სწავლა რეცეპტით

2 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, განაცხადა, რომ სახელმწიფო სასკოლო სახელმძღვანელოების არსებულ ბაზარზე ინტერვენციას იწყებს. სახელმწიფოს ჩარევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება და მიზნად ისახავს სწავლების შინაარსისა და სახელმძღვანელოების ფასების დარეგულირებას. შესაბამისად იგეგმება გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რომლებსაც, მიუხედავად „კეთილშობილი” მიზნებისა, სავარაუდოდ, ნეგატიური თანმხლები შედეგებიც მოჰყვება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს საგნობრივ სტანდარტებში სავალდებულო შინაარსის შემოღებას, რაც გამოიხატება ჰუმანიტარულ საგნებში 60%, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 80% სავალდებულო ნაწილის დაწესებაში. მხოლოდ ამ სტანდარტების მოთხოვნების სრული დაკმაყოფილების შემთხვევაში მიენიჭება შესაბამის სახელმძღვანელოს სამინისტროს გრიფი, რაც მისი ბაზარზე გასაყიდად დაშვების ლიცენზია იქნება. ამ გზით სამინისტრო აპირებს, უახლოესი ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად უნიფიცირებული გახადოს სწავლების შინაარსი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
 
სწავლების შინაარსის კონტროლი მეტწილად დამახასიათებელია ტოტალიტარული სისტემის სახელმწიფოებისთვის, სადაც ცენტრალიზებული დაგეგმვა ეკონომიკის ყველა სფეროს წვდება ხოლმე, მათ შორის განათლების სისტემასაც. მსგავსი მიდგომა განათლების სფეროსადმი არახალია მათთვის, ვისაც ახსოვს საბჭოთა კავშირი, სადაც ყველა მოსწავლე თითქმის ერთი და იგივე შინაარსის წიგნებით სწავლობდა, მიუხედავად იმისა – ქუთაისში ცხოვრობდა თუ სახალინზე.
 
როგორც წესი, ასეთი ტიპის განათლების სისტემა არაეფექტიანია და წარმატება შეიძლება მოიტანოს მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სფეროში, რომელსაც სახელმწიფო აირჩევს პრიორიტეტულად, ისიც მოკლევადიან პერსპექტივაში. მაგალითად, საბჭოთა კავშირის მიზანი იყო უძლეველი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის შექმნა, რომელიც საბოლოო ჯამში საშუალებას მისცემდა საბჭოებს დაეპყროთ მთელი მსოფლიო. შესაბამისად, ცენტრალიზებულად დაგეგმილმა განათლების სისტემამ ხელი შეუწყო გარკვეულ წარმატებებს ტექნიკურ მეცნიერებებში, რაც გახდა სამხედრო ინდუსტრიის განვითარების წინაპირობა. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნურმა ფოკუსირებამ რამდენიმე „მნიშვნელოვან” სფეროზე, საბოლოო ჯამში, უარყოფითი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკაზე, რამაც შესაბამის ფინალამდე მიიყვანა საბჭოთა კავშირი.
 
კითხვა, რომელიც ასეთ შემთხვევაში პასუხგაუცემელი რჩება, არის ის, თუ რა არის ე.წ. საშუალო განათლების მიზანი და ვინ შეიძლება გადაწყვიტოს (დაგეგმოს) რა უნდა ისწავლონ სკოლაში? იდეალურ შემთხვევაში სწავლის, როგორც რიგითი საბაზრო პროდუქტის, მიმწოდებლები არიან კერძო სკოლები და მშობლები თავად წყვეტენ რომელ სკოლაში მიიყვანონ შვილი და შესაბამისად, რა უნდა ისწავლონ მათ. მაგრამ როდესაც საქმე ეხება საჯარო სკოლებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს – რეალობა არსებითად იცვლება. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო თავად წყვეტს რა მოლოდინები გააჩნია სწავლების პროცესისგან და შესაბამისად, რა შინაარსი უნდა ჩაიდოს სასწავლო პროგრამებში. ხოლო თუ კიდევ უფრო დავკონკრეტდებით და სახელმწიფოს აბსტრაქტულ ცნებაში მეტ კონკრეტიკას შევიტანთ – რამდენიმე ბიუროკრატი, საუკეთესო შემთხვევაში დამატებით რამდენიმე „ექსპერტის” დახმარებით, იღებს გადაწყვეტილებას რა უნდა ისწავლონ მოზარდებმა ყველა საჯარო სკოლაში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. შეიძლება მსგავსი სისტემა ეფექტიანი იყოს? სავარაუდოდ – არა. ეროვნული სასწავლო გეგმის არსებული ფორმა (რომელიც თავის მხრივ რამდენიმე წლის წინ დაწყებული რეფორმის შედეგია) გაცილებით მეტ თავისუფლებას აძლევს სკოლებსა და მასწავლებლებს განსაზღვრონ სწავლების შინაარსი. დაგეგმილი ცვლილებები უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, რამდენიმე სახელმწიფო მოხელე თვლის, რომ მათ უკეთ იციან რა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, ვიდრე სკოლებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთად.
 
გარდა ეფექტიანობის შემცირებისა, აღნიშნული ცვლილებით იზღუდება მშობლების არჩევანის თავისუფლება, რადგან ისინი იძულებულნი იქნებიან შესთავაზონ შვილებს საშუალო განათლების ის პაკეტი, რომელსაც სახელმწიფო შექმნის. სკოლის გამოცვლა ამ შემთხვევაში აზრს კარგავს.
 
მეორე ტიპის პოტენციური პრობლემა, რომელიც სავარაუდოდ მოჰყვება სამინისტროს ახალ ინიციატივებს, დაკავშირებულია სახელმძღვანელოების ფასების გაკონტროლების მცდელობასთან. მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებობს 60-მილიონიანი სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი, სადაც გარკვეული გამომცემლები ხელოვნურად ქმნიან დეფიციტს და ხშირად იღებენ 300%-იან, ხანდახან კი 800%-იან მოგებას. ამ კონტექსტში გამომცემლებსა და ე.წ. გადამყიდველებს ხშირად ანიჭებენ ხოლმე „არაკეთილსინდისიერის” იარლიყს. შესაბამისად, სამინისტროს გადაწყვეტილებით, გარდა იმისა, რომ ყველა სკოლაში გამოიყენებენ უნიფიცირებულ სახელმძღვანელოებს, ამ სახელმძღვანელოების ფასი ყველგან იქნება იდენტური (დაახლოებით ისე, როგორც საბჭოთა კავშირში, სადაც მნიშვნელობა არ ჰქონდა სად შეიძენდი პურს ან ე.წ. ერევნის სითხეს, თბილისში თუ ტაშკენტში – შეფუთვაც, წონაც და ფასიც ყველგან ერთი იყო).
 
ერთი შეხედვით უცნაურია, რატომ უნდა ებრძოლო მოგების მაღალ მარჟას ბაზრის რეგულირებით. თუ პროდუქტი დეფიციტურია და მწარმოებლები (ამ შემთხვევაში გამომცემლობები) მაღალპროცენტიან მოგებაზე მუშაობენ, ეს შეიძლება მიანიშნებდეს მხოლოდ იმაზე, რომ არსებობს შეზღუდვები, რომლებიც ხელს უშლის სხვა მწარმოებლებს ბაზარზე თავისუფლად შემოსვლაში და შესაბამისად, აყენებს არსებულ მწარმოებლებს ერთგვარი მონოპოლისტის პოზიციაში. სხვა შემთხვევაში ალტერნატიული მწარმოებლები ბუნებრივად გადაწყვეტდნენ მომგებიანი ბაზრის სეგმენტის ათვისებას, რაც გაზრდიდა კონკურენციას და გამოიწვევდა ფასების კლებას.
 
გადამყიდველები თავის მხრივ მხოლოდ პოზიტიურ როლს თამაშობენ და მათი არაკეთილსინდისიერად მოხსენიება უბრალოდ სასაცილოა. ისინი შეიძენენ პროდუქტს იქ, სადაც ის ჭარბადაა და ყიდიან იქ, სადაც ის დეფიციტურია. შესაბამისად, ე.წ. გადამყიდველები საზოგადოებისთვის მხოლოდ სასიკეთო საქმეს აკეთებენ და არავის აიძულებენ შეიძინონ მათგან სახელმძღვანელოები.
 
თუმცა ყველაზე საინტერესო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალ ინიციატივაში დაგეგმილი ფასების რეგულირების მექანიზმია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ბაზარი მნიშვნელოვნად დერეგულირებულია, სამინისტრომ როგორც ჩანს ჩათვალა, რომ გაუჭირდებოდა უნიფიცირებულ სახელმძღვანელოებზე ფასების გაკონტროლება. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაწყდა, სახელმძღვანელოსთვის გრიფის (იგივე ლიცენზიის) მინიჭების შემდეგ სახელმწიფო „ავტომატურად” გამხდარიყო მისი თანამესაკუთრე, ხოლო სურვილის შემთხვევაში მთლიანად შეესყიდა საავტორო უფლებები. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარია, რაში სჭირდება სამინისტროს სახელმძღვანელოებზე საავტორო უფლებების ფლობა.
 
ზოგადად საავტორო უფლებების არსებობა საკამათო თემაა ინტელექტუალურ წრეებში. მსგავსი უფლებების მომხრეები თვლიან, რომ ინტელექტუალური შრომის ნაყოფი, თუნდაც ეს იყოს რაიმე ახალი იდეა, ისეთივე პროდუქტია, როგორც ნებისმიერი ხელშესახები ნივთი და შესაბამისად, მის ავტორს უნდა გააჩნდეს ამ პროდუქტზე ექსკლუზიური და აბსოლუტური უფლებები. თუმცა არსებობენ მოწინააღმდეგენიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საავტორო უფლებების არსებობა მხოლოდ აფერხებს პროგრესს, რადგან არ აძლევს საშუალებას უამრავ ადამიანს მიიღოს რაიმე სახის ინფორმაცია ან გამოიყენოს უკვე აღმოჩენილი სიახლეები.
 
თუ სამინისტროს მიერ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც გრიფირების პროცედურის გავლას მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ ითვალისწინებს, ამ ჭრილში შევხედავთ, შეგვიძლია დავსვათ კითხვა – თუ რომელიმე ავტორი ან გამომცემელი გააუმჯობესებს სახელმძღვანელოს, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მშობლებსა და მოსწავლეებს უფლება გამოიყენონ უკეთესი სახელმძღვანელო დღეს და ამ სკოლაში? რა უფრო მნიშვნელოვანია – სამინისტროს მონოპოლისტური საავტორო უფლება სახელმძღვანელოებზე თუ პროგრესი? '

კომენტარები