ჩინეთის „მუდმივი გადატვირთვა”

გლობალური ურთიერთობების პირობებში ჩინეთის ლიდერები მსოფლიოს გეოპოლიტიკური კონკურენციისა და ზესახელმწიფოებს შორის ძალთა ბალანსის მიხედვით უყურებენ. თუმცა ჩინეთი არასდროს ყოფილა ასეთი „ღია”. მისი საგარეო პოლიტიკა თავიდან ბოლომდე საშინაო პოლიტიკის ცხად გამოვლინებად რჩება.

 
დღეს მოდურია საუბარი გლობალური ძალის აღმოსავლეთით გავრცელებასა და ჩინეთის XXI საუკუნის ზესახელმწიფოდ გადაქცევაზე. მიუხედავად შთამბეჭდავი ეკონომიკური ნახტომისა, ეს ქვეყანა მაინც განვითარებად ქვეყნად რჩება. მენტალიტეტი, რომლითაც ის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს განიხილავს, ძირითადად განვითარებადი სამყაროსთვისაა დამახასიათებელი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ჯერ არ გამოუმუშავებია ინსტინქტები, ძლიერი სახელმწიფოებისათვის „ბუნებრივი” ინსტინქტები. პეკინს ვიწრო სტრატეგიული ჰორიზონტი აქვს. მთავრობა კარგად აანალიზებს საკუთარ სისუსტეებს და ნებისმიერი რისკის თავიდან აცილებისკენ ისწრაფვის. ჩინეთი და ჩინური დიპლომატია გარდამტეხ პერიოდშია – ეს არც ადვილი იქნება და არც მოკლე.
 
ჩინეთმა გააფართოვა ეკონომიკური გავლენა ცენტრალურ აზიაში. ქვეყანა ძლიერ სახელმწიფოდ წამორჩნდა და აქვს შესაბამისი მზაობა რუსეთთან „სტრატეგიული პარტნიორობისათვის”. თუმცა ბოლოდროინდელმა მღელვარებამ ყირგიზეთში აჩვენა, რომ პეკინი ჯერ მზად არ არის წამყვანი რეგიონული ზესახელმწიფო გახდეს. მისი დომინირება ევრაზიაში დროის საკითხია.
 
 შეიცვლება თუ არა ქვეყნისათვის დამახასიათებელი კონსერვატიზმი და თავდაჯერებულობა ჩინეთის ტრანსფორმაციის შემდეგ?! ჩინეთის საგარეო პოლიტიკა მართლაც იცვლება, მაგრამ შორსმიმავალი სტრატეგიის ნიშნები არ ჩანს. ჩინელი პოლიტიკოსები არ ხელმძღვანელობენ გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვით. პეკინი თავშეკავებულად და ფრთხილად რეაგირებს საერთაშორისო ურთიერთობებზე. ამგვარი მიდგომა ერთდროულად აძლიერებს და ასუსტებს ქვეყნის პოზიციებს. თუ კი ჩინეთი ზესახელმწიფოდ იქცევა, ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები უფრო გართულდება. მათ დასჭირდებათ არა ერთჯერადი „გადატვირთვა”, არამედ მუდმივი ადაპტაცია. ასევე აუცილებელია მანევრირება, მოქნილობა და არა ის ურყევი პრინციპები, რომლებიც  განსაზღვრავენ პეკინის ქცევას მსოფლიო არენასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. 
 
ჩინეთს ჯერ კიდევ წინ აქვს ბედნიერება, გამოიმუშაოს წარმოდგენა საკუთარ ადგილზე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ელიტა და ფართო საზოგადოება ამაყობს ქვეყანაში მიმდინარე შთამბეჭდავი გარდაქმნებით, მაგრამ ჩინეთი მაინც სუსტი და ჩამორჩენილია, ხოლო გარემომცველ სამყაროს (პირველ რიგში დასავლეთს) არ სურს მისი გაძლიერება. 
 
გამომდინარე იქიდან, რომ ჩინელი პოლიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ შიდაპოლიტიკურ პრიორიტეტებზე, კვლავ ნარჩუნდება კონსერვატორული სტრატეგიული კულტურა. თანამედროვე ჩინეთი იმპერიაა და გარე სამყარო მას იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ის  მას შიდაპოლიტიკური ამოცანების რეალიზაციაში ეხმარება.
 
ჩინეთის საგარეო ინტერესები ორი სფეროთია შემოსაზღვრული: რუსეთი და შუა აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. ჩინეთი რუსეთს ძლიერ სახელმწიფოდ და სტრატეგიულ პარტნიორად თვლის. მიუხედავად იმისა, რომ კრემლს არ შეუძლია მოდერნიზაციის განხორციელება და ქვეყნის XXI საუკუნის ზესახელმწიფოდ დაკანონება, ის მაინც რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ საერთაშორისო არენაზე. დასუსტებულ რუსეთსაც კი შეუძლია, ჩინეთს და მის ინტერესებს ზიანი მიაყენოს. პეკინი ამჯობინებს მოსკოვში მტრის ნაცვლად „სტრატეგიული პარტნიორი” დაინახოს.
 
ცენტრალური აზია სულ სხვა კატეგორიას მიეკუთვნება. ამ ქვეყნებთან ურთიერთქმედებით პეკინი გვერდიგვერდ ათავსებს როგორც კეთილმეზობლურ, ისე კომერციულ პოლიტიკას. ჩინეთი განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებს მეზობელი ქვეყნების არასტაბილურობაზე. საზღვრების უსაფრთხოებაზე ღელვა გეოპოლიტიკური ტენდენციებით ძლიერდება. ეს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალამ განაპირობა. ამას დაუმატეთ ინდოეთის მზარდი აქტივობა, იაპონიის ეკონომიკური გავლენის შენარჩუნება და ბოლოდროინდელი ურთიერთობების გაუმჯობესება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. 
 
და საერთოდ, რა სურს ჩინეთს? არავითარი ყოვლისმომცველი სტრატეგია მას არ გააჩნია. პეკინს მხოლოდ არსით ერთმანეთთან დაკავშირებული პრიორიტეტები აქვს: 1. შიდაპოლიტიკური სტაბილურობის გამყარება,  2. რეგიონში უსაფრთხოების გამაგრება, 3. ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვა, 4. რესურსების მოპოვება, 5. ძალის პროეცირება, 6. ჰარმონიული სამყაროს შექმნა, 7. საერთაშორისო პოლიტიკაზე ზეგავლენა, 8. ვალდებულებათა მინიმუმი.
 
ჩინეთმა ბევრს მიაღწია რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში შეჭრის კუთხით. მან მიაღწია რეგიონალურ თანამშრომლობას უიღურების მოღვაწეობის აღკვეთის საკითხში, არ დაუშვა ქვეყნის დასავლეთით მუსლიმური ექსტრემიზმის გავრცელება, მოიპოვა ფართო მხარდაჭერა ჩინეთის სუვერენიტეტის შესახებ (სინცზიანი, ტიბეტი და ტაივანი). ჩინური ენერგეტიკული კომპანიები დაფუძნდნენ ცენტრალური აზიის ბაზრებზე და ამასთან, პეკინმა შემზღუდველ ვალდებულებებს აარიდა თავი.
 
მაგრამ ყველაფერი არც ასე კარგადაა. არსებობს სხვადასხვა პრობლემა, რომელიც ჩინეთის გეგმებს აფერხებს. 
 
1) რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ერთ-ერთი ნეგატიური ფაქტორი ჩინეთ-რუსეთის „სტრატეგიული  პარტნიორობაა”. მსოფლიო რეცესიას, ჩინეთის უწყვეტ გაძლიერებას და რუსულ-ამერიკული ურთიერთობების „გადატვირთვას” მივყავართ იქამდე, რომ ადრეული უთანხმოება მოსკოვსა და პეკინს შორის უფრო და უფრო აშკარა ხდება. რუსი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი განცხადებებით საერთო ატმოსფერო იცვლება. მიუხედავად ამისა, რუსულ-ჩინური ურთიერთობები უცებ ვერ გაცივდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ მხარეებს კონფრონტაცია არ სურთ. თუ ადრე რუსეთი ჩინეთს განიხილავდა ეკონომიკური და სტრატეგიული შესაძლებლობების პრიზმაში, ახლა ის ამ ქვეყანაში გრძელვადიან გეოპოლიტიკურ საფრთხეს ხედავს.
 
2) ჩინეთის მცდელობები, კეთილშობილ ქვეყნად წარმოჩნდეს, უფრო ნაკლებ დამაჯერებელია. მსოფლიომ სხვანაირად აღიქვა პეკინის წარმატებული გამოსვლა ფინანსური ქარიშხლიდან იმ დროს, როდესაც თითქმის ყველა „დიდი ოცეულის” ეკონომიკა ვარდნას განიცდიდა. მსოფლიოში ძლიერდება წარმოდგენა, რომ ჩინეთი პარაზიტული და ქედმაღალი სახელმწიფოა. თუ ადრე ჩინეთის იმიჯი რუსეთზე უკეთესი იყო, ბოლო 12 თვის მანძილზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. 
 
3) საზღვარი ერთი მხრივ ეკონომიკურ ინტერესებს შორის, მეორე მხრივ სამხედრო-პოლიტიკურ გავლენაზე  იშლება. აქ არის ორი პრობლემა: ჩინეთს საქმის სხვისი ხელით მოგვარების მოყვარულად აღიქვამენ. ძლიერდება წამყვან მოთამაშეთა (რუსეთის ჩათვლით) ეჭვები, რომ პეკინი გეოპოლიტიკური სარგებლის მისაღწევად ეკონომიკურ აქტივებს იყენებს. 
 
ბოლო ორი ათასწლეულის განმავლობაში ჩინეთი მიეჩვია იმას, რომ მსოფლიო თვითონ მიდის მასთან. პეკინს არ სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევის გამოყენება სხვადასხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად. XXI საუკუნის სტრატეგიული რეალიები ჩინეთის ხელმძღვანელობის მენტალობაში რევოლუციებს ითხოვს. პოსტმაოური რეჟიმის ფსიქოლოგიურ „მოდერნიზაციას” აუცილებლად უნდა დაემატოს სოციალურ-ეკონომიკური მოდერნიზაციაც. საქმის ვითარებიდან გამომდინარე, ჩინეთის საგარეო პოლიტიკა დღეს „გამუდმებულ გადატვირთვას” საჭიროებს .
 
ის, რომ ჩინეთი მომავალ ორ ათწლეულში აშშ-ს გაუტოლდება, არცთუ ისე დამაჯერებელია, რადგან მშპ აშშსთან „თანასწორობის” მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმია. ამ მიზნის მისაღწევად მას დიდი ძალისხმევა და, რაც მთავარია, ძირეული რეფორმები სჭირდება

კომენტარები