ბლუზით დამთავრებული დიდი ჯაზი

 ჯაზფესტივალის მესამე დღეს ყველაზე ხმაურიანი აფიშა ჰქონდა – ჯო ზავინულის მიერ ვეზერ რეპორტის დაშლის შემდეგ შექმნილი სინდიკატი და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალი რეიჩელ ფერელი, რომელიც, როგორც კონცერტზე გამოჩნდა, ახალგაზრდა ქართველ მსმენელში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა: სულელი წვიმის, უთავმოყვარეო თოვლის, სინდისგარეცხილი ქარის, დეგენერატი სეტყვის და სხვა ქართული ანომალიური კომპოზიციების ფონზე, ეს, რასაკვირველია, ძალიან კარგია.

პერმანენტულად მოკისკისე ფერელმა ძალიან კარგად იცეკვა, თავისი ხმის სიმაღლეებიც გაგვაცნო და დაიენ რივზის არ იყოს, თბილისში ნაყიდი საყურეებიც გვაჩვენა, მაგრამ იმავე რივზისგან განსხვავებით, მისი გამოსვლა წმინდა მუსიკალური თვალსაზრისით, ნაკლებად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო – რივზი ფერელზე მაღალი კლასის ჯაზვოკალისტია. ვერც რეიჩელის ბენდი შეედრებოდა მელოუნს და ლუბამბოს, თუმცა იმავე ახალგაზრდებმა დარბაზში ძალიან ისიამოვნეს, რამდენჯერმე აყვნენ კიდეც და ოვაციებიც მოუწყვეს. მიუხედავად ამისა, უნდა გავიმეოროთ – ეს გამოსვლა ხარისხით ჩამოუვარდებოდა როგორც წინა დღის კონცერტს, ისე დღის წინა გამომსვლელებს.
უზავინულოდ დარჩენილმა და ახალი წევრებით შევსებულმა სინდიკატმა წარმოადგინა კომპოზიციები შარშან გრემის მომგები ალბომიდან – Joe Zawinul & Zawinul Syndicate 75, რომელიც ლეგენდარული მუსიკოსის ხსოვნას ეძღვნება და რომელსაც ბენდი ევროპულ ტურნეზე წარმოადგენს.
 
სინდიკატმა იმდენად მაგრად დაუკრა (თითოეულმა ცალ-ცალკე და ყველამ ერთად), რომ ზავინულის არყოფნა არც არავის შეუმჩნევია. ჯგუფის ძველმა და ახალმა წევრებმა თითქოს აქლემზე შემოგვსვეს, უდაბნოში გაგვასეირნეს და ეს მოგზაურობა იმდენად საინტერესო იყო, წამითაც არ გამხსენებია ჩემი თბილისში, ფილარმონიაში ყოფნა. მსგავსი „თავდავიწყების” გამოწვევა კი მხოლოდ დიდ შემოქმედებს შეუძლიათ. ისე, როცა ავსტრიელის შექმნილ ფოლკ-ფიუჟენს უკრავენ სენეგალელები, ფრანგები, ბრაზილიელი, კოტდივუარელი და მაროკოელი, და უკრავენ ფანტასტიკურად, სხვას არც არაფერს უნდა ელოდო. კომუნისტების დრო რომ იყოს, აუცილებლად ასე დავამთავრებდი: ზავინული აღარაა, მაგრამ მისი საქმე ცოცხლობს!
 
აი, ბოლო, მეოთხე დღე კი მსოფლიო ნაკრებმა გახსნა და ჯაზფესტივალიც, პრინციპში, იქ დამთავრდა, რადგან ჯონ ლენდისის ლეგენდარული მიუზიკლის, ძმები ბლუზების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ პროექტს არც ჯაზთან ჰქონდა რაიმე საერთო და ხარისხითაც დიდად ვერ დაიკვეხნიდა. ეს ბუნებრივიცაა. ჯერ ერთი, დიდი დრო გავიდა, მეორეც – მაშინ ბენდს დენ ეიკროიდი, ჯეიმს ბელუში, ჯეიმს ბრაუნი, რეი ჩარლზი, ჯონ ლი ჰუკერი და არეტა ფრანკლინი ამდიდრებდნენ. ასეა თუ ისე, ჯეიკის და ელვუდის თავგადასავლების საუნდტრეკმა მსმენელი მაინც ააცეკვა.
 
მსოფლიო ნაკრებს დავუბრუნდეთ. 30 ოქტომბერს, საღამოს ცხრის ნახევარზე, სცენაზე გამოვიდა ხუთი სუპერვარსკვლავი, რომლებმაც არა მარტო ჯაზის, მთლიანად მუსიკის განვითარებაში შეიტანეს დიდი წვლილი: მაიკ მაინიერი, სტივ გადი, ტონი ლევინი, უორენ ბერნჰარდტი და დევიდ სპინოზა. ამ ხუთეულმა დიდ ფესტივალებში სამონაწილეოდ განაახლა ჯგუფი ლ’იმაჟ და ჩვენდა სასიხარულოდ, თბილისშიც ჩამოვიდა. 
 
მაინიერი ძალიან დაემსგავსა ვუდი ალენს და თავისი ელექტროვიბროფონით ტკბილი ზღაპრები მოგვიყვა, ლევინი დაემსგავსა თავის უცნაურ ბასს და მოგვიყვა, როგორ უკრავდა ლენონთან, პინკ ფლოიდთან, ელის კუპერთან და პიტერ გებრიელთან ერთად, ბერნჰარდტმა, უბრალოდ საოცრებები გვიამბო, სპინოზა და გადი კი, თითქოს ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და ჩვენ ამ საუბრის მხოლოდ ნაწილი გვესმოდა. ესეც საკმარისი იყო.
 
არც ერთი ზედმეტი ნოტი, არც ერთი ზედმეტი მოძრაობა და ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი, რაც კი თბილისში გამართულა. 
 
კონცერტიც და საერთოდ, ფესტივალიც.

კომენტარები