15 ნოემბერს გერმანიის მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ მხარი დაუჭირა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას და სრულიად პროფესიულ ჯარზე გადასვლას. ჯარის რაოდენობის შესახებ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, თუმცა ის აუცილებლად შემცირდება. ამავდროულად 7-დან 14 ათასამდე გაიზრდება იმ სამხედროთა რიცხვი, რომელსაც გერმანია უცხოეთში ერთდროულად გააგზავნის.
ეს რეფორმები თავდაცვის მინისტრ კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგის წარმატებაა. 1957 წლიდან, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახური შემოიღეს, ის სამხედრო და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ერთგვარ გამაერთიანებელ ხიდად იყო წარმოჩენილი. მაგრამ ამან ჯარის განვითარებას ხელი შეუშალა.
ცივი ომის პერიოდში გერმანული არმიის მთავარი ფუნქცია საბჭოთა ტანკების შეკავება იყო, თუმცა დრო და შესაბამისად საფრთხეებიც შეიცვალა. გერმანიის სამხედრო სამსახურში კი რეფორმა არ ტარდებოდა. გერმანიის ჯარი ევროპაში ყველაზე დიდია, მაგრამ მისი სხვაგან გადასროლის შესაძლებლობა მინიმალურია. ამის ნაწილობრივი მიზეზი კი ის არის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ 6-თვიანია, კონტინგენტის როტაცია საკმაოდ ხშირია. პროფესიონალურ ჯარს უფრო მეტი საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში.
თუმცა, სანამ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას მიიღებს, გერმანიას უკეთესი სამხედრო ტექნიკაც დასჭირდება. ამასთანავე საჭიროა, გერმანული ჯარის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის წესებიც გადაიხედოს. ამ ქვეყნის ისტორიის გათვალისწინებით მისი სამხედროების სხვა ქვეყანაში გაგზავნას შეზღუდული მანდატი აქვს. მიდგომა უნდა შეიცვალოს. არ არის აუცილებელი გერმანიის ჯარებს თავდასხმით ოპერაციებში მონაწილეობის საშუალება მიეცეს, მაგრამ საჭიროა მათი იმაზე უფრო სერიოზულ ოპერაციებში ჩაბმა, ვიდრე დღეს მონაწილეობენ.
ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ გერმანია ისეთივე საერთაშორისო სამხედრო ძალაა, როგორც გაერთიანებული სამეფო ან აშშ, თუმცა NATO-ს ლისაბონის სამიტზე ასეთი ახალი ამბები ნამდვილად პოზიტიური იქნება და აჩვენებს, რომ ევროპა კვლავ მზადაა ავღანეთის ოპერაციებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.





