საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სამხედრო ძალებს აერთიანებენ

 2 ნოემბერს ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ორ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავა. 

 ბრიტანელმა პრემიერმა აღნიშნული დოკუმენტი ორი ქვეყნის ისტორიის „ახალ ფურცლად შეაფასა”; ფრანგმა ლიდერმა კი მას უპრეცედენტო უწოდა. პირველი ხელშეკრულება ავიამზიდების გაერთიანებას და საერთო საექსპედიციო ძალების შექმნას მოიცავს. მასში თითოეული მხრიდან დაახლოებით 5 ათასი ჯარისკაცი იქნება წარმოდგენილი. ხელმძღვანელს დროდადრო აირჩევენ. საუბარია მომავალი წლიდან ერთობლივი ოპერაციებისა და ტრენინგების ჩატარებაზე. ორმხრივი თანამშრომლობა შემდეგ საკითხებსაც მოიცავს: უპილოტო საჰაერო სისტემა, თავდაცვის ინდუსტრია, კიბერუსაფრთხოება და კვლევა. მეორე ხელშეკრულება ბირთვულ თანამშრომლობას ეხება: ბირთვულ კვლევით ტექნოლოგიებს ბრიტანული ცენტრი განავითარებს, ექსპერიმენტები კი საფრანგეთის ტერიტორიაზე განხორციელდება.
 
ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი მიზანი დანახარჯების შემცირებაა. ორივე ქვეყანა ერთობლივი თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებისას ფულს მნიშვნელოვნად დაზოგავს. პარიზი და ლონდონი ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრას სწორედ სამხედრო სფეროში დანახარჯების შეკვეცით ცდილობენ – ბრიტანეთმა წინა წლებთან შედარებით სამხედრო ბიუჯეტს 5% მოაკლო, სექტემბერში საფრანგეთშიც იგივე მოხდა. 
 
ბრიტანეთის პრემიერმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე საუბრისას ორი სახელმწიფოს საერთო ისტორიას გაუსვა ხაზი. მისი მტკიცებით, მის ქვეყანას მოკავშირეებთან ერთობლივი ოპერაციების განხორციელების გამოცდილება აქვს და საფრანგეთთან თანამშრომლობა არ გაუჭირდება. თუმცა მათი ურთიერთობების ისტორია უნდობლობასა და უთანხმოებებსაც შეიცავს. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა და საფრანგეთის ლიდერმა ჟაკ შირაკმა სამხედრო შეთანხმება გააფორმეს. ამას ხელი არ შეუშლია, ერაყის ომთან დაკავშირებით ერთმანეთი გაეკრიტიკებინათ. თუ ბლერი ამერიკის ერაყში შესვლას მხარს უჭერდა, შირაკი ეჭვქვეშ აყენებდა მათი საერთო ოპერაციის ლეგიტიმურობას. ორივე მხარე ერთმანეთს ორგულობაში დებს ბრალს. ბრიტანეთში ეჭვს გამოთქვამენ, რომ სადაზვერვო ინფორმაციის პარიზისთვის გაზიარების შემდეგ, შესაძლოა, საფრანგეთმა უარი თქვას მსგავსი მონაცემების გაცემაზე. ფრანგებს ბრიტანული გაზეთები მშიშრებად, პოლიტიკოსებს კი სიმტკიცემოკლებულებად განიხილავენ. მიზეზი ერაყის საკითხისგან თავის შორს დაჭერა და ავღანეთში ნაკლები ჯარისკაცის გაგზავნაა. 
 
თანამშრომლობისადმი სკეპტიკურად განწყობილნი ორივე ქვეყანაში არგუმენტად სუვერენიტეტისადმი მგრძნობიარე დამოკიდებულებასაც იშველიებენ. სწორედ ამიტომაც, ლიდერებმა ხელმოწერის შემდეგ აღნიშნეს, რომ სამხედრო ელემენტების გაერთიანება მათ სუვერენიტეტს საფრთხეს არ შეუქმნიდა. „საფრანგეთი და ბრიტანეთი ყოველთვის დარჩებიან სუვერენულ ქვეყნებად და შეიარაღებული ძალების გამოყენება დამოუკიდებლადაც შეეძლებათ”, – განაცხადა კამერონმა. 
 
ნაკლებად ოპტიმისტური მოსაზრებების მიუხედავად, ცხადია, რომ ეს ხელშეკრულება ლონდონ-პარიზის ურთიერთობებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ეს ქვეყნები გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, ყოველთვის ბუნებრივ მოკავშირეებად განიხილებოდნენ. ორივე ბირთვული ძალაა და სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით მსოფლიოში მესამე და მეოთხე ადგილს ინაწილებენ. სწორედ ერთი წლის წინ დაუბრუნდა საფრანგეთი NATO-ს სამხედრო სარდლობას, რომელსაც დე გოლის დროს საკუთარი ნებით გამოეთიშა. ახალმა რეალობებმა შესაძლოა, მათი ხედვები საკმაოდ დააახლოოს. საგულისხმოა, რომ მომავალი წლიდან საერთო სამხედრო ტრენინგებზე მათ ჯარისკაცებს ერთ ენაზე საუბარი მოუწევთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ ახალი ენის – ერთმანეთის ნდობის – სწავლა იქნება. 
 

კომენტარები