ინგლისურენოვანი პედაგოგების ნაწილი აჭარას ტოვებს

აჭარის სკოლები ხუთმა ინგლისურენოვანმა პედაგოგმა დატოვა. რეგიონში ამ დროისთვის 54 უცხოელი მასწავლებელი აგრძელებს მუშაობას. პედაგოგების აჭარიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია დღეს ნეტგაზეთმა გაზეთ ბათუმელებზე დაყრდნობით გაავრცელა.

”ბათუმელების” ვარაუდით, პედაგოგების წასვლა სკოლებში არსებულ პრობლემებთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული. ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის კოორდინატორი მაია სიფრაშვილი პედაგოგების გადაყვანის ერთადერთ მიზეზად აჭარის კლიმატთან შეუგუებლობას ასახელებს. აჭარის განათლების მინისტრის, გია აბულაძის თქმით, ხუთი მასწავლებლიდან ერთ-ერთი მასთან ცხოვრობდა და თბილისში გადაიყვანეს.

”ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამი მათგანი საქართველოს სხვა რეგიონებში ექიმების მოთხოვნით გადანაწილდნენ” - აცხადებს სიფრაშვილი. მისი მტკიცებით, დანარჩენი ორი პედაგოგი ხანშიშესული იყო და სწორედ ამიტომ მოუხდათ სამშობლოში დაბრუნება. მისივე თქმით, თავად პედაგოგებს ”აჭარიდან წასვლა და უკვე შეჩვეულ ოჯახებთან განშორება არ სურდათ”.

პედაგოგების ვინაობის გამხელაზე სიფრაშვილმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ ეს არაეთიკური იქნებოდა.

”ბათუმელების” ინფორმაციით, ერთი თვის წინ უცხოელ პედაგოგს პრობლემები კანის ფერის გამოც შეექმნა. მასპინძელმა ანკეტის გაცნობის შემდეგ, უარი თქვა შავკანიანი პედაგოგის მიღებაზე, რის შემდეგაც ის ოზურგეთში გადაიყვანეს. ინფორმაციის წყაროდ აჭარის განათლების სამინისტრო იყო დასახელებული, თუმცა მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ამჟამად კონკრეტულ წყაროს არ ასახელებს; აჭარის განათლების სამინისტროში ამ ინფორმაციასაც უარყოფენ. აბულაძის მტკიცებით, სამინისტროსთვის პედაგოგებიდან არავის მიუმართავს მსგავსი პრობლემით.

ინგლისურენოვანი პედაგოგები საქართველოში სასწავლო წლის დასაწყისში ჩამოვიდნენ.

 

კომენტარები