ევროკავშირი და საქართველო არალეგალთა კონტროლზე თანხმდებიან

გუშინ ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამ დოკუმენტში დეტალურად გაიწერა ევროპის ქვეყნებიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცედურები. თბილისი ასევე საქართველოს გავლით შენგენის ზონაში არალეგალურად შესულთა (მესამე ქვეყნის მოქალაქეთა) მიღების ვალდებულებას კისრულობს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ  და ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომმა, ასევე ბელგიის (ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა) სახელმწიფო მდივანმა მიგრაციის საკითხებში მელქიორ ვატელტმა.

ხუთი თვის წინ, 17 ივნისს, საქართველო და ევროკავშირი ბრიუსელში ოფიციალურად შეთანხმდნენ ვიზების გაცემის გამარტივების პროცედურებზეც. ”მოხარული ვარ, რომ ეს ორივე ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია — ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფრო ადვილად იმოგზაურონ ევროპაში და ამასთან მოხდეს მიგრაციის გაკონტროლება,” — განაცხადა ევროკომისარმა მალმსტრომმა.

ევროკომისარ (სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში) შტეფან ფულეს თქმით, მიღწეული შეთანხმებები საქართველოს ევროგაერთიანების ”დღის წესრიგში მაღლა დგომაზე” მიანიშნებს.

ხელშეკრულებები ერთდროულად შევა ძალაში ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მათი რატიფიცირებიდან ერთი თვის შემდეგ.

საქართველომ რეადმისიის ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ ვალდებულება 1995 წელს იკისრა. წლების წინ, ასეთი შეთანხმებები გერმანიასა და შვეიცარიასთან გაფორმდა. რეადმისიის ამჟამინდელი ხელშეკრულება მოიცავს ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს, ირლანდიისა და დანიის გამოკლებით.

კომენტარები