რობერტ კაგანი „საქართველოს უკეთ მოუსმენენ”

ამერიკელი ისტორიკოსი და საგარეო პოლიტიკის კომენტატორი, რობერტ კაგანი, კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი სტატიები რეგულარულად იბეჭდება Washington Post-ში, პერიოდულად კი კაგანი ისეთ გამოცემებთან თანამშრომლობს, როგორიც New York Times, Foreign Affairs, The Wall Street Journal, Commentary, World Affairs, და Policy Review-ია. პროფესორი Weekly Standard-ისა და The New Republic-ის სარედაქციო საბჭოს საპატიო წევრია. მისი წიგნი „სამოთხის და ძალაუფლების შესახებ” ეროვნული და საერთაშორისო ბესტსელერი გახდა. ნაშრომი 25 ენაზე ითარგმნა. Foreign Policy-ის რეიტინგის მიხედვით, რობერტ კაგანი მსოფლიოს 100 საუკეთესო საჯარო ინტელექტუალის ნუსხაში შედის. 

 

Washington Post-ში გამოქვეყნებულ თქვენს ერთ-ერთ ბოლო სტატიაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მეორე ფაზის – „გადატვირთვის გადატვირთვის” – დაწყების შესახებ საუბრობთ. ეს ვარაუდი, გარკვეულწილად, კონგრესში შუალედურ არჩევნებს ხომ არ უკავშირდება? 

 
არა მგონია, ეს არჩევნებს და იმას უკავშირდებოდეს, რომ ობამამ კონგრესის ერთ-ერთ პალატაზე, შესაძლოა, კონტროლი დაკარგოს. თუმცა, ვფიქრობ, არჩევნები გარკვეულ გავლენას მაინც მოახდენს. ეს უფრო იმის შედეგი გახლავთ, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობებში გადატვირთვის პოლიტიკით დასახული მიზნები მიღწეულია. მეტის გაკეთება, ალბათ, შეუძლებელია. ვფიქრობ, ზღვართან მივედით – რუსეთი ირანის საკითხში მოგვყვება. ამ ქვეყანამ ახლა შეიძლება, გაძლიერების ნაცვლად, სანქციების შესუსტებაც კი დაიწყოს. აშკარაა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გარკვეულწილად რუსეთზეა დამოკიდებული. 
 
სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას, ალბათ, არავინ იცის, რა დაემართება. სულაც არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტისათვის ეს უშედეგო ხელშეკრულებაა. ერთი მხარეა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობა ახლა უფრო რთულ ფაზაში შედის, მეორე მხარე კი – ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, იცოდნენ – გადატვირთვის არასასურველი შედეგი იქნებოდა იმის განცდა, რომ შეერთებული შტატები ნაკლებ ყურადღებას უთმობს თავის მოკავშირეებს ევროპაში, ზოგადად და კონკრეტულად კი, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და კავკასიაში. 
 
ამის გამოსწორებას ჰილარი კლინტონი უკვე შეეცადა კრაკოვში ჩასვლით და იქ დემოკრატიაზე სერიოზული განცხადებებით, ასევე თბილისში ვიზიტით და ვრცლად საუბრით დემოკრატიაზე. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილების მაჩვენებელი. ჰილარი კლინტონის განცხადებები მხოლოდ დემოკრატიის განვითარებას კი არ ეხებოდა, არამედ დემოკრატიულ სოლიდარობას დემოკრატიულ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. აი, ეს გახლავთ ცვლილება. 
ობამას ადმინისტრაციამ თავიდანვე აქცენტი დიდ სახელმწიფოებზე – რუსეთსა და ჩინეთზე გააკეთა. ახლა იგი ისევ მოკავშირეებისაკენ იხრება. ასეა აზიის შემთხვევაში, რაც ჩინეთის ქმედებაზე რეაგირებით გამოჩნდა. ვფიქრობ, ეს გამჟღავნდება ევროპასთან დაკავშირებითაც, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ასევე, ადამიანის უფლებებზე მეტი ფოკუსირება ხდება. კლინტონმა უკვე გამოყო რუსეთი, ჩინეთი და ეგვიპტე, როგორც ავტორიტარული სახელმწიფოები. 
 
 ამას კი, თანდათან, გადატვირთვის გადატვირთვასთან მივყავართ. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში არსებული ყველაზე მწვავე პრობლემები გადაწყდება, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს უფრო უკეთ მოუსმენენ.
სახელმწიფო მდივანი სერიოზულ განცხადებებს აკეთებს რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებითაც. ვერ ვიწინასწარმეტყველებ რა მოხდება, მაგრამ, ვფიქრობ, მოსალოდნელი ტენდენცია ასეთია. ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველო შეძლებისდაგვარად უნაკლო დემოკრატიად ჩამოყალიბდეს. თუ ობამას ადმინისტრაცია მართლაც უფრო დემოკრატიულ განვითარებას აქცევს ყურადღებას – საქართველოსთვის იმაზე საზიანო არაფერი იქნება, ვიდრე შთაბეჭდილების შექმნა, რომ ის დემოკრატიის გზას ასცდა.
 
 ამერიკის საგარეო პოლიტიკურ ლექსიკონში ბოლო დროს გაჩენილი ახალი ტერმინი – ოკუპაცია – საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე შექმნილ რეალობას სწორად აღწერს, მაგრამ მხოლოდ აღწერს. კრიტიკოსები ხშირად ამბობენ და ფილიპ გორდონმაც სახელმწიფო დეპარტამენტიდან თქვა, რომ ამ რეალობის შეცვლის – დეოკუპაციის – რაიმე კონკრეტული სტრატეგია არ არსებობს. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ეს სტრატეგია? 
 
ერთი, რაც რუსებისა ნამდვილად არ მესმის, კოსოვოს ანალოგიის გამოყენებაა. ისინი ამ ანალოგიას არასწორად იყენებენ. სწორი ანალოგია საერთაშორისო სამშვიდობო ძალების იქ ჩაყენება იქნებოდა, იმ უმცირესობათა ჯგუფების დასაცავად, ვისაც რუსეთი თავისად თვლის. რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიად აღიარებს, მიუღებელია. 
თუ რუსები იმას ამტკიცებენ, რომ მოძმე ხალხის ბედი აღელვებთ და ეს ხალხი საფრთხეშია, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ჩაყენებით უნდა მოხდეს. ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, უბრალოდ, სხვისი ტერიტორიების მიტაცებაა, თუმცა ამის აღიარება არ სურთ. აი, ეს არის გამოსავალი. 
 
ვფიქრობ, რუსებმა ეს უნდა შეიგნონ. მანამ, სანამ მათ ეს ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ, მოსკოვი ვერც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე ისაუბრებს, ვერც NATO-ევროპა-რუსეთის ახალ ურთიერთობებზე და ვერც უსაფრთხოების ახალ ურთიერთობებს დაამყარებს. აი, ეს უნდა აუხსნას გასაგებად NATO-მ რუსეთს. თეთრმა სახლმა მკაფიოდ უნდა განუმარტოს, რომ სანამ ასეთი მდგომარეობაა, ამ მიმართულებით არანაირი წინსვლა არ იქნება.
 
 ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. 1996 წელს თქვენ ბილ კრისტოლთან ერთად წერილი გამოაქვეყნეთ ნეორეიგანული საგარეო პოლიტიკის შესახებ. როგორი იქნებოდა ეს პოლიტიკა დღეს? ცივი ომის წლებში დებატები მიმდინარეობდა იმაზე, თუ როგორი პოლიტიკა გატარებულიყო რუსეთის მიმართ – შეკავების თუ უკუგდების. ყველა პრეზიდენტი, რეიგანის გარდა, შეკავების პოლიტიკას ემხრობოდა, თუმცა, შეკავება ვერ მოხერხდა, რუსეთი მაინც ფართოვდებოდა. დღესაც იგივე ხდება. არავინ საუბრობს რუსეთის აგრესიის შედეგების აღმოფხვრაზე; საუბარი ძირითადად სტატუს-კვოს გაყინვაზე მიმდინარეობს. ჰილარი კლინტონი ამას სტრატეგიულ მოთმინებას უწოდებს, მაგრამ მოთმინებას ზღვარი აქვს. როგორი უნდა იყოს უკუგდების ახალი პოლიტიკა?
 
მე ამას უკუგდების პოლიტიკას არ დავარქმევდი, თუმცა საქართველოს შემთხვევაში სწორედ ამგვარი პოლიტიკაა საჭირო. ეს, ცხადია, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა უნდა იყოს. შესაძლოა მათი მხოლოდ საერთაშორისო ძალების შემადგენელ ნაწილად დატოვება, და არა იმ ძალისა, რომელიც მხოლოდ რუსებისაგან შედგება. ეს ცხადზე უცხადესია. 
 
დღევანდელი ნეორეიგანული სტრატეგია ისაა, რასაც ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ერთიან და თავისუფალ ევროპას ეძახდნენ. აუცილებელი არ არის სტრატეგია რუსეთს ეხებოდეს. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ევროპის ყველა სახელმწიფო, ბალტიისპირეთიდან დაწყებული უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით, ამ სივრცეში შეიძლება მოხვდეს. 
 
ამისათვის ის უნდა ა) იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც მეგობარი დემოკრატიული ქვეყნები უჭერენ მხარს, ბ) ატარებდეს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც არ განუსაზღვრავს გარეშე ძალა, ანუ ის ძალა, ვისაც მისი გაკონტროლება სურს. 
უნდა უარვყოთ გავლენის განსაკუთრებულ ინტერესთა სფეროს იდეა, რასაც რუსეთი განუწყვეტლივ იმეორებს და ევროპის შუაგულს და სხვა იმ ქვეყნებს გულისხმობს, რომლებსაც სურთ, ალიანსის ან დემოკრატიული სამყაროს ნაწილი გახდნენ. აი, ეს უნდა იყოს სტრატეგია. 
 
ვფიქრობ, რუსებმა ვერ დაძლიეს მრავალსაუკუნოვანი ჟინი – გახდნენ დომინანტური იმპერიული ძალა რეგიონში. ეს თავად რუსეთის ინტერესშიც კი არ შედის, ცოტა არ იყოს ატავისტური მისწრაფებაა, რომლის განსახიერებაც ამჟამად, სამწუხაროდ, პუტინი გახლავთ. 
 
ჩვენ თანამედროვე რუსეთი გვჭირდება, ისეთი ქვეყანა, რომელსაც ესმის, რომ თანამედროვე სამყაროში წარმატების საზომი ეს არ არის. წარმატების საზომი მოდერნიზაცია, ეკონომიკური პროგრესი და ლიბერალიზაციაა. აი, ამაზე უნდა იყოს იგი ორიენტირებული. 
 
აბსურდულია რუსეთის კონცენტრირება გამოგონილ საფრთხეებზე, როდესაც მეზობლად ჩინეთი და ცენტრალური აზია ჰყავს. 
 
ამასთან, ნეორეიგანული პოლიტიკა რუსეთში დემოკრატიას უნდა უჭერდეს მხარს. არ უნდა ხუჭავდეს თვალს იმაზე, თუ როგორ მეთოდურად ანადგურებს პუტინი დემოკრატიული ინსტიტუტების ყველანაირ ნიშანწყალს. 
 
  2002 წელს ნაშრომში „ძალა და უძალობა” თქვენ საუბრობდით აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ მზარდ განსხვავებებზე. რა შეიძლება გაკეთდეს ამ პროცესის შემოსაბრუნებლად, განსხვავებების შესამცირებლად?
 
არ ვიცი, იზრდება თუ არა მანძილი. განსხვავებები, რომლებზეც იმ ნაშრომში ვსაუბრობდი, არსად გამქრალა. თუმცა, მგონია და იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო ხვდებიან, რომ  მსოფლიოს ერთ-ერთი მზარდი ძალა – რომელიც მომავალში ნამდვილად იქცევა წამყვან მოთამაშედ – ისეთი ავტორიტარული ხელისუფლებაა, როგორიც ჩინეთია; ხოლო მეორე – ასევე ავტორიტარული რუსეთია. შესაბამისად, ის, რაც გარანტირებული მიგვაჩნდა – დემოკრატიის უსაფრთხოება და გავრცელება – ასე ვეღარ ჩაითვლება. 
 
ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები უნდა დაახლოვდნენ, ერთად უნდა იმუშაონ და იზრუნონ ლიბერალურ-დემოკრატიული პრინციპების დაცვაზე საერთაშორისო სისტემაში მაშინ, როდესაც ამ პრინციპებს საფრთხე ემუქრება. ვფიქრობ, ეს საბოლოოდ აშშ-ს და ევროპას დააახლოებს. 
 
პრობლემა, რომელიც ახლა ევროპასთან დაკავშირებით არსებობს, ის არის, რომ თავად იგია ისეთი დეზორგანიზებული, სუსტი მოთამაშე საერთაშორისო არენაზე და ისე გაყოფილი შიგნით, რომ მასთან ეფექტიანად მუშაობა ძნელია. 
 
დოვილში სარკოზი-მერკელის მედვედევთან შეხვედრა პრობლემად არ მიმაჩნია. ამ საკითხზე მთელი ევროპის სახელით ვერ ილაპარაკებენ. ევროპა ახლა აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც მოიცავს. ისინი ევროკავშირის ქვეყნებია. სარკოზი და მერკელი ევროპული უსაფრთხოების სისტემიდან ვერ გარიყავენ აშშ-ს, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებს არ სურთ აშშ-ის გარიყვა. ასე რომ, ეს მე არ მაღელვებს. გერმანელებს ჰგონიათ, რომ საუკუნეებია, რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ და იციან, როგორ იმუშაონ მასთან. კი ბატონო, ეგონოთ. სარკოზიმ ნამდვილად დაიმსახურა ქება თბილისის გადარჩენისთვის; ის იყო, ვინც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომელსაც რუსები ხელმოწერის დღიდანვე არღვევენ. კითხვა, რომელიც სარკოზის მიმართ ჩნდება, ასე ჟღერს – აპირებს თუ არა იგი მედვედევთან საუბრისას საქართველოს საკითხის მიჩქმალვას?
 
 მისტრალი?
 
მისტრალი სამარცხვინო გარიგებაა, მაგრამ აქ მთავარი მაინც ფულია. სარკოზიმ საქართველოს საკითხი არ უნდა მიჩქმალოს. მე არ მინდა წინასწარ ვივარაუდო, რომ ის ამას იზამს. ვნახოთ.
 
ბოლო კითხვა NATO-ს ეხება. როგორი უნდა იყოს NATO-ს მომავალი, ევროპასა და ამერიკას შორის მზარდი უთანხმოების პირობებში?
 
ცუდია, რომ NATO იმის მიხედვით ფასდება, თუ რამდენად წარმატებული ან წარუმატებელია იგი ავღანეთში. არა მგონია, რომ ეს ორგანიზაცია ამ საზომით უნდა ფასდებოდეს. ჩემთვის NATO ერთი ცნობილი ფრაზასავით არის: ის რომ არ არსებობდეს, მისი გამოგონება იქნებოდა საჭირო. 
 
ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა, რომლის მიზანიც დემოკრატიის გაძლიერება და გავრცელებაა, განსაკუთრებით, ტრანსატლანტიკურ სივრცეში და ევროპაში. 
 
უფროსი ბუშის, ბილ კლინტონის, უმცროსი ბუშის ადმინისტრაციებს ერთი მიზანი ჰქონდათ – ერთიანი და თავისუფალი ევროპა. ეს ამოცანა ჯერ არ შესრულებულა. NATO-ს მიზანიც ეს უნდა იყოს.
 

კომენტარები