სატრანსპორტო აურზაური

1 ნოემბრიდან თბილისში არსებული 125 საავტობუსო ხაზიდან მხოლოდ 92 დარჩა, მათგან 35 – შეცვლილი მარშრუტით. ამის შესახებ დედაქალაქის მერიამ მოსახლეობას საკუთარი ვებგვერდის და ავტობუსებში გამოკრული განცხადებების საშუალებით ამცნო. ნაციონალურმა არხებმა ცვლილებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ მწირი ინფორმაცია გაავრცელეს. სწორედ ამიტომ, მგზავრთა დიდმა ნაწილმა, ცვლილებების შესახებ ავტობუსის გაჩერებაზე შეიტყო. 
 
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის თქმით, ეს ცვლილება მხოლოდ არარენტაბელურ მარშრუტებს შეეხო. 
 
ავტობუსების გრაფიკით უკმაყოფილებას მოქალაქეები ადრეც გამოთქვამდნენ. ხშირად ისეც ხდებოდა, რომ მოქალაქეს გაჩერებაზე ლოდინი დიდხანს უწევდა. ზემოხსენებული ცვლილება, არარენტაბელური ხაზების ხარჯზე, მოთხოვნადი მარშრუტების „გაძლიერებას” და ამ ნაკლის გამოსწორებას ისახავს მიზნად. როგორც ცნობილია, გაუქმებული ხაზის ავტობუსები, დიდი მოთხოვნის მქონე მარშრუტებს დაემატა. 
 
ავტობუსებში უბილეთო მგზავრობის აღმოსაფხვრელად, ერთი თვის წინ,  ბარათებით გადახდის სისტემა სავალდებულო გახდა.  პირველი თვის განმავლობაში ბარათები უფასოდ გაიცემოდა, ახლა კი მათი ღირებულება 2 ლარს შეადგენს. ამჟამად თბილისში 400 ათასი ასეთი ბარათია. გადახდის სისტემა მარტივია, პირველი მგზავრობა 40 თეთრი ღირს. ბარათის სულ რაღაც ორჯერ გამოყენების შემდეგ კი, საფასური 20 თეთრამდე მცირდება. 
 
თუმცა, თუკი ადრე ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლა ტრანსპორტის გამოუცვლელად იყო შესაძლებელი, მარშრუტების შეცვლის შემდეგ, ორი და ზოგჯერ სამი გადაჯდომაც კი გახდა  საჭირო. რაც დროის კარგვასთან ერთად, დამატებით ფინანსურ ხარჯთანაცაა დაკავშირებული. 
 
როგორც მერიაში აცხადებენ, იგეგმება დატვირთვის სხვა სახის ტრანსპორტზე გადანაწილება. არსებობს ტრამვაის აღდგენის პროექტი, რომელიც, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში ვერ განხორციელდება. მისი ღირებულება არც ისე ცოტაა და 400 მილიონ დოლარამდე აღწევს. ტრამვაის მოძრაობა მხოლოდ ცენტრალურ და ფართო ქუჩებზე იქნება შესაძლებელი, მანამდე კი აქცენტი კვლავ ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებზე კეთდება.
 
მომავალი წლიდან ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მგზავრთა ნაკადის სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას გეგმავს, რაც მარშრუტების ხარვეზების გამოსწორებას შეუწყობს ხელს. 

კომენტარები