლონდონის სამეფო კოლეჯის (King’s College) პროფესორმა, ანატოლ ლივენმა აღნიშნა – “ძალიან მალე, ბრიტანეთის გარდა, არც ერთი NATO-ს წევრი სახელმწიფო აღარ შეიტანს მნიშვნელოვან სამხედრო წვლილს ავღანეთში… ევროპული საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ იმიტომ ეგუება ხანგრძლივ მონაწილეობას, რომ შედეგად მსხვერპლი თითქმის არ არის … ჩვენ, ევროპელები მინიმალური ძალისხმევით ვცდილობთ ამერიკის მხარდაჭერის შენარჩუნებას უსაფრთხოების კუთხით”. 
 
ყველა თანხმდება, რომ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის შესაკავებლად შეიქმნა, “ბოროტების იმპერიის” დაშლის შემდეგ იდენტობის კრიზისი დაეწყო. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა წევრ სახელმწიფოებს NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია წარუდგინა. ალიანსში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ეს დოკუმენტი “განსაზღვრავს, თუ რა როლი აკისრია NATO-ს 21-ე საუკუნეში. ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც ალიანსის სამომავლო საქმიანობას განსაზღვრავს, NATO ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ამტკიცებს”. 
 
საქართველოს საკითხის მიმართ ქართული დელეგაციის იმედი გამართლდა – დოკუმენტი ცალსახად უჭერს მხარს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. 
 
NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე საუბრისას, ამერიკის ხელისუფლება განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ამოსავალი წერტილი კვლავინდებურად ქარტიის მე-5 მუხლია. ეს მუხლი ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმას ყველა წევრზე თავდასხმად განიხილავს და წევრ სახელმწიფოებს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას აკისრებს.  
 
სტრატეგიული კონცეფცია განსაზღვრავს იმ მექანიზმებს, რაც ალიანსს ახალი და მომავალი საფრთხეების დასაძლევად სჭირდება. მათ შორისაა რაკეტსაწინააღმდეგო და კიბერუსაფრთხოების სისტემები. “პირველად შევთანხმდით იმგვარი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განვითარებაზე, რომელიც დაიფარავს როგორც NATO-ს ევროპულ ტერიტორიას და მოსახლეობას, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ ლისაბონში, მას შემდეგ რაც ალიანსმა კონცეფცია დაამტკიცა.  
 
ამას გარდა, ახალი კონცეფცია გულისხმობს ორგანიზაციის რეფორმას. კონცეფციის ავტორის – ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, ეს NATO-ს საშუალებას მისცემს საკუთარი ფუნქციები უკეთ შეასრულოს. 
 
მოცემულ კონცეფციას აშშ და ალიანსის გენერალური მდივანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუმცა, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით გადაჭარბებული წარმოდგენის შექმნა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, შორს ვერ წაგვიყვანს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმატება, როგორც წესი, სახელმძღვანელო დოკუმენტებზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ამის მაგალითი მისტრალის გარიგებაა. 
 
ლისაბონის სამიტის საბოლოო წარმატება მეტწილად ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერებაზეა დამოკიდებული. ეს აშშ-ის გლობალურ სტრატეგიაში ევროპისთვის ცენტრალური როლის დაბრუნებას გულისხმობს.
 
NATO-ს უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო, ევროპა ერთიანი და თავისუფალი შეენარჩუნებინა. მისი გაფართოება კავშირის გაძლიერებისათვის მნიშვნელოვან კონტრიბუციად ითვლებოდა. პოლონეთისა და სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნების მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის მეზობლების NATO-ში შეყვანა რეგიონში მშვიდობის გარანტიაა. დღეს, როდესაც სწორედ ალიანსში ინტეგრაციაზეა დამოკიდებული რუსეთის მეზობელ დემოკრატიათა მომავალი, ამ საკითხს აქტუალობა დაკარგული აქვს.
 
2008 წლის ბუქარესტის სამიტმა და საქართველო-რუსეთის ომმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ NATO-ს უუნარობა – გაფართოვდეს და უსაფრთხოების ვაკუუმი შეავსოს – არასტაბილურობის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. ამ მხრივ ალიანსის უმოქმედობა რევიზიონისტულ ძალებს ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის გადასინჯვის ცდუნებას უღვივებს. 

კომენტარები