მაუწყებლობის გამჭვირვალობის ორლესული მახვილი

ხელისუფლება მაუწყებლობის მფლობელობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას აპირებს. ინიციატივის შესახებ საგანგებო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით ბაქრაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს კანონპროექტის შესაქმნელად ორი კვირა მისცა.

„ინიციატივა ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას – ვინ არიან საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების მფლობელები და როგორ ხდება ამ საშუალებების დაფინანსება”, – ასე განმარტა დავით ბაქრაძემ სიახლის არსი. კანონპროექტით, რომლის ზუსტი შინაარსი ცნობილი ორ კვირაში გახდება, მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობის უფლება შეეზღუდებათ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს, ან – მოხდება მათი გასაჯაროება. 

დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ისედაც ფლობს ინფორმაციას მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების შესახებ. ლიცენზიის აღების დროს ყველა კომპანია კომისიას უმხელს კომპანიის 5%-ზე მეტი წილის მფლობელის ვინაობას. 

ახალი ინიციატივა უფრო შორს წასვლას გულისხმობს. პარლამენტი ოფშორულ კომპანიებს ან აუკრძალავს საშუალებების ფლობას, ან ოფშორული მფლობელების დამფუძნებელთა ვინაობის გამჟღავნებას მოითხოვს. 

ჯერჯერობით არ არის ნათელი, ექნება თუ არა მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობის უფლება საქართველოში დაფუძნებულ კომპანიას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ან დამფუძნებლის დამფუძნებელი ოფშორული კომპანიაა. არც ისაა ცნობილი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანიის აქციებს ბირჟაზე ოფშორული კომპანია შეიძენს ისე, რომ ამის შესახებ ლიცენზიის მფლობელს არც კი ეცოდინება. 

ოფშორული კომპანიებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობის აკრძალვა მედიის გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს. კომპანიის რეალური მფლობელი საკუთარი თავის იდენტიფიცირების ვალდებულებას მარტივად აუვლის გვერდს მაუწყებლობის ცრუმაგიერ პირზე გაფორმების გზით. 

ამის მაგალითები უახლეს წარსულში შეგვიძლია მოვიძიოთ – ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე ტელეიმედის მფლობელი დოკუმენტების მიხედვით ვინმე გოგი ჯაოშვილი იყო, ხოლო სკანდალური ოლიგარქი ოფიციალურ საბუთებში საერთოდ არ ფიგურირებდა. 

ან რას ეუბნება საზოგადოებას ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მაგალითად რეალტივის 100%-იანი წილის მფლობელი ვინმე ია პაიჭაძეა?

მაუწყებლობის ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გარეშე ლიცენზიის ფორმალურ მფლობელთა ლუსტრაცია სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმი კი ადვილად შეიძლება იქცეს სახელმწიფოს მიერ ტელევიზიის ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებად და გამოხატვის თავისუფლებაზე გამყინავი ეფექტი იქონიოს. 

ფინანსური კონტროლის კანონმდებლობა თანაბრად გავრცელდება როგორც პროსახელისუფლო, ისე ოპოზიციური განწყობის ტელეკომპანიებზეც. შესაბამისად, მაუწყებლობის გაუმჭვირვალობის შესახებ ჩივილები სწრაფადვე ჩანაცვლდება პოლიტიკური ზეწოლისა და კანონის დისკრიმინაციული აღსრულების თემაზე სპეკულაციებით. 

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სხვადასხვა ტიპის მედიისათვის განსხვავებული თამაშის წესები იარსებებს. გამჭვირვალობის ვალდებულება არ შეეხება ჟურნალ-გაზეთებს, წესით – არც საკაბელო ტელევიზიას და, მით უმეტეს – ინტერნეტ-მედიას, მათ შორის არც ინტერნეტ-ტელევიზიას და რადიოს. 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ინტერნეტით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს – 2010 წლის მაისში IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეთა უკვე 22%, ხოლო თბილისის – 41% კვირაში ერთხელ მაინც სარგებლობს ინტერნეტით. 1-ლარიანი კომპიუტერების სამთავრობო პროგრამისა და კერძო კომპანიების მიერ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების გაყვანის შედეგად მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვები კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდოს. ასეთივე ვითარებაა საკაბელო ტელევიზიების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც.

მართალია, ტელევიზია ჯერჯერობით ინფორმაციის მიღების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მონოპოლია მას დღესაც კი არა აქვს, ხოლო ახალი მედიის განვითარებასთან ერთად მისი დომინანტური პოზიციები სულ უფრო სუსტდება. შესაბამისად, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – როგორ გაჯანსაღდება ქართულ ჟურნალისტიკაში არსებული კლიმატი მედიის ერთი კონკრეტული სახეობისათვის – საეთერო მაუწყებლობისათვის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებით. 

ამერიკის უზენაესი მოსამართლე ლუის ბრანდეისი ამბობდა, რომ მზის სხივი საუკეთესო დეზინფექტორია, მაგრამ რა ჩაითვლება ინფექციად და რა – ჯანსაღ მოვლენად, შემფასებლის გემოვნებასა და ღირებულებებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, გამჭვირვალობის ობიექტებს ვერანაირი გარანტია ვერ ექნებათ, რომ მათი საქმიანობა საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს. 
უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად მედიის მესაკუთრეები და დამფინანსებლები იძულებული გახდებიან უფრო თავშეკავებულად იმოქმედონ. საკუთარი ვინაობის დეკლარირების ვალდებულებამ ბევრი შეიძლება დააბრკოლოს საზოგადოებრივ დისკუსიაში ან პოლიტიკურ პროცესში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობისაგან.

ნებსით თუ უნებლიეთ, გამჭვირვალობა თვითცენზურის მიზეზი გახდება. ზოგიერთმა შეიძლება არ მოინდომოს ისეთ მედიასთან ღიად ასოცირება, რომელიც არაპოპულარული პოზიციების დაკავებას და ძლიერთა ამა ქვეყნისათა განაწყენებას არ ერიდება. 
გამორიცხული არაა, რომ გამჭვირვალობის ახალი რეჟიმის პირობებში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, ზოგიერთმა ქართული მაუწყებლობის ფინანსურ მხარდაჭერაზე ხელი საერთოდ აიღოს. ეს თავისუფალ მედიაბაზარზე არსებულ ისედაც მწირ შემოსავლებს კიდევ უფრო შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული დემოკრატიის გარიჟრაჟზე, რესპუბლიკის პირველ წლებში ანონიმური მედიამოღვაწეობა საკმაოდ მიღებული და გავრცელებული გახლდათ. მაგალითად, ცნობილი The Federalist Papers ალექსანდრ ჰემილტონმა, ჯეიმს მედისონმა და ჯონ ჯეიმ პუბლიუსის ფსევდონიმით გამოაქვეყნეს. კატონის, ფედერალისტი ფერმერის, ბრუტუსის, სენტინელის და კანდიდის ფსევდონიმებს იყენებდნენ ფედერალური კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები რიჩარდ ჰენრი ლი, სემუელ ადამსი და სემუელ ბრაიანი. გაზეთები, სადაც ეს პოლემიკა მიმდინარეობდა, ანონიმური დამფინანსებლების ხელშეწყობით გამოიცემოდა. 

ანონიმურობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის კავშირი კარგად დაინახა ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, როცა ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა 1950 წელს ალაბამას შტატის მცდელობა, ეიძულებინა ფერადკანიანი ხალხის განვითარების ნაციონალური ასოციაცია, საჯარო გაეხადა მისი წევრების ვინაობა. 

მესაკუთრეებზე განსაკუთრებული აქცენტი დამახასიათებელია იმ პოლიტიკური კულტურისათვის, სადაც უფრო მნიშვნელოვანია არა ის – თუ რას წერ, არამედ – ვინ წერს. აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ ლენინის თეორია ლიტერატურის პარტიულობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მთავარია არა თავად ტექსტის მხატვრული ღირებულება, არამედ მისი ავტორის კლასობრივი პოზიცია. 

ცხადია, ცივილური დისკუსიის ხარისხის დაკნინებას მხოლოდ მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა ვინაობის სავალდებულო დეკლარირებას ვერ მივაწერთ. მაგრამ კანონები, რომლებიც საზოგადოების მიერ იდეებისა და არგუმენტების აღქმისას ცენტრალურ მნიშვნელობას სპიკერის ვინაობას ანიჭებს, ნებსით თუ უნებლიეთ კვებავს ისეთ საზოგადოებრივ კლიმატს, სადაც ჩვეულებრივი მოვლენაა პერსონალური შეურაცხყოფები, მიკერძოებული შეფასებები, ღვარძლიანი დებატები. 

მაუწყებლობის მესაკუთრეების მეტი გამჭვირვალობის ირგვლივ საერთო აღფრთოვანების პირობებში ურიგო არ იქნება იმის გახსენება, რომ ჯოჯოხეთისკენ მავალი გზა კეთილი სურვილებითაა გაკვალული. ადვილი შესაძლებელია, რომ მეტი დემოკრატიისთვის ბრძოლა, ზეწოლისა და კონტროლის დამატებითი ბერკეტების შექმნით დასრულდეს.

 ამის მაგალითები საქართველოს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ისტორიაში საკმაოდაა. მაგალითად საკონსტიტუციო რეფორმაც კმარა – ოპოზიცია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აქტიურად ითხოვდა საპარლამენტო მოდელზე გადასვლას, ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ მმართველი პარტიის მიერ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაზე ალაპარაკდა
 

კომენტარები