ტექნოლოგიური დაიჯესტი

სათამაშო ინდუსტრიაში ნოემბერი ხმაურით დაიწყო. კომპანია Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ ბალმერმა მსოფლიოს გეიმერებს ინოვაციური მოწყობილობა Kinect-ი წარუდგინა, რომელიც უკვე მოინათლა ვიდეოკონსოლის, Xbox 360-ის ახალ ვერსიად. სინამდვილეში Kinect-ი ვიდეოსენსორებით აღჭურვილი მოწყობილობაა, რომელიც უერთდება Xbox-ის სათამაშო კონსოლს და მას პრინციპულად სხვა ტიპის სათამაშოდ აქცევს. თუკი აქამდე გეიმერის სტერეოტიპი ჯოისტიკს ჩაბღაუჭებული სათვალიანი ასოციალური მოზარდი იყო, კომპანია Microsoft-ის მესვეურებს სჯერათ, რომ Kinect-ი ამ სტერეოტიპს დაამსხვრევს და ვიდეოთამაშებს მთელი ოჯახის გასართობ საშუალებად გახდის. ამ ახალი გაჯეტის წყალობით ტექნიკასთან ურთიერთქმედება ყოველგვარი ტაქტილური ურთიერთქმედების გარეშეა შესაძლებელი. Kinect-ის ვიდეოსენსორები ადამიანს სივრცულად აღიქვამენ და სხეულის 48 განსხვავებულ მოძრაობას აფიქსირებენ, შესაბამისად, თამაშში ადამიანის მთელი სხეულია ჩართული და თუკი უწინ ვიდეო სათამაშო კონსოლი მხოლოდ თითების გადაღლას იწვევდა, ამჯერად მთელ თქვენს სხეულს მოუწევს გარჯა, რაც საბოლოოდ გადაწყვეტს უკვე ყბადაღებულ დავას იმის შესახებ, არის თუ არა კომპიუტერული თამაშები სპორტი. 

Kinect-ის ფასი 150 დოლარია, ხოლო მათ, ვისაც Xbox 360-ის სათამაშო კონსოლი არ აქვთ, მთელი კომპლექტის შეძენა 300 დოლარად შეეძლებათ. დღესდღეობით Kinect-ისათვის სულ ჩვიდმეტი თამაშია შექმნილი (ამათგან ხუთი კომპლექტს უფასოდ მოყვება) და უახლოეს მომავალში კომპანია Microsoft-ის დეველოპერები განსხვავებული ტიპის აპლიკაციებს შემოგვთავაზებენ, რომელთა საშუალებითაც თქვენ შეძლებთ ცეკვის შესწავლას, მიიღებთ ფიტნესგაკვეთილებს და ა.შ. ამ უჩვეულო მოწყობილობას აუდიოსენსორებიც აქვს, რაც მისი ხმით მანიპულირების საშუალებასაც იძლევა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ინგლისურადაა შესაძლებელი. თუმცა ის ფაქტი, რომ უახლოეს მომავალში კომპიუტერი მაუსისა და კლავიატურის გარეშე შეიძლება ვიხილოთ, ტექნომანებს მოსვენებას არ აძლევს. უკვე ცნობილია, რომ ოპერაციული სისტემა Windows 8, რომლის გამოსვლასაც ბილ გეიტსის შეგირდები 2012 წლისათვის გვპირდებიან, აღჭურვილი იქნება Kinect-ის გამოყენების ინტეგრირებული ფუნქციონალობით. ვინ იცის, არც ისე შორსაა ის დღე, როდესაც ჩვენს საყვარელ კომპიუტერს ვეტყვით – “ჩაირთე” – და ის, ღილაკებზე დაჭერის გარეშე ჩაირთვება.
 
სმარტფონებისა და ტაბლეტური კომპიუტერების პოპულარობის მატებასთან ერთად მოხმარებული ინფორმაციის რაოდენობა და ტრეფიკი ექსპონენციალურად იზრდება. სმარტფონების მფლობელები, ჩვეულებრივი მობილურების მფლობელებზე 30-ჯერ უფრო მეტ ინფორმაციას მოიხმარენ, ტაბლეტური კომპიუტერების მომხმარებლები კი ათჯერ მეტს – ვიდრე სმარტფონების. ამიტომაც დიდი რაოდენობით ინფორმაციის გადაცემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე ქსელურ ტექნოლოგიებში.
 
Samsung-მა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც ე.წ. 4G-ის სახელითაა ცნობილი. Samsung-ის წარმომადგენლებმა ჩიკაგოში გამართულ 4G World 2010 კონფერენციაზე ციფრულ სამყაროს Full HD ხარისხის ვიდეოს 16 ნაკადად გადაცემის ტექნოლოგია წარუდგინეს WiMAX 2-ის გამოყენებით, რომლის პიკური სიჩქარე წამში 330 მეგაბაიტს აღწევს. Samsung-ის ინჟინრები გვარწმუნებენ, რომ ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია 1.5 გიგაბაიტიანი ფილმის 35 წამში ჩამოტვირთვა, DVD ხარისხის 4 გიგაბაიტიანი ფილმისა კი – წუთ-ნახევარში. სიჩქარის მიხედვით ეს ტექნოლოგია 20-ჯერ აღემატება მის 3G ანალოგებს და 2012 წლისთვის WiMAX 2-ის მხარდაჭერით Samsung-ი უკვე გეგმავს კომერციული პროდუქტების გამოშვებას. 
 
 
იაპონური მულტინაციონალური კორპორაცია Toshiba  კონკურენტებს არ ჩამორჩა და საკუთარი ტაბლეტური კომპიუტერი შექმნა. Toshiba-ს პლანშეტს Folio 100 ჰქვია და ოპერაციულ სისტემა Android 2.2-ზე მუშაობს. აღჭურვილია 10.1 დუიმიანი, 1024x600 რეზოლუციის მქონე ეკრანით, NVIDIA Tegra 2-ის პროცესორით, 1.3 მეგაპიქსელიანი ვებკამერით, 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით, ბლუთუზით და ქსელში ჩართვის შესაძლებლობით WiFi-სა და 3G-ის საშუალებით. ამასთან, ტაბლეტური კომპიუტერი მაქსიმალურად მოქნილი რომ გაეხადათ, შემქმნელებმა USB პორტი, SD და MMC კარდ-რიდერები დაამატეს.
Toshiba-ს უშუალო კონკურენტები ტაბლეტური კომპიუტერების ბაზარზე Apple Computers-ის წარმოებული iPad, Samsung-ის Galaxy Tab, BlackBerry RIM-ის PlayBook და HP-ის Slate იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით iPad ლიდერობს. ბოლო თვეებში გაყიდული პლანშეტების 80% iPad-ზე მოდის, თუმცა Folio 100-ის შემქმნელებს ოპერაციული სისტემა Android-ის ბოლოდროინდელი პოპულარობის იმედი აქვთ და საამისოდ თავადაც ძალებს არ იშურებენ. სპეციალურად Folio 100-ისთვის Toshiba-ს დეველოპერებმა ორი ათასამდე აპლიკაცია დაწერეს, რაც Folio 100-ის კონკურენტუნარიანობას ერთიორად გაზრდის.
 
 
ნოემბერი თურქეთში სიახლით დაიწყო. ქვეყნის მთავრობამ გააუქმა აკრძალვა, რომელიც მთელი თურქეთის ტერიტორიაზე Youtube-ის მოხმარებას ზღუდავდა. უკვე ორი წელია, დასავლურ მედიაში თურქეთს “No YouTube Land”-ად მოიხსენიებენ. აკრძალვა Youtube-ში მუსტაფა ქემალ ათათურქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გავრცელებას მოჰყვა. თურქეთის “მამის” დისკრედიტაცია კი ადგილობრივი კანონმდებლობით ისჯება.
 
Youtube-ის აკრძალვის გამო თურქეთი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში დაადანაშაულეს, თუმცა მეორე მხრივ, ეროვნული სიმბოლიკის შეურაცხმყოფელი მასალების გავრცელების აკრძალვას თურქ ჩინოვნიკებს კანონი ავალდებულებს. ტრანსპორტის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ Google-თან, რომელიც დღესდღეობით Youtube-ის მფლობელია, გამართულმა მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა და ვიდეორგოლები წაშლილია, შესაბამისად, აკრძალვის საჭიროებაც აღარ არსებობს.
 
 
Microsoft-ის ახალმა პირმშომ, სმარტფონებისათვის შექმნილმა ოპერაციულმა სისტემამ, Windows Phone 7-მა გამოსვლა ვერ მოასწრო, რომ კრიტიკოსთა ამალა მის ნაკლოვანებებზე ალაპარაკდა. არადა პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ისინი ძალებს არ დაიშურებენ Android-ისა და iOS-ის ჩასაძირად. უკვე შეადგინეს კიდეც ნუსხა Windows Phone 7-ის ნაკლოვანებებისა:
• არ არის ფაილების სისტემური მენეჯერი.
• შეუძლებელია ფაილების გადაცემა Bluetooth-ით.
• არ გააჩნია რეჟიმი USB mass storage.
• ბროუზერს არ აქვს Flash-ის მხარდაჭერა.
• არ არის ვიდეოზარების განხორციელების ფუნქცია.
• არ არის საკუთარი რინგტონების დამატების საშუალება.
• მუსიკალურ პლეერში არ არის ეკვალაიზერი.
• არ აქვს ე.წ. Multitasking (რამდენიმე აპლიკაციის ერთდროულად გაშვების საშუალება).
• არ არის copy/paste ფუნქცია.
• არ არის Bing Maps-ის უფასოდ გამოყენების საშუალება.
• არ აქვს ტეტერინგის, ანუ ტელეფონის როგორც მოდემის გამოყენების ფუნქცია.
 
კრიტიკოსების განცხადებით Microsoft-მა იჩქარა და ბაზარზე დაუსრულებელი პროდუქტი გამოუშვა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ქალაქ რედმონდში, Microsoft-ის შტაბბინაში განაცხადეს, რომ 2011 წლის დასაწყისში გამოვა სისტემური განახლება, რომელიც ჩამოთვლილ ნაკლოვანებებს გამოასწორებს. მანამდე კი Windows Phone 7-იანი ტელეფონების მფლობელებს მხოლოდ ლოდინი დარჩენიათ. 

კომენტარები